საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1017(კ-21) 29 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. გ-იმა 2020 წლის 28 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს მიმართ და მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2331/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. გ-ის და მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2243/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელემ დააგროვა 5 ქულა, ხოლო კომისიის ოქმის თანახმად, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი 1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
კასატორს მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ კანონი განმარტა არასრულად და არ გაითვალისწინა საქმის გარემოებები: კერძოდ ის, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს, შესაძლებელი გახლდათ 534 სამოთახიანი ბინის განაწილება, თუმცა წარმოდგენილი გახლდათ 729 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 3 და მეტი ქულა. 2019 წლის 10 ოქტომბრის კომისიის ოქმით (№39) ცხადად დასტურდება, რომ 729 განმცხადებელს მიენიჭა 3,0 ქულა, რაც საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ კომისიას განეხილა მათი განსახლების საკითხი. სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განაცხადს, მიუხედავად საჭირო ქულისა. შესაბამისად, სააგენტო, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებდა გადაწყვეტილებას თუ ვისი დაკმაყოფილების საკითხი გახლდათ პრიორიტეტული. 320-ე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. სასამართლო არასწორად განმარტავს პრიორიტეტულობის პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა 5 ქულა, ის მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრობს დღემდე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რის საფუძველზეც, ცხადია რომ მისი განსახლების საკითხი პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ასევე უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ნ. გ-ის ოჯახის განსახლების გადაუდებლობის არასაჭიროებას ასაბუთებს მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტებით და რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს ასეთ მითითებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოკვლეული იქნა ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ასახულია მონიტორინგის ოქმში. მონიტორინგის ოქმი სხვა მასალებთან ერთად წარდგენილ იქნა სასამართლოში. ამ ოქმიდან ცალსახად არ დასტურდებოდა მხარის ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება. სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება, სხვა მის ხელთ არსებული საშუალება არ არსებობს, რა გარემოებებიც საკითხი სრულყოფილად გამოკვლევაზე უთითებდა.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იკვეთება განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი, მოსარჩელის საკითხი იმ მეთოდითაა გამოკვლეული, რა მეთოდიც დადგენილია ნორმატიული აქტით ამიტომ გაუგებარია, რა მოქმედება უნდა შეესრულებინა სააგენტოს, რომ საკითხი გამოკვლეულად მიეჩნია სასამართლოს. სასამართლოს მითითება, რომ საკითხი არ არის სათანადოდ გამოკვლეული და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დამყარებულია მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, მიუღებელი და დაუსაბუთებელია.
მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელე მისამართზე ცხოვრობს უკვე 20 წელზე მეტია, ქირას იხდის 200 ლარს. თუმცა სააგენტოში აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე საბუთი წარმოდგენილი არ არის. ბინა ეკუთვნის დ. მ-ეს. იგი გახლავთ ნ. გ-ის ბიძაშვილის შვილიშვილი და ოჯახით ცხოვრობს ...ში. მოსარჩელის დედა ცხოვრობს საბერძნეთში, ხოლო ძმა ოჯახთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. მოსარჩელის განმარტებით, ბინის მესაკუთრე ყიდის ბინას, რის გამოც სთხოვს ბინის დაცლას. წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე 1999 წლიდან ცხოვრობს ბიძაშვილის ბინაში, შესაბამისად იგი სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა.
მართალია, მოსარჩელის ოჯახმა დააგროვა 5 ქულა, რაც საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ კომისიას მათი მოთხოვნა განეხილა, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე საკითხის განმხილველმა კომისიამ სრულიად დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მათ ოჯახს სასწრაფო და აუცილებელი განსახლება ამ ეტაპზე არ სჭირდებოდა. ამდენად, 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2243/ო ბრძანებით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა 1999 წლიდან ბიძაშვილის სახელზე რეგისტრირებულ სახლში ცხოვრების გამო.
მოსარჩელემ პროცესზე განაცხადა, რომ ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე სთხოვდა ფართის დაცლას და ამის დასტურად სასამართლოს მხოლოდ ბინის მესაკუთრესთან - დ. მ-ესთან ფეისბუქ მიმოწერა წარუდგინა, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სანდო და სარწმუნო მტკიცებულებად. თუ ამ მიმოწერის შინაარს გავითვალისწინებთ და რეალურად მივიჩნევთ, მესაკუთრე მათი ბინიდან გამოსახლების პროცედურას დიდი ხნის წინ დაიწყებდა. მხარეს ბინის გამოთავისუფლების თაობაზე არც მესაკუთრის ოფიციალური წერილობითი შეყობინება ან/და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოუდგენია.
ორივე ინსტანციის სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებაში უთითებს და მსჯელობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის" მუხლებზე და ამბობს, რომ სააგენტო ვალდებული იყო არასრულწლოვანი დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოცილურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიეღო ეს გადაწყვეტილება. სასამართლოების მსჯელობას კასატორი არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებების და ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობა ასახულია ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში. კერძოდ, 320-ე ბრძანების დანართი 7 კრიტერიუმის სახით ითვალისიწინებს იმ დევნილი ოჯახებისთვის ქულის მინიჭებას, რომელთაც არასრულწლოვანი ბავშვები, ოჯახის წევრები ჰყავთ. ნ. გ-ის ოჯახსაც ჰქონდა არასრულწლოვნების ნაწილში 2 ქულა მინიჭებული. ამდენად, გაუგებარია თუ რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახს გადაუდებელი განსახლება ესაჭიროებოდა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, მხედველობაში მიეღო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რადგანაც ჯერჯერობით მიმდინარეობს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი საკუთრება და ხელი არ მიუწვდებათ სათანადო საცხოვრებელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. გ-ის მიერ გასაჩივრებულია „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2331/ო ბრძანება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი კანონიერების შეფასება, რა მიმართებით გასათვალისწინებელია ის, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა სხვა ასპექტების შეფასება უნდა მოხდეს, მათ შორის უნდა შემოწმდეს წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დაინტერესებული მხარეების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ ფორმისა და მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართის №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, რაც კონკრეტულ შემთვევაში არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნულ პოზიციას და განმარტავს შემდეგს: ფაქტი რომ მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს ბიძაშვილის შვილიშვილის საკუთრება წარმოადგენს და ისინი ოცი წელია ცხოვრობენ ამ უძრავ ქონებაში, არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას, ამასთან ის გარემოება, რომ მოსარჩლის ნათესავს სურს გამოიყენოს მისი საკუთრება შეხედულებისამებრ, გარდა მოსარჩელის მითითებისა, არ საჭიროებს დამატებით რაიმე მტკიცებულების წარდგენას, რადგანაც აკმაყოფილებს მტკიცების ტვირთის გონივრულობის სტანდარტს. პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 5 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები(3 არასრულწლოვანი) 2.00 ქულა, ნ. გ-ი მარჩენალ დაკარგული - გარდაცვლილი ომის ვეტერანი - 1,5 ქულა. 2020 წლის 10 აპრილის განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასების შესაბამისად ნ. გ-იმა მოიპოვა 7,5 ქულა.
საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით კი, მიუხედავად მინიჭებული 5 ქულისა, ნათესავის საკუთრებაში არსებული ფართით დროებითმა სარგებლობამ, რატომ გამორიცხა მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა ახსნილი. კასატორი მხარე შემოიფარგლება ზოგადი მითითებებით მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ, რაც დაუსაბუთებელია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ამგვარ მიდომას მხოლოდ პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის პირობებში ითვალისწინებს და ამ შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილების მისაღებად ადმინისტრაციულ ორგანოს კენჭისტრის ჩატარებას ავალდებულებს (ქულათა რაოდენობა ასევე არ გაითვალისწინება დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ცხოვრების შემთხვევაში).
პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავოდ ქცეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2331/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელისა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა