gancxadebis gansjadi sasamarTlosaTvis gadacemis Sesaxeb
საქმე Nბ-403-1(ა-22) 18 მარტი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია, ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები _ დ. გ-ი, თ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები - რ. მ-ი, დ. მ-ე, ვ. მ-ი, დ. ბ-ე და ი. გ-ი
განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-იმა და თ. გ-იმა 20.10.2014წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 25.11.2010წ. განკარგულების, 19.03.2013წ. განკარგულების და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 22.09.2014წ. N2269 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2014წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რ. მ-ი, დ. მ-ე, ვ. მ-ი, დ. ბ-ე და ი. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.2015წ. განჩინებით მოპასუხეების: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირის ვ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. გ-ისა და თ. გ-ის სარჩელზე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 19.03.2013წ. განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2015წ. გადაწყვეტილებით დ. გ-ის და თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ის, თ. გ-ის და ი. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2016წ. განჩინებით დ. გ-ის, თ. გ-ის და ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ის, თ. გ-ის და ი. გ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2017წ. განჩინებით დ. გ-ის, თ. გ-ის და ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2016წ. განჩინება.
საკასაციო სასამართლოს 10.03.2022წ. განცხადებით მომართა დ. გ-იმა და თ. გ-იმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო დ. გ-ისა და თ. გ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ისა და თ. გ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რადგან დ. გ-ისა და თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნებზე არსებითად იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლომ. მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და დ. გ-ის, თ. გ-ის და ი. გ-ის საჩივრებზე იმსჯელეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც, თუმცა მათ არ შეუცვლიათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით დ. გ-ის და თ. გ-ის უნდა მიემართათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიისათვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით, სასკ-ის 26.2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ისა და თ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე