საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1319(კ-20) 17 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ე. ჩ-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 16 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე. ჩ-ას მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 771.62 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ე. ჩ-ას შორის 2018 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული №38 შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე დასაქმებული იყო იმავე სამინისტროს ...ში, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიმართულებით საქმიანობის წარმართვის მიზნით. ე. ჩ-ას სამინისტროს ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით. თანხის ანაზღაურება განხორციელდა წინასწარ 2019 წლის 1 მარტს, ხოლო აპრილის თვის დარჩენილი დღეების ანაზღაურება განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს ხელფასის სახით.
მოსარჩელის მითითებით, ე. ჩ-ას 2019 წლის 3 აპრილიდან თავისივე განცხადების საფუძველზე დროზე ადრე შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ამასთანავე, სამინისტროს ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსის 2019 წლის 24 მაისის ბრძანების შესაბამისად, ცვლილება შევიდა „ე. ჩ-ას შვებულების შესახებ“ ბრძანებაში და შვებულების პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით. ამდენად, ე. ჩ-ასთვის ზედმეტად ანაზღაურებულმა და ბიუჯეტში დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 771.62 ლარი (ხელზე ასაღები), რის თაობაზეც ეცნობა როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, თუმცა მის მიერ თანხის დაბრუნება არ განხორციელებულა.
დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ე. ჩ-ასთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ე. ჩ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ 771,62 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 8 თებერვლის MES 1 19 00138604 ბრძანების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ე. ჩ-ას მიეცა 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით (24 სამუშაო დღე). მასვე მიეცა 2019 წლის მარტისა და აპრილის თვის ხელფასი.
2. 2019 წლის 2 აპრილს ე. ჩ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და 2019 წლის 3 აპრილიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის MES 2 19 00637250 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 08 თებერვლის MES 1 19 00138604 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიეცეს 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება ე. ჩ-ას - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით (17 სამუშაო დღე).
4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 9 დეკემბერს წერილობით მიმართა ე. ჩ-ას და აცნობა, რომ 2019 წლის 8 თებერვლის MES 1 19 00138604 ბრძანებით განესაზღვრა ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით (24 სამუშაო დღე) და აუნაზღაურდა წინასწარ 2019 წლის მარტის, ხოლო აპრილის თვის დარჩენილი დღეების (13 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - სამუშაო დღე) ანაზღაურება განხორციელდა ხელფასის სახით 2019 წლის 19 აპრილს. 2019 წლის 21 მაისის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ გიორგაძის №368/კ ბრძანებით, ე. ჩ-ას 2019 წლის 3 აპრილიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2019 წლის 24 მაისის №637250 ბრძანებით ცვლილება შევიდა №138604 შვებულების ბრძანებაში და შვებულების პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, რა დროსაც საშვებულებო თანხები სამინისტროს მიერ უკვე ანაზღაურებული იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 3 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ზედმეტად ანაზღაურებული და ბიუჯეტში დასაბრუნებელი ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 771.62 ლარს (დარიცხული თანხა შეადგენს 984.21 ლარი, საშემოსავლო გადასახადი -192.91 ლარი), რაც სიტყვიერად ეცნობა ე. ჩ-ას და ეთხოვა, არაუგვიანეს 2019 წლის 26 დეკემბრისა, უზრუნველეყო თანხის ბიუჯეტში დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მითითებული ნორმის შესაბამისად, განმარტებულია, როგორც - პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ ე. ჩ-ა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობისათვის მონაწილეთა შორის ხელშეკრულების აუცილებლობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ჩ-ას უსაფუძვლოდ ჰქონდა მიღებული თანხა, რომლის ოდენობამ შეადგინა 771,62 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ე. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-6, 119-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ განსჯადობის წესებზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვისას უნდა განესაზღვრა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ბუნება, მისი შინაარსი, მოსარჩელეზე დაკისრებული ფუნქციური მოვალეობა, რის შემდეგაც უნდა დაედგინა საქმის განხილვის წარმართვა ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების ნორმების გამოყენებით, ხოლო ამ უკანასკნელ შემთხვევაში უნდა გადაეწყვიტა დავის განსჯადობით სამოქალაქო კოლეგიაზე დაქვემდებარების საკითხი. დავის არსებითად განხილვის შემთხვევაში კი, შეფასება მიეცა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისთვის, ასევე საშვებულებო თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისას ეხელმძღვანელა „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციით და ამ მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (იხ.სუსგ საქმე №ბს-1162(კ-18), 21 მაისი, 2020 წელი).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ამ კანონის გავრცელების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი, მე-7 და მე-9 პუნქტები, 51-ე, 55-ე, 56-ე მუხლები, 57-ე მუხლის პირველი პუნქტი, 58-ე, მე-60, 62-ე, 64-ე, 66-ე, 68-ე და 70-76-ე მუხლები, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი და X თავი. დასახელებული ნორმებით განმტკიცებულია შრომის ანაზღაურების, მათ შორის, მოხელის შვებულების ანაზრაურებასთან დაკავშირებული საკითხები.
კასატორის მითითებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმები გამოიყენება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ სადავო საკითხი მიჩნეულ იქნეს ადმინისტაციული კანონმდებლობიდან წარმოშობილი დავად. ამრიგად, კასატორი, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ე. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე. ჩ-ას მიერ უსაფუძვლოდ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და საშვებულებო თანხის - 771.62 ლარის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უკან დაბრუნების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ე. ჩ-ას მიეცა 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით (24 სამუშაო დღე). მას ასევე მიეცა თანამდებობრივი სარგო 2019 წლის მარტისა და აპრილის თვის საშვებულებო ხელფასი, თუმცა საკუთარი განცხადების საფუძველზე ე. ჩ-ას ვადაზე ადრე შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2019 წლის 3 აპრილიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. ამის შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის MES 2 19 00637250 ბრძანებით ცვლილება შევიდა შვებულების ბრძანებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მიეცეს 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება ე. ჩ-ას - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით (17 სამუშაო დღე).
ასევე, დადგენილია, რომ ე. ჩ-ასთვის მარტისა და აპრილის თვეების სახელფასო და საშვებულებო თანხა სამინისტროს მიერ ანაზღაურდა, რის გამოც 2019 წლის 3 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ე. ჩ-ასათვის ზედმეტად ანაზღაურებულმა და ბიუჯეტში დასაბრუნებელმა ხელზე ასაღებმა თანხამ შეადგინა 771.62 ლარი (დარიცხული თანხა შეადგენდა 984.21 ლარს, საშემოსავლო გადასახადი - 192.91 ლარი), რაც ეცნობა ე. ჩ-ას და ეთხოვა, არაუგვიანეს 2019 წლის 26 დეკემბრისა უზრუნველეყო თანხის ბიუჯეტში დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ე. ჩ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ 771,62 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით კი, ე. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას არ ეთანხმება, იმ მოტივით, რომ მართებულად მიაჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება და სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს საქმის გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ამასთან, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა, ვინაიდან იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ბუნების გარკვევა წარმოადგენდა, კერძოდ, მითითებული ხელშეკრულება გამომდინარეობდა ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო კანონმდებლობიდან, გარდა ამისა, დავის არსებითად განხილვის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიუთითებდა, შეფასება მიეცა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისთვის, ასევე საშვებულებო თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას ეხელმძღვანელა კონკრეტული კონვენციითა და ამ მიმართებით გამოყენებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული საკითხების გამოკვლევა და შეფასება სააპელაციო სასამართლოს თავადვე შეუძლია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, საკასაციო სასამართლო მოცემულ ეტაპზე არ აფასებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე წარმოდგენილ პრეტენზიებზე საქმის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372, 385-ე, 394-ე და 412-ე მუხლებით
დაადგინა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე