საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-855(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ზ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. ზ-იმა 2020 წლის 27 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ, ამავე გამგეობის 2020 წლის 31 ივლისის №30.01202132 ბრძანების (რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის ... ზ. ზ-ი ჩაითვალა თანამდებობიდან განთავისუფლებულად ... წლის 18 თებერვლიდან) ბათილად ცნობის, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 31 ივლისის №30.01202132 ბრძანება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის ... ზ. ზ-ი ჩაითვალა თანამდებობიდან განთავისუფლებულად ... წლის 18 თებერვლიდან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა ზ. ზ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის ...ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე, მოპასუხეს დაევალა ზ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - ... წლის 18 თებერვლიდან, მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2021 წლის 11 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით შუმადგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მხოლოდ ზ. ზ-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გასაჩივრებული განჩინების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 31 ივლისის №30.01202132 ბრძანება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის ... ზ. ზ-ი ჩაითვალა თანამდებობიდან განთავისუფლებულად ... წლის 18 თებერვლიდან; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა ზ. ზ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის ...ს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს ასევე დაევალა ზ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - ... წლის 18 თებერვლიდან, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დღემდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 22 ივლისის დასკვნის შესაბამისად, ზ. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ვაკის რაიონის სამხედრო განყოფილების შემოწმების პროცესში. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი გახდა ვაკის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული სადავო ბრძანების საფუძველი. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩაატარა სრულყოფილი წარმოება, რომელშიც უშუალოდ იქნა ჩართული, როგორც მოსარჩელე მხარე, ასევე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო - სამობილიზაციო სამსახური, რომელიც ახორციელებდა სამხედრო განყოფილების საქმიანობის შესწავლას.
კასატორი მიუთითებს, რომ არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების იმ განმარტებებს, რომ მოპასუხე მხარეს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან. კასატორი თვლის, რომ სასამართლოებს სრულყოფილად არ შეუფასებიათ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი. სახდელის ზომის გამოყენება მოხდა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მოსარჩელე, მის მიერ დაკავებულ საპასუხისმგებლო თანამდებობას და შესაბამის პასუხისმგებლობას ვერ უძღვებოდა სათანადოდ, ვერ ახორციელებდა განყოფილების ჯეროვან მართვას, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა განყოფილების ძირითად ამოცანათა და ფუნქციათა სათანადო შესრულება. განყოფილების საქმიანობაში არსებულ დარღვევებსა და გადაცდომებს ჰქონდათ სისტემატური ხასიათი, რაც პირდაპირ ზიანს აყენებდა საჯარო ინტერესებს. კასატორის მოსაზრებით, გამოვლენილი დარღვევები იყო უხეში ხასიათის, ვინაიდან თითოეული დარღვევა იყო სისტემური და არ ეხებოდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევას. კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს ასევე, რომ ადგილი ჰქონდა განყოფილების არა მთლიან, არამედ შერჩევით შემოწმებას. მიუხედავად ამისა, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სერიოზული, არაერთჯერადი, მრავალმხრივი დარღვევები. სწორედ ასეთი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობის პირობებში იქნა გამოყენებული მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელი გათავისუფლების სახით, რის გამოც ზ. ზ-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევა და მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი თანაზომიერია.
კასატორი, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ზ. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, დისციპლინური სახდელის თანაზომიერების პრინციპის დაუცველობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა და კანონმდებლობით მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9); „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „...“ და „ა..“ (ყოფილი „თ..“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, სრულად, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება, პირველ ყოვლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესწავლას უკავშირდება.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის ... წლის 16 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის ... წლის 18 თებერვლის №29 ბრძანებით ზ. ზ-ის დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობა გახდა ზ. ზ-ის მიერ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის არასწორად წარმოება, სამხედრო ვალდებულთა მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლისას სამხედრო სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაიონისათვის გადაგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობა, არ მოხდა იმ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის, ასევე, განყოფილების მიერ 2015 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის პერიოდში კანონით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი 16 მოქალაქის მიმართ არ განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები, განყოფილების მიერ არასწორი ფორმით წარმოებდა სამხედრო სააღრიცხვო მოწმობათა გაცემა და განყოფილების უფროსმა, მოქალაქე - ლ. ი-იზე ...ის დროებითი მოწმობის გაცემისას დაუშვა შეცდომა, როდესაც ბილეთში „რიგითის“ წოდების ნაცვლად მიუთითა „წოდების გარეშე“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის №29 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის (საქმე №3ბ/2060-18) განჩინებით დასახელებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის (საქმე №1468(კ-18)) განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
დასახელებული სამართალწარმოებისას სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ ზ. ზ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდებისას, შესაფასებელი იყო სახდელის შესაბამისობა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან, იმის გათვალისწინებით, დათხოვნის საფუძვლად ქცეული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რამდენად ქმნიდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, რა სახის ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირს აღნიშნული ქმედების შედეგად.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოცემული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზ. ზ-ი კვლავ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც მიუთითებდა თავდაპირველი სამართალწარმოებისას, ასევე, დამატებით აღნიშნა, რომ განყოფილების საქმიანობაში არსებულ დარღვევებსა და გადაცდომებს ჰქონდა სისტემური ხასიათი, იყო არაერთგზისი, რის გამოც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 31 ივლისის №30.01202132 ბრძანებით, ვაკის რაიონის გამგეობის ... - ზ. ზ-ი ჩაითვალა თანამდებობიდან განთავისუფლებულად ... წლის 18 თებერვლიდან. საქალაქო სასამართლომ კი, მეორე სამართალწარმოების ფარგლებში, მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, არ იყო დასაბუთებული რა ფორმით შეილახა ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაცია და რა ზიანი მიადგა მას ან სხვა პირებს.
საკასაციო სასამართლო გადაცდომებთან მიმართებით მიუთითებს დადასტურებულ გარემოებებზე: კერძოდ, სიის არასწორი ფორმით წარმოებასთან დაკავშირებით, დასტურდება, რომ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის შედგენა ხორციელდებოდა 1 იანვრიდან 1 მაისამდე პერიოდში და შესაბამისად, მისი გათავისუფლების დროისათვის (... წელი), მოლოდინის რეჟიმის გათვალისწინებით, არ იყო დასრულებული სიის შედგენა და ვერ იქნებოდა სია ხელმოწერილი და სათანადო ბეჭდით დამოწმებული; ოთხი მოქალაქის შემთხვევაში, რომლებმაც შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი, ვაკის რაიონის გამგეობის უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა/სამხედრო განყოფილებამ, არ გადააგზავნა სამხედრო სააღრიცხვო ბარათები სხვა რაიონის სტრუქტურულ ერთეულებში - ა. ე-ითან, ვ. კ-ასა და დ. კ-ესთან მიმართებით, არ დასტურდება ზ. ზ-ის გადაცდომა, ხოლო ლ. ჯ-ესთან მიმართებით კი დასტურდება - არ მომხდარა მისი სააღრიცხვო ბარათის გადაგზავნა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია მოსარჩელესთან მიმართებით გასაზიარებელია მხოლოდ ჯ-ეის ნაწილში; სამხედრო აღრიცხვიდან არ იქნა მოხსნილი 5 მოქალაქე, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით იხდიდნენ სასჯელს შესაბამის დაწესებულებებში - დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია არა ინდივიდუალურად, სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის (მოსარჩელე) ზ. ზ-ის, არამედ კოლეგიური ორგანოს მიერ, კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, კომისიის მდივნის და წევრების მონაწილეობით, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერებით და ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდით; 2015 წლის საგაზაფხულო - საშემოდგომო გაწვევის პროცესში 16 მოქალაქის მიმართ არ გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები. კერძოდ, არ ჩაბარდათ უწყებები და მათ მიმართ კანონმდებლობით დადგენილი შემდგომი პროცედურები არ განხორციელებულა. არ იყვნენ გადაყვანილი ჯანმრთელობის დამდგენ ცენტრალურ საექსპერტო - სამედიცინო კომისიაზე, არ გადასცეს სასამართლოს დოკუმენტაცია მათ მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების თაობაზე, ხოლო რაიონულ გამწვევ კომისიას არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება - აღნიშნული დარღვევით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ რაიმე ზიანის დადგომა; რაც შეეხება ლ. ი-იის სამხედრო ბილეთში დაშვებულ შეცდომას - ზ. ზ-ი განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ იყო წოდების გაცემის ბრძანეის ასლი, რის გამოც სამხედრო განყოფილება მოკლებული იყო შესაძლებლობას, ლ. ი-იისთვის ჩაეწერა წოდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის გარეშე.
საკასაციო სასამართლო, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათავალისწინებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის კანონიერების შეფასებისას, მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა და რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია მითითებული კანონის 99-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცული ორგანოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოქმედებით ზიანი მიადგა მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო პოლიტიკას და ძირითად პრინციპებს, ვინაიდან, სწორედ ხარისხიანი, სწორი და ზუსტი სააღრიცხვო სია წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის ხარისხიანად ჩატარების საფუძველს. ამ ძირითადი პრინციპის დარღვევა იწვევს მოქალაქეთა უნდობლობას და სრულად მთელი ამ პროცესის, როგორც მერიის ერთ-ერთი ფუნქციის დისკრედიტაციას, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი მხარეთა პოზიციებისა და საქმეზე დადასტურებული მტკიცებულებათა შეფასებით, საკასაციო პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის/გადაცდომების სიმძიმესთან. უფრო მეტიც, დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეულ ქმედებათაგან უმრავლესი მათგანი არ დადასტურდა, ზოგიერთი კი ჩადენილია არა ზ. ზ-ის, არამედ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და დადასტურებული თუ რა ფორმით შეილახა ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაცია ან სხვა ინტერესები მოსარჩელე ზ. ზ-ის დისციპლინური გადაცდომით/ებით, რა ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირებს. რაც შეეხება კასატორის იმ მოსაზრებას, რომ ზ. ზ-ის მხრიდან, სისტემატურად ჰქონდა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით განმარტავს, რომ სხვადასხვა დროს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომას ინდივიდუალურად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და ინდივიდუალურად უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და იმ პირობებში, როდესაც ადრე ჩადენილი ქმედებისათვის პირს არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასეთი ქმედება არ შეიძლება სხვა დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის განმაპირობებელ გარემოებად იქნეს გამოყენებული.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 27 თებერვლის №14/2686 რეკომენდაციაზე, რომელშიც მითითებულია: მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაიონების სამხედრო განყოფილებების შემოწმების შედეგად გამოვლინდა ზ. ზ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომის ანალოგიური გადაცდომები და ზოგან ასევე დაემატა სხვა გადაცდომები, კომისია შემოიფარგლა მხოლოდ „გაფრთხილებით“, ხოლო ზ. ზ-ის მიმართ სახდელის ზომად გამოყენებული იქნა სამსახურიდან დათხოვნა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიემართა თბილისის მერს, შესწავლილიყო ზემოაღნიშნული საკითხი თუ რამდენად პროპორციული და სამართლიანი იყო ამ პირობებში ზ. ზ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.
განსახილველ შემთხვევაში კი, ზ. ზ-ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების შემადგენლობისა და შედეგების, მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციების, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უკანონოდ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული, რაც დავის მეორედ წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ერთხელ უკვე შეუსრულებლობის პირობებში, ქმნიდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს.
რაც შეეხება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის სამართლებრივ შედეგებს, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. დადგენილია, რომ ვაკის რაიონის გამგეობაში მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ...ს თანამდებობა ვაკანტური არ არის. მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული თანამდებობა დაკავებულია კონკურის წესით 2018 წლის 18 ივნისიდან. ამდენად, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე, ადგენს, რომ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას, ასევე უნდა დაევალოს ზ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - ... წლის 18 თებერვლიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის გაუქმების წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა ზ. ზ-ის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე