Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-903(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი.ბ-მა 2019 წლის 18 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და იმავე სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის ოჯახის დეკლარაციისა და მის საფუძველზე ი.ბ-ის ოჯახისთვის 60990 სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, 2015 წლის 26 ოქტომბრის ოჯახის დეკლარაციისა და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის - 107470 მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, 2016 წლის 26 იანვრის ოჯახის დეკლარაციისა და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის - 73980 მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, „ი.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №04/52847 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ი.ბ-ის სასარგებლოდ 2014 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე და 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 18 მარტის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე ი.ბ-ის ოჯახისთვის 60990 სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, 2015 წლის 26 ოქტომბრის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის - 107470 მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, 2016 წლის 26 იანვრის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის - 73980 მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, „ი.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №04/52847 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება 2014 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე და 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ი.ბ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა რამდენჯერმე. კერძოდ, 2009 წლის 18 მარტს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 192700 ერთეული; 2012 წლის 5 მარტს - 147650 ერთეული; 2013 წლის 14 აგვისტოს - 81930 ერთეული; 2014 წლის 16 იანვარს - 58370 ერთეული; 2014 წლის 18 მარტს - 16920 ერთეული; 2014 წლის 16 აგვისტოს - 17210 ერთეული; 2015 წლის 26 ოქტომბერს - 107470 ერთეული; 2016 წლის 25 იანვარს - 73980 ერთეული. ბოლო შემოწმებისას ოჯახი გადამოწმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წლის 25 დეკემბრის 10/86977 განცხადების საფუძველზე, დეკლარირებული ინფორმაცია კი, დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, სოციალური აგენტის მიერ სწორად არის დაფიქსირებული გამგეობის მიერ გადახდილი ბინის ქირის საფასური 200 ლარი (დღეის მდგომარეობით გამგეობის მიერ ჩარიცხული თანხა უნდა დაფიქსირდეს „ოჯახის დეკლარაციის“ 63 გრაფის (პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)) მე-11გრაფაში („სხვა სოციალური დახმარება“). დეკლარაციაში ვერ დაფიქსირდა გ.მ-ის ფორმა 100/ა, ვინაიდან სრულყოფილად არ იყო მითითებული დიაგნოზი. ამასთან, გ.მ-ს არცერთ დეკლარაციაში არ უფიქსირდებოდა სიცოცხლისათვის საშიში დაავადება.

კასატორი მიუთითებს, რომ სააგენტოში 2019 წლის 3 ოქტომბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან ი.ბ-თან ერთად განხორციელდა 2014-2015 წლებში შევსებულ დეკლარაციებში ასახული თითოეული მონაცემების ერთობლივად განხილვა, რა დროსაც დადასტურდა, რომ აღნიშნულ დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემები, რომელიც მიწოდებულია ი.ბ-ის მიერ და დადასტურებულია მისივე ხელმოწერით, შესაბამისად ვერ დადასტურდა თუნდაც ერთი მონაცემის დეკლარაციაში არასწორად ასახვის ფაქტი და მოსარჩელეს განემარტა, რომ 2014-2015 წლებში შევსებული ოჯახის დეკლარაცია და მათ საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო მაღალი ქულების გამო, წინა პერიოდის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა. რაც შეეხება საარსებო შემწეობას, მის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, რამდენადაც ზემოაღნიშნული ოჯახის სარეიტინგო ქულა სადავო პერიოდებში აღემატებოდა ზღვრულ ქულას.

კასატორი დამატებით მიუთითებს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2019 წლის 1 ოქტომბრის წერილობით ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ი.ბ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა 2019 წლის 30 სექტემბერს, სარეიტინგო ქულა ძალაში შევა დეკლარაციის შევსებიდან 30-ე დღეს, სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, მიიღება გადაწყვეტილება ოჯახისათვის ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის თაობაზე.

კასატორი, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2014 წლის 18 მარტის, 2015 წლის 26 ოქტომბრის, 2016 წლის 26 იანვრის ოჯახის დეკლარაციების შევსებისა და მათ შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე, გარდა ამისა, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა, რაც ფულად სოციალურ დახმარებას წარმოადგენს და განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად; ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ.

სარეიტინგო ქულის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი. იმავე „წესის“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „B3“ პუნქტში - ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“; ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია: ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობით (I50) (III – IV ფუნქციური კლასი „NYHA“) ან სტაბილური სტენოკარდიით (I20.8) (III – IV ფუნქციური კლასი „CCS“); ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია); გ) თუ ოჯახის წევრს შეესაბამება ორი ან მეტი კატეგორია, შემოიხაზება ყველა შესაბამისი კატეგორიის კოდი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნეს ასახული კომუნალურ გადასახდელებზე გაწეული ხარჯი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი.ბ-ის ოჯახი 2009 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. 2014 წლის 18 მარტს ი.ბ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმების შედეგად შეივსო ოჯახის დეკლარაცია და 2014 წლის აპრილში მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 60990 ერთეულით, რის გამოც აპრილიდან შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. 2014 წლის 11 ივლისს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამატებით შეფასდა, შეივსო შესაბამისი ოქმი, შესწორდა მინიჭებული ქულა და მის ოჯახს მიენიჭა 16920 ქულა. ამასთან, მოსარჩელე ი.ბ-ის ოჯახს აღუდგა საარსებო შემწეობის მიღება 2014 წლის ოქტომბრიდან. 2014 წლის აპრილიდან, 2014 წლის ოქტომბრამდე მიუღებელი საარსებო შემწეობა მოსარჩელე ი.ბ-ს არ აუნაზღაურდა.

საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ 2015 წლის 26 ოქტომბერს ი.ბ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმების შედეგად, შეივსო ოჯახის დეკლარაცია და 2015 წლის 25 ნოემბერს მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 107470 ერთეულით, რის გამოც ნოემბრიდან შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების შედეგად, შესწორდა მინიჭებული ქულა და განისაზღვრა 73980 ერთეულით. ამასთან, 2015 წლის 26 ოქტომბრის ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე ი.ბ-ის ოჯახის კომუნალური ხარჯები გასული 12 თვის განმავლობაში შეადგენდა 363 ლარს.

2016 წლის 26 იანვარს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, კვლავ გადამოწმდა ი.ბ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც, 2016 წლის თებერვალში მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 73980 ერთეულით. შესაბამისად, მას არ აღუდგა საარსებო შემწეობის მიღება. ამასთან, 2016 წლის 26 იანვრის ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე ი.ბ-ის ოჯახის კომუნალური ხარჯები გასული 12 თვის განმავლობაში შეადგენდა 277 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციები და მათ საფუძველზე მინიჭებული ქულების სიმცდარე, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა ი.ბ-მა, სწორედ, ოჯახის დეკლარაციებში დაშვებული ფაქტობრივი უზუსტობის გამო და მიუთითებდა, რომ მას აღნიშნული ოდენობით კომუნალური გადასახდელი არ გადაუხდია, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა განხილული იმ მოტივით, რომ გასული იყო მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

ამდენად, საკასასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ყველა ის ობიექტური მონაცემი და ინფორმაცია, რაც აისახა სადავო დეკლარაციებში. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომდგენლის მიერ ი.ბ-ის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა არაერთი შემოწმება და ოჯახის არსებითად უცვლელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში სხვადასხვა დროს შედგენილ დეკლარაციებში დაფიქსირდა ურთიერთშეუსაბამო ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა დეკლარაციაში მითითებული კომუნალური ხარჯების თაობაზე ინფორმაცია, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება (კომუნალური ხარჯების გადახდის ქვითრები), რომელიც მოსარჩელე ი.ბ-ის მიერ აღნიშნული კომუნალური ხარჯების ოდენობებს დაადასტურებდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოჯახის დეკლარაციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენა, კერძოდ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითება, რის შედეგადაც ი.ბ-ს გარკვეულ პერიოდებში შეუწყდა საარსებო შემწეობა და მიადგა ზიანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნის წინაპირობას.

რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 2014 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე და 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის გაცემის დავალებას, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სადავო აქტების კანონშეუსაბამობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი საარსებო შემწეობის მიუღებლობა, აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და ი.ბ-ს უნდა აუნაზღაურდეს მითითებულ პერიოდებში მიუღებელი საარსებო შემწეობა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე