Facebook Twitter

საქმე №ბს-1105(2კ-19) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე); ნ. მ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - ნ. მ-ი, თ. ა-ი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 13 აპრილს გ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის №A16102954-014/001 განკარგულებისა და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-... კვ, კორპ. №..., ბინა №..., რომელზეც რეგისტრირებული იყო შემოსავლების სამსახურის პირველი რიგის იპოთეკა-გირავნობა და ყადაღა, აგრეთვე სხვა იპოთეკა-გირავნობები და ყადაღები. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ისე გაყიდა აუქციონზე, რომ მისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადება არ ჩაუბარებია და არც აუქციონის ჩატარების შესახებ უცნობებია. შესაბამისად, დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები. გ. გ-ის მითითებით, აღსულების ეროვნული ბიუროს მიერ მისთვის გაგზავნილი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადება ფოსტამ მიიტანა სხვა მისამართზე, კერძოდ, ფოსტის თანამშრომლის მიერ გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მან შეტყობინება დატოვა რკინის თეთრ კარზე, მაშინ როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის კარი არის ყავისფერი. მეორე შეტყობინება კი აღსულების ეროვნული ბიუროს მიერ გაიგზავნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ...ში. ამდენად, გ. გ-ის ზემოხსენებული გზავნილები ფიზიკურად ვერ ჩაჰბარდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. მ-ი, ნ. მ-ი და თ. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის მოსამზადებელი სხდომის ოქმით, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის №A16102954-014/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც გ. გ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ...ის დასახლება, კვარტალი ..., კორპ. ..., ბინა №...-ის საკადასტრო კოდი ..., იძულებით საჯარო აუქციონზე შემძენი გახდა ნ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის A16102954-014/001 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 და 25-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო და მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება 2016 წლის 5 ოქტომბერს და 7 ოქტომბერს მოვალეებს - თ. ა-ისა და გ. გ-ის გაეგზავნათ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით, გ. გ-ის რეგისტრაციის მისამართზე - გორი, ს. ... გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატის მისამართი წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიას, რის შემდეგაც აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გ. გ-ის 2016 წლის 19 ოქტომბერსა და 21 ოქტომბერს კვლავ გაეგზავნა აღმასრულებლის მიერ მოძიებულ მისამართზე - თბილისი, ...ა, კვარტალი ..., კორპუსი ..., ბინა №.... აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა მიზეზით - ,,არავინ დამხვდა მისამართზე“, რის გამოც კურიერმა დატოვა შეტყობინება. პალატის მითითებით, აღნიშნული დასტურებიდან არ დგინდებოდა, თუ რამდენად წარმოადგენდა ხსენებული მისამართი გ. გ-ის რეალურ საცხოვრებელ მისამართს.

სასამართლომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ. პალატამ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 პუნქტზე და ზემოაღნიშნული ნორმების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ მოვალის ინფორმირებულობა მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ, სააღსრულებო წარმოების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა. აღმასრულებლის მოქმედებები არ უნდა ყოფილიყო ფორმალურ ხასიათის და იმ პირობებში, როდესაც მოვალის მისამართს ოკუპირებული ტერიტორია წარმოადგენდა, აღმასრულებელი ვალდებული იყო მოეძიებინა მოვალის ნამდვილი ადგილსამყოფელი. მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელმა მოვალე - გ. გ-ის ერთის მხრივ, წარუმატებლად გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო მეორეს მხრივ, მის მიერ მოძიებულ ალტერნატიულ მისამართზე - თბილისი, ...ა, კვარტალი ..., კორპუსი ..., ბინა №..., კურიერის მიერ მხოლოდ შეტყობინების დატოვების საფუძველზე, ისე რომ არ ირკვეოდა გ. გ-ის ამ მისამართზე ცხოვრების ფაქტი, მიიღო გადაწყვეტილება საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით მოვალის ინფორმირების შესახებ და არ გამოიყენა სხვა საშუალებები მოვალის მოსაძებნად.

პალატამ აღნიშნა, რომ აუქციონის გამოცხადება და მოვალის ქონების რეალიზაცია გამომდინარეობდა წინადადების ჩაბარების შემდგომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობიდან. აუქციონის გამოცხადება მხოლოდ მას შემდეგ იყო შესაძლებელი, როდესაც მოვალე გ. გ-ი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა წინადადებას, თუმცა ამგვარი შესრულების წინაპირობას უპირობოდ წარმოადგენდა მისთვის კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გაცნობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დარღვეულ იქნა მოვალისთვის მის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ შეტყობინების წესი, არასრულყოფილი სააღსრულებო მოქმედებების შედეგად შეილახა მოსარჩელე გ. გ-ის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. პალატის მოსაზრებით, სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოვალისთვის კანონით დადგენილი წესით წინადადების შეტყობინების გარეშე განეხორციელებინა შემდგომი სააღსრულებო მოქმედებები და სარეალიზაციოდ მიექცია იპოთეკით დატვირთული მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ...ის დასახლება, კვარტალი ..., კორპ. ..., ბინა №....

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ნ. მ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოვალისათვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. შეტყობინებები იგზავნებოდა როგორც სარეალიზაციო ქონების მისამართზე, ისე ალტერნატიულ მისამართზე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მეორე მოვალეს - თ. ა-ის შეტყობინება ჩაბარდა იმ მისამართზე, რომელზე ჩაბარებასაც გ. გ-ი ითხოვდა. აღნიშნულის შემდგომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელმა გამოსცა განკარგულება აღსრულების მხარისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 30-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ხსენებულ ნორმებში ასახული ქმედებები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოებისათვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისატის გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის დავალება წარმოადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებასზე, რომლის თანახმადაც, მართალია, სააღსრულებო წარმოების სამართლებრივი შედეგი ხშირად არის უძრავი ქონების მოვალის საკუთრებიდან იძულებითი გამოსვლა და რეალიზაცია, რაც მოვალის ინტერესების დაცვის კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სააღსრულებო ქმედებების მართლზომიერად და გულისხმიერად განხორციელებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს აღმასრულებლისათვის ისეთი მოქმედების შესრულების დავალების საფუძველს, რომელიც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. სსკ-ის 73-ე მუხლის მითითება, რომ სასამართლოს (განსახილველ შემთხვევაში - აღმასრულებელს) შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული შესაძლებლობები პირის მოსაძიებლად, აღმასრულებელს აღჭურავს უფლებით, თუმცა არ აკისრებს მას ვალდებულებას. მოწესრიგების დისპოზიციური ხასიათი გამორიცხავს სააღსრულებო ქმედების გაუქმების შესაძლებლობას, რადგან უკეთუ აღმასრულებლის მიერ შესრულებულია კანონით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, მინიჭებული დამატებითი უფლებამოსილებების გამოუყენებლობა არ ქმნის სააღსრულებო ქმედებების გაუქმების წინაპირობებს. კანონმდებლობის მოთხოვნების ფორმალური დაცვა, სააღსრულებო ქმედებების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება, მოვალის უფლებათა დაცვასთან ერთად გულისხმობს ეფექტურ და რეალურ აღსრულებას, კრედიტორის ინტერესების დაცვას. განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებელმა შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნები. აღმასრულებელი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი, მოქმედებს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე, შესაბამისად დაუშვებელია კერძო აღმასრულებლისათვის იმაზე მეტი ვალდებულების დაკისრება, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

კასატორი - ნ. მ-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი სამართლებრივი მდგომარება და ისე გააუქმა აუქციონის შედეგები. კასატორის განმარტებით, გ. გ-იმა სადავო უძრავი ქონება თავადაც აუქციონის გზით შეიძინა და იგი გაფრთხილებული იყო გარდამავალი უფლების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა მოლოდილი, რომ ქონება კვლავ მიექცეოდა იძულებით აღსასრულებლად. ნ. მ-ი აღნიშნავს, რომ იძულებული იყო აუქციონის გზით შეეძინა ქონება, რადგან მესამე აუციონზე უძრავი ქონების გაუსხვისებლობის შემთხვევაში, დაკარგავდა უფლებას ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე. კასატორის მითითებით, მოვალეები - გ. გ-ი და თ. ა-ი არიან ახლობლები, მოქმედებენ შეთანხმებულად და ცდილობენ კრედიტორების დაზარალებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების შემდგომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებლად მიექცა 2014 წლის 16 სექტემბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე 2016 წლის 11 თებერვალს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს და 2014 წლის 16 დეკემბრიდან პირგასამტეხლოს სესხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო მოვალეებს წარმოადგენდნენ გ. გ-ი და თ. ა-ი. იძულებითი აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გ. გ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...ის დასახლება, კვარტალი ..., კორპ. №..., ბინა №.... 2016 წლის 20 სექტემბერს კრედიტორმა ნ. მ-იმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნის აღსრულება მოითხოვა. 2016 წლის 5 ოქტომბერს მოვალეებს - თ. ა-ისა და გ. გ-ის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით თ. ა-ის 2016 წლის 7 ოქტომბერს ჩაჰბარდა წინადადება, ხოლო გ. გ-ის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე - გორი, სოფ. ... და სადავო უძრავი ქონების მისამართზე - ...ის დასახლება, კვარტალი ..., კორპ. №..., ბინა №..., წინადადება გაეგზავნა არაერთხელ, მაგრამ ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 7 ოქტომბერს შედგა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №110781 აქტი, რასაც გაეცნო თ. ა-ი. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ გ. გ-ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ...ის დასახლება, კვარტალი ..., კორპ. ..., ბინა №...-ის საკადასტრო კოდი ..., 79 000 ლარად შეფასდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №A16102954-011 განკარგულებით გ. გ-ის საჯარო შეტყობინებით ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე. გ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით იძულებითი აღსრულების პროცედურა 2017 წლის 10 იანვარს დაიწყო და 2017 წლის 3 თებერვალს დასრულდა. ქონება მეორე განმეორებით აუქციონზე გასხვისდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის განკარგულებით მოვალის გ. გ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისში, ...ის დასახლება, კვარტალი ..., კორპ. ..., ბინა №...-ის საკადასტრო კოდი ...,) შემძენი 2017 წლის 3 თებერვალს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე ნ. მ-ი გახდა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს სწორედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის №A16102954-014/001 განკარგულების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, განკარგულება უკანონოა, ვინაიდან მას სათანადოდ არ მიეწოდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და კონკრეტული სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოვალისათვის აღსრულების დაწყების შესახებ ინფორმაციის ჩაბარებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილადაა ცნობილი ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება მოვალე გ. გ-ის ორჯერ - 2016 წლის 5 ოქტომბერს და 2016 წლის 7 ოქტომბერს გაეგზავნა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე გორი, სოფ. ..., თუმცა ვინაიდან სოფ. ... წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიას, ჩაბარება ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდგომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება მოვალე გ. გ-ის ორჯერ - 2016 წლის 19 ოქტომბერს და 2016 წლის 21 ოქტომბერს გაეგზავნა სადავო უძრავი ქონების მისამართზე - ...ის დასახლება, კვარტალი ..., კორპ. №..., ბინა №..., თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მეორე მოვალეს - თ. ა-ის სწორედ ამ მისამართზე ჩაჰბარდა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება 2016 წლის 7 ოქტომბერს. საბოლოოდ, ადრესატის მოუძიებლობის გამო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №A16102954-011 განკარგულებით გ. გ-ის საჯარო შეტყობინებით ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე და 78-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოპასუხემ არ გამოიყენა ყველა საშუალება მოვალის მოსაძებნად. გ. გ-ის წინადადება გაეგზავნა მოპასუხისათვის ცნობილ ორ მისამართზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამდენად, მისამართის შეცვლის შემთხვევაში თავად გ. გ-ის ეკისრებოდა ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რაც მას არ განუხორციელებია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 70-78 მუხლები შეიცავს გზავნილის ჩაბარების ალტერნატიული შესაძლებლობების ჩამონათვალს და არ ავალდებულებს სასამართლოს ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისთვის (უბნის ინსპექტორებისთვის), გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის დავალება წარმოადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას. მართალია, სააღსრულებო წარმოების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოვალის ინფორმირებულობის საკითხი, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს აღმასრულებლისათვის ისეთი მოქმედების შესრულების დავალების საფუძველს, რომელიც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მითითება, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული შესაძლებლობები პირის მოსაძიებლად, აღმასრულებელს აღჭურავს უფლებით, თუმცა არ აკისრებს მას ვალდებულებას (იხ. სუსგ №ბს-551-538(3კ-14), 29.10.2015წ.). განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებელმა შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნები, კერძოდ: ფოსტის მეშვეობით გზავნილის პირველ შემთხვევაში ჩაუბარებლობის შემდგომ, მეორედ გააგზავნა კორესპონდენცია მისთვის ცნობილ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ. ამასთანავე, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება მოვალეს ჩაჰბარდა საჯარო შეტყობინების გზით ანუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო განკარგულების მიღებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც სადავო გადაწყვეტილების გაუქმებისა და გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ხოლო ნ. მ-ის საკასაციო საჩივარზე ხ. მ-ას მიერ აგრეთვე 300 ლარის ოდენობით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ხ. მ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300-300 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. გ-ის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა (ს/კ 205263873) და ხ. მ-ას (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300-300 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი