Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-960(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.რ-კ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.რ-მა 2018 წლის 22 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №..., გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №..., გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ა.რ-ი არის ...ის მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარე სტუდენტი და სწავლების დამთავრების სავარაუდო თარიღია 2023 წელი. ამასთან, ცნობილია, რომ 2017 წლის 24 ნოემბრის №..., გადაწყვეტილების საფუძველზე ა.რ-ი ერთხელ უკვე ფლობდა სასწავლო ბინადრობის ნებართვას 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2018 წლის 27 ნოემბრამდე.

ა.რ-მა 2018 წლის 11 ოქტომბეს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №..., გადაწყვეტილებით კი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა ა.რ-ს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ა.რ-ისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, ხოლო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წამოადგენს. ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაეყრდნო კომპეტენტური ორგანოს დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ შეასრულა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა და შესაბამისი ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ა.რ-მა 2018 წლის 11 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №1000633327 გადაწყვეტილებით ა.რ-ს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვებუნქტების საფუძველზე, უარი უთხრა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის შემოწმება პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წის 9 ნოემბრის SSG 0 18 00175939 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ 2022 წლის 13 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო, მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საკასაციო პალატა იზიარება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წის 9 ნოემბრის SSG 0 18 00175939 წერილის არსებობის პირობებში, შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2022 წლის 13 იანვრის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად თვლის, რომ მოსარჩელისათვის სასაწავლო ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოსარჩელეზე გაცემული იყო სასწავლო ბინადრობის მოწმობა,. მართალია, აღნიშნული გარემოებები არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, აგრეთვე არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს არ დაუსაბუთებია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიუხედავად, სასწავლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 2 აპრილს №05284 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე