Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1107(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ხ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ხ-ამ 2019 წლის 16 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №04-48089 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე, მისი ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის ბათილად იქნა ცნობილი „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №04-48089 წერილობითი მიმართვა და ამავე სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვ. ხ-ას ოჯახთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებუო იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №04-48089 წერილობითი მიმართვა; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, თუ დევნილი ოჯახი ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული. საკასაციო საჩივრის თნახმად, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2013 წლის 30 სექტემბრის №72087 განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრიდან არის ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №...-ში რეგისტრირებული. მართალია, თავდაპირველად მოსარჩელემ 2013 წლის 10 აპრილს მიმართა სამინისტროს განცხადებით და ქალაქ თბილისში, ...ის №...-ში დარეგისტრირება ან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა, თუმცა მითითებულ მისამართზე რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, რადგან ფართის მესაკუთრე ახორციელებდა დევნილთა ობიექტიდან გამოსახლებას და არ იყო თანახმა იქ დევნილები დაერეგისტრირებინა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ვ. ხ-ას დევნილი ოჯახისთვის, ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივისამდე დაურეგისტრირებლობის საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის 21-ე პუნქტი, რომელიც ადგენს დევნილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სამინისტროსთვის ერთი თვის ვადაში შეტყობინების ვალდებულებას. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების წინაპირობა, რასაც დევნილი ოჯახების ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციის მიღებისას კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი. აქედან გამომდინარე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ისინი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არიან დაკავშირებულნი.

ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც მოითხოვს ქალაქ თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფას, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნინულ პირობებს, ერთი მხრივ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისს ადმინისტრაციულ ორგანოს, მეორე მხრივ, რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო არ განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვ. ხ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და აფხაზეთის დატოვების შემდეგ ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იყო რეგისტრირებული. ვ. ხ-ამ 2013 წლის 10 აპრილს განცხადებით მიმართა სამინისტროს და ითხოვა ქალაქ თბილისში რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ იგი ფაქტობრივად, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ თბილისში. მიუხედავა ამისა, ვლადიმერ ხულწელიას ოჯახის ქალაქ თბილისში რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წლის 31 ოქტომბერს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2013 წლის 10 აპრილის განცხადება უტყუარად ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან სამინისტროსთვის მიმართვიანობას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების“ მიხედვით, დასტურდება 2013 წლის 10 აპრილს მოსარჩელე ვ. ხ-ას ოჯახის ქალაქ თბილისში, ... ...ის №...-ში ცხოვრობის ფაქტი.

ამდენად, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელეთა ქალაქ თბილისში ცხოვრებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის რეგისტრაციის მოთხოვნით 2013 წლის 1 ივნისამდე მიმართვის, ასევე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაურეგისტრირებლობის ფაქტი, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა შესაბამისი მონაცემების მითითებულ ვადაში ასახვა, გრძელვადიანი საცხოვრებლით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფაზე უარი იმ მოტივით, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული არ იყო ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. დასახელებული გარემოებები კი, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე