№ბს-615(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 21 მარტს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „...ს“ მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...სათვის“ 2017 წლის ივლისი-აგვისტოს თვეების მომსახურების ანაზღაურების - 5300 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს, შპს „...სა“ (შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა №1/4481 ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფდა დამკვეთის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტის დაცვას, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...სა და ...ს ქუჩებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ...ის ხიდს შორის. დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 2 650 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან ფორს-მაჟორული შემთხვევის დროს, რომლის დროსაც შეუძლებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულება და რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ (ხელშეკრულების მე-6 მუხლი).
2018 წლის 14 მარტის თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის №0010854141 დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ 2017 წლის 2 ივლისს ქ. თბილისში, ...სა და ...ს ქუჩებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ...ის ხიდს შორის არსებულ ობიექტებში ე.წ. „სექტორებში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს „...ს“ მიადგა მატერიალური ზარალი, რის გამოც იგი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
2017 წლის 20 სექტემბერს გ. ტ-ისა (როგორც მეიჯარემ) და შპს „...ს“ (მოიჯარე) შორის დადებული იქნა შეთახმება, რომლითაც დასტურდება, შპს „...ს“ აღდგენილ და საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში გადასცა ხანძრის შედეგად განადგურებული საიჯარო ქონება. მოიჯარე ადასტურებს, რომ ქონება შეესაბამება მხარეებს შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ვარგისია ექსპლუატაციისათვის. იგი თანახმაა გაგრძელდეს 2012 წლის 24 აპრილის იჯარის ხელშეკრულება ყველა ძირითადი პირობით.
2018 წლის 28 დეკემბრის №4318 ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, შპს „...სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული №1/4481 ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „...ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია დაცვის მომსახურების საფასური 2017 წლის ივლისის თვეში 2 650 ლარის ოდენობით და 2017 წლის აგვისტოს თვეში 2 650 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ობიექტის დაზიანების გამო, შპს „...“ 2017 წლის 2 ივლისიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით ვერ ახორციელებდა იმ ობიექტით სარგებლობას, რომლის დაცვაც 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით იკისრა მოსარჩელემ. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ვერ სარგებლობდა აღნიშნული ობიექტით და მას ობიექტი სათანადო მდგომარეობაში გადაეცა მხოლოდ სექტემბრის თვეში, გაუგებარია რა ობიექტის დაცვას ახორციელებდა მოსარჩელე მხარე და რომელი მომსახურებისათვის ითხოვდა თანხების ანაზღაურებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სახეზე იყო ვითარება, როდესაც 2017 წლის 2 ივლისიდან 20 სექტემბრამდე, ფორს-მაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის შეუძლებელი იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რაც ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს მათ ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა იმის შესახებ, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 2 ივლისიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით ვერ ახორციელებდა შპს „...ს" ობიექტის დაცვას. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ №1/4481 ხელშეკრულება ითვალისწინებს არა მარტო შპს „...ს" ობიექტის დაცვას, არამედ ამასთანავე 9 კომპანიის ობიექტების დაცვას, რომელიც ერთობლიობაში ხორციელდება ერთი დაცვის უფროსის, სამი უფროსი ინსპექტორის და 42 უმცროსი ინსპექტორის მეშვეობით, ხოლო ჯამური დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს - 37 325 ლარს.
ამდენად, კასატორის მითითებით, აღნიშნულ პერიოდში სრულად ხორციელდებოდა სავაჭრო ობიექტის დაცვა და ადგილზე დასაქმებულ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დეპარტამენტის მხრიდან ეძლეოდათ ხელფასი. შესაბამისად, შპს „...ს" გადასახდელი წილი 2017 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში შეადგენდა - 5300 ლარს.
კასატორი აღნიშნავს, რომ ხანძრის შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასრულებული არ არის. შესაბამისად, არ არის დადგენილი ხანძრის წარმოშობის მიზეზები, ბუნებრივი მოვლენებით, დაუდევრობით თუ განზრახ იყო გამოწვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, შემთხვევა არ შეიძლება ჩაითვალოს ფორს-მაჟორულ მდგომარეობად, მითუმეტეს, როდესაც ხანძარი მხოლოდ ერთი დღით გაგრძელდა და ორი თვის მანძილზე სახელშეკრულებო ურთიერთობებზე არ ვრცელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედება სადავო პერიოდში არ იყო შეჩერებული და დაცვის მომსახურების მიწოდება ხორციელდებოდა სრულ სავაჭრო ობიექტზე დაცვის თანამშრომლების სრული შემადგენლობით და მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად ჰქონდა სხვა 9 კომპანიასთან ერთად შპს „...საც“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „...სა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული №1/4481 დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან ფორს-მაჟორული შემთხვევის დროს, რომლის დროსაც შეუძლებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულება და რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ.
2018 წლის 14 მარტის თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის №0010854141 დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 2 ივლისს ქ. თბილისში, ...სა და ...ს ქუჩებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ...ის ხიდს შორის არსებულ ობიექტებში ე.წ. „სექტორებში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს „...ს“ მიადგა მატერიალური ზარალი, რის გამოც იგი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
2017 წლის 20 სექტემბერს გ. ტ-ისა (როგორც მეიჯარემ) და შპს „...ს“ (მოიჯარე) შორის დადებული იქნა შეთახმება, რომლითაც დასტურდება, შპს „...ს“ აღდგენილ და საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში გადასცა ხანძრის შედეგად განადგურებული საიჯარო ქონება. მოიჯარე ადასტურებს, რომ ქონება შეესაბამება მხარეებს შორის არსებული ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ვარგისია ექსპლუატაციისათვის. იგი თანახმაა გაგრძელდეს 2012 წლის 24 აპრილის იჯარის ხელშეკრულება ყველა ძირითადი პირობით.
ამასთან, 2018 წლის 28 დეკემბრის №4318 ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, შპს „...სა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული №1/4481 ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ობიექტში გაჩენილი ხანძრის გამო, შპს „...“ 2017 წლის 02 ივლისიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით ვერ ახორციელებდა იმ ობიექტით სარგებლობას, რომლის დაცვაც 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით იკისრა მოსარჩელე მხარემ. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც შპს „...“ ვერ სარგებლობდა აღნიშნული ობიექტით და მას ობიექტი სათანადო მდგომარეობაში გადაეცა მხოლოდ სექტემბრის თვეში, გაუგებარია რა ობიექტის დაცვას ახორციელებდა მოსარჩელე მხარე. სახეზეა ვითარება, როდესაც 2017 წლის 02 ივლისიდან 20 სექტემბრამდე, 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული №1/4481 ხელშეკრულების როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის შეუძლებელი იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რაც ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებდა მათ ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდში სრულად ხორციელდებოდა სავაჭრო ობიექტის დაცვა და ადგილზე დასაქმებულ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დეპარტამენტის მხრიდან ეძლეოდათ ხელფასი, ვინაიდან, მოსარჩელეს ფორს-მაჟორული გარემოების მიუხედავად ივლისს-აგვისტოს თვეში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 16 მარტის №26173 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 265 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 12 აგვისტოს №328250 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 35 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (265+35) ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/კ 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 16 მარტის №26173 საგადახდო მოთხოვნით და 2020 წლის 12 აგვისტოს №328250 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (265+35) ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა