Facebook Twitter

№ბს-124(კ-22) 16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 29 აპრილს გ. გ-იმა, ი. ჯ-ემ და ე. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1296/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილობის პერიოდიდან მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, შენობა №.... ვინაიდან ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ, მიმართეს სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით. შეფასების შედეგად, მოსარჩელეთა ოჯახს მიენიჭა 10 ქულა. გ. გ-ი და მისი მეუღლე ი. ჯ-ე არიან პენსიონერები და ომის ვეტერანები, ი. ჯ-ე დაავადებულია პირველი ხარისხის შაქრიანი დიაბეტით და დღეში სამჯერ მოიხმარს ინსულინის ნემსს. ამასთან, ცხოვრობენ ნაქირავებ ფართში, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით საცხოვრებლად გამოუსადეგარია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა წარედგინა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა სააგენტომ სადავო ბრძანებით ოჯახს უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. კომისიამ აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, თითქოს მოსარჩელეებმა წარადგინეს არსებითად მცდარი ინფორმაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-ის, ი. ჯ-ესა და ე. გ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-იმა, ი. ჯ-ემ და ე. გ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის, ი. ჯ-ესა და ე. გ-იის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ის, ი. ჯ-ესა და ე. გ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1296/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 97-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედმიწევნით, ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე.

სასამართლოს მითითებით, იმ ვითარებაში, როდესაც გ. გ-იმა ჯანმრთელობის მდგომარების გამო გაასხვისა მის მიერვე შეძენილი ქონება და აპელანტები ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ვერ გახდებოდა მათთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად ცხოვრობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ისინი საქართველოში მხოლოდ მცირე ხნით ჩამოდიან, რაც საფუძვლად დაედო სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სააგენტომ მოსარჩელე მხარეს მიმდინარე ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი უთხრა საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, რომელიც მან გაასხვისა. მითითებული გარემოებაც ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ ასეთი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება არა მიმდინარე, არამედ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე მოხდეს.

კასატორის მითითებით, მოსარჩელემ განაცხადში ფაქტობრივ მისამართად მიუთითა თავისი საკუთრების მისამართი - ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ბ. №13, დამატებით გაკეთდა კომენტარი იმის თაობაზე, რომ ჰყავს 3 შვილი და მეუღლე, თუმცა განაცხადი მეუღლესთან და 1 შვილთან ერთად გააკეთა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრება 35 000 აშშ დოლარად გაასხვისა ვინმე გ.-ზე. იმავე მისამართზე მას ასევე ჰქონდა 133,27 კვ.მ ფართი სხვენი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ განაცხადში ოჯახის ყოველთვიურ ხარჯად მიუთითა 4100 ლარი, მის ყოველთვიურ შემოსავალს კი, თითქმის 5000 ლარი შეადგენდა, რაც 2015 წლის მდგომარეობით, ოჯახისთვის საკმაოდ დიდი შემოსავალი იყო. კასატორის მითითებით, ამავდროულად, ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული და იღებს შემწობას. მოსარჩელემ ბინის გასხვისების მიზეზად მიუთითა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განმარტა, რომ ვინაიდან მას ფულადი სახსრები ესაჭიროებოდა მკურნალობისთვის, გაასხვისა ბინა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის ინტენსიურ მკურნალობას 2011-2013 წლებში გადიოდა ბინა კი, 2015 წელს გაასხვისა, 2 თვით ადრე, ვიდრე იგი მიმართავდა სააგენტოს საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით.

2021 წლის 22 იანვარს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ავტოფარეხი №5. მითითებული მისამართი ემთხვევა მოსარჩელის საკუთრების მისამართს, რომელიც მან გაასხვისა გ.-ის სახელზე. მითითებული ავტოფარეხიც სწორედ გ.-ის საკუთრებას წარმოადგენს. მონიტორინგის სამსახურს არც მოსარჩელე და არც მისი მეუღლე ადგილზე არ დახვდნენ. მისამართზე იმყოფებოდა ე. გ-იი, რომელმაც განმარტა, რომ მისი მშობლები ესპანეთში იმყოფებოდნენ. მან ასევე განმარტა, რომ 2019 წლიდან ოჯახი ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, მანამდე კი, 1996 წლიდან 2019 წლამდე - ყოფილ საკუთრებაში. ამასთან, ე. გ-იმა განმარტა, რომ გ. გ-ი ცხოვრობდა ...ში.

საკასაციო საჩივრის თანახმად, კომისიამ განიხილა მოსარჩელის ოჯახის საკითხი და მას უარი უთხრა საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

კასატორის მითითებით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე რეალურად ცხოვრობს ესპანეთში და არა იმ მისამართზე, სადაც განხორციელდა მონიტორინგი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობები შედგენილია ელექტრონულად 2015 წელს და დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლე ცხოვრობს აშშ-ში, ქ. ...ში. კასატორის მოსაზრებით, მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე ფაქტობრივად არ ცხოვრობენ იმ მისამართზე, რაც სააგენტოსთვის იყო ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 2 აპრილის სხდომაზე იმსჯელა ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის - დევნილებისათვის, მათ შორის, მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის განაწილების თაობაზე და მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელეთა ოჯახის მოცემულ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო. ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2021 წლის 22 აპრილს გამოსცა №03-1296/ო სადავო ბრძანება, რომლითაც გ. გ-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, 2020 წლის 8 სექტემბერს, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მოსარჩელეთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ოჯახს მიენიჭა 10 ქულა: საცხოვრებელი პირობების კატეგორიაში (არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს) – 2 ქულა; საცხოვრებელის ფინანსური პირობების (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) კატეგორიაში - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში - 2.50 ქულა; ომის ვეტერანები - 3 ქულა.

საქმეზე დადგენილი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ გ. გ-ი და მისი მეუღლე - ი. ჯ-ე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხშირად იმყოფებიან ესპანეთში. ქალაქ თბილისში ყოფნის დროს კი, ცხოვრობენ ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე №5 ა/ფარეხში, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 ივნისის №5003477620 დასკვნის მიხედვით, არ აკმაყოფილებს საცხოვრებელი სახლების ნორმებით გათვალისწინებულ საყოფაცხოვრებო პირობებს და საცხოვრებლად უვარგისია.

გ. გ-ისა და ი. ჯ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საავადმყოფოდან გაწერის ანგარიშზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2021 წლის 6 მარტს გ. გ-ი გაეწერა საავადმყოფოდან, მდებარე: ..., .... საავადმყოფოში მოთავსების მიზეზი: პროსტატის ოპერაცია. ესპანეთში, კერძოდ, ...ში მდებარე დოს დე მაიგის საავადმყოფო ფურცლით დასტურდება, რომ 2021 წლის 24 იანვარს პაციენტი ი. ჯ-ე, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით, შეყვანილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიერ ჰიპერგლიკემიის არტერიული ჰიპერტენზიის გამო. 2021 წლის 4 აგვისტოს ...ას მიერ გაცემული ფორმა 100-ით დასტურდება, რომ გ. გ-ის აქვს პარკინსონის დაავადება, ბოლო რამდენიმე თვეა ტრემორის ინტენსივობამ მოიმატა. დიაგნოზი დასმულია 3 წლის წინ. 2011 წლის 17 მარტს ...ის საავადმყოფოს მიერ გაცემული პაციენტის ბარათით გ. გ-ის დიაგნოზი არის კუჭის სიმსივნე. ამავე ჰოსპიტალის მიერ გაცემული 2015 წლის 5 თებერვლის სამედიცინო ფურცლებით დასტურდება, რომ გ. გ-ის გაეწია სამედიცინო ონკოლოგიის, ამოკვეთის მომსახურება.

წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო იზიარებს იმ გარემოებას, რომ გ. გ-ი და ი. ჯ-ე პერიოდულად იმყოფებიან ესპანეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით. ამავდროულად, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობები ასევე ადასტურებს მათ მიერ საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღების ფაქტებს და შესაბამისად, იმ გარემოებას, რომ ისინი საქართველოშიც მკურნალობენ. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც გ. გ-იმა ჯანმრთელობის მდგომარების გამო გაასხვისა მის მიერვე შეძენილი ქონება და იგი მეუღლესთან ერთად, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პერიოდულად იმყოფება საზღვარგარეთ, საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ვერ გახდება მოსარჩელეთა ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე