Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე ¹23აპ-12 ქ. თბილისი

17 თებერვალი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. მ-ს

ადვოკატ _ ა. მ-ს

მსჯავრდებულ _ ა. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:

ა. მ-ე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 ივნისიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ა. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ (ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

განაჩენის მიხედვით, ა. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით _ 0,0228 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. 2011 წლის 13 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ა. მ-ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით _ 0,0228 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის სასჯელის დანიშვნის ნაწილში ცვლილების შეტანას და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნას, ამავე დროს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის, დაავადებათა სპეციფიკის მხედველობაში მიღებით _ დანიშნული სასჯელის მოხდის გადავადებას გამოჯანმრთელებამდე.

მსჯავრდებულის მოსაზრებით, განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ასევე უკანონო და დაუსაბუთებელია სასამართლოს უარი განაჩენის გადავადებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

დაკავებისთანავე ა. მ-მ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა, რისთვისაც გამოძიება შეჰპირდა, რომ მიუსჯიდნენ პირობით სასჯელს; მან გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემომტანი და გამსაღებელი პირის შესახებ; ამავე დროს გამოძიებას მისცა ოფიციალური ჩვენება; ა. მ-ს ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ი-ა; ა. მ-ს გამოძიების პროცესში ადვოკატების მეშვეობით ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით; ამასთან, დადგენილია, რომ ნასამართლობის არმქონეა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი სასამართლოსთვის წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სასჯელის დანიშვნისას და გამოეტანა სამართლიანი განაჩენი.

სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა იმ ნაწილში, სადაც ა. მ-ს უარი ეთქვა მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადებაზე, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ 1998 წლიდან იგი აღრიცხვაზე იმყოფება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში შემდეგი დიაგნოზით: „ც“ ჰეპატიტი, გადატანილი „ბ“ ჰეპატიტი, ჰეპატოსპლენომეგალია, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი, ასციტი _ „ც“ კატეგორია, ,,აივ» ინფექცია/შიდსი, ც3 კატეგორია.

2012 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ. მ-მა, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასსა და მსჯავრდებულ ა. მ-ს შორის.

პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ა. მ-ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან ამხილა ნარკორეალიზატორი, რომელიც დაკავებულ იქნა, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2012 წლის 13 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

2012 წლის 17 თებერვალს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და მსჯავრდებულ ა. მ-ს შორის 2012 წლის 13 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. მ-სა და მსჯავრდებულ ა. მ-ს შორის.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. მ-მა მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებულ ა. მაისურაძეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 წელი განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა _ 5000 ლარი.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ა. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ (ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ა. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-მ.

სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ ა. მ-ს აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებითა და საქმის სხვა მასალებით ა. მ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.

პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათს, მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებული ა. მ-ე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. მ-სა და მსჯავრდებულ ა. მ-ს შორის.

ა. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წელი განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი. ა. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 13 ივნისიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ა. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ (ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.