Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1220(კ-21) 16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 10 დეკემბერს, სს „...მა“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 18 სექტემბრის N04-06/11918 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 ნოემბრის N04-06/11918 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გასაჩივრებულ შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 2832,50 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 18 სექტემბრის N04-06/11918 გადაწყვეტილებით სს „...ს“ პაციენტების - მ. გ-ეის, ნ. გ-ეის, თ. გ-ასა და ნ. დ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ N861635393, N2249002239, N46779481, N2523527210 მოსარგებლეებს ჩაუტარდათ ქიმიოთერაპიის პროცედურების გართულების სტაციონალური მკურნალობა - C0M001, T81.0-ZYZAOO. აღნიშნული პროგრამული კოდი გულისხმობს გეგმიურ სამედიცინო მომსახურებას მატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე (თანხმობის წერილი), რომელიც გაიცემა განმახორციელებლის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, თანხმობის წერილები არ გაცემულა, შესაბამისად, სადავო შემთხვევებს სწორად განსაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ ქიმიოთერაპიის პროცედურა წარმოადგენს გეგმიურ პროცედურას ონკოლოგიური გართულებების მქონე პაციენტებში, რომელიც დადგენილების პირობების შესაბამისად, ფინანსდება მატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით. იმისათვის, რომ პროგრამით მოსარგებლეს დაუფინანსდეს აღნიშნული სამედიცინო მომსახურება, მან უნდა აიღოს მატერიალიზებული ვაუჩერი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამის“ მე-10 მუხლი ითვალისწინებს მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემის ორ შემთხვევას: 1) პროგრამით მოსარგებლე თვითონ მიდის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში, წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იღებს მიმართვას; 2) პროგრამით მოსარგებლე თავად ვერ ახერხებს განმახორციელებელთან მისვლას, პროგრამის მიმწოდებელი კლინიკა ავსებს შესაბამისი განაცხადის ფორმას, რომელიც დამტკიცებულია პროგრამის განმახორციელებლის მიერ და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას. მოცემულ შემთხვევაში, პაციენტებს არც თავად მიუმართავთ პროგრამის განმახორციელებლისათვის ვაუჩერის ასაღებად და არც კლინიკას შეუვსია სპეციალური განაცხადი, იმისათვის, რომ გაცემულიყო მატერიალიზებული ვაუჩერი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო 2019 წლის 18 სექტემბრის N04-06/11918 გადაწყვეტილება, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის N10/2668 გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლზე (საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების წესი) და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ედრება ფორმა NIV-100/ა-ს და შემთხვევათა რეესტრს. სწორია ფინანსური მონაცემები, ერთმანეთს ედრება წარდგენილი დოკუმენტებისა და შეტყობინებაში არსებულის მონაცემები, შესაბამისად, გაურკვეველია, რომელი ნორმა დაარღვია მოსარჩელემ. კასატორი ასევე მიუთითებს „პროგრამის“ მე-9, მე-10 მუხლებზე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს N4/04-241/ო ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესი“. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, ქიმიოთერპიის პროცედურების გართულების დროს სტაციონარული მომსახურების ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 დღის და/ან მოსარგებლის სტაციონარში მოთავსებიდან 24 საათის განმავლობაში (სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ჩვენების მიხედვით). ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ქიმიოთერაპიის პროცედურების გართულება არ წარმოადგენს მატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე (თანხმობის ფურცელი) განსახორციელებელ სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, პაციენტებისათვის ქიმიოთერაპიის პროცედურის განხორციელება არ წარმოადგენს დავის საგანს. მათ საგარანტიო წერილები წარდგენილი ჰქონდათ და ქიმიოთერაპიის პროცედურაც დაფინანსებული აქვთ. დავის საგანი უკავშირდება ქიმიოთერაპიის პროცედურის შემდგომ გართულებას, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ სამედიცინო მომსახურებას.

კასატორის განმარტებით, საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს, მოპასუხემ განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის მომსახურების ანაზღაურებაზე უარის მიზეზს წარმოადგენდა „პროგრამის“ მე 15-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინეული პირველი პირობის დარღვევა (მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას), ხოლო სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა ამავე ქვეპუნქტის მეორე პირობა (ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს). მოცემულ შემთხვევაში პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში წარადგინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და საჭიროებდნენ დაუყოვნებლივ რეანიმაციულ ღონისძიებებს. შესაბამისად, მათ ხელზე ვერ ექნებოდათ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული საგარანტიო წერილი. შეუძლებელია, პაციენტმა წინასწარ განსაზღვროს, როდის დასჭირდება მას რეანიმაციული ღონისძიებები და რა ფარგლებში. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი ვალდებულია, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა, ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე. მოცემულ შემთხვევაში, პაციენტებს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელზე არ ჰქონდათ მატერიალიზებული ვაუჩერი. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11 მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა. აღნიშნული ვალდებულება სამედიცინო დაწესებულებამ შეასრულა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა „პროგრამის“ მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევას, არ შეესაბამება სინამდვილეს .

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულება წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც გაწეული უნდა იქნას მატერიალიზირებული სამედიცინო ვაუჩერის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების საფუძველზე გამოცემული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს N04-241/ო ბრძანების N1დანართის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ქიმიოთერპიის პროცედურების გართულების დროს სტაციონარული მომსახურების ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 დღის და/ან მოსარგებლის სტაციონარში მოთავსებიდან 24 საათის განმავლობაში, სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ჩვენების მიხედვით. არცერთი მუხლი არ მიუთითებს იმის შესახებ, რომ ქიმიოთერაპიის შემდგომ გართულებაზე რეაგირება უნდა განახორციელდეს მატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, სამედიცინო ვაუჩერი წარმოადგენს ამ პროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების ანაზღაურების ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება იყოს მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული. ამავე „პროგრამის“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს: პირის მოსარგებლედ ცნობას/რეგისტრაციას; შეტყობინებას შემთხვევის შესახებ; საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას; შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ან ანაზღაურებაზე უარს.

ზემოაღნიშნული „პროგრამის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, პირის მოსარგებლედ ცნობა ხდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, როგორც ეს არის განსაზღვრული პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა, ინდივიდმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარადგინოს სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში) ან ინდივიდმა მიმართოს პროგრამის/ქვეპროგრამის მიმწოდებელს. პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებლის ან მიმწოდებლის მიერ, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ივსება შესაბამისი ფორმის განაცხადი (რეკვიზიტები, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია). განაცხადის ფორმას განსაზღვრავს განმახორციელებელი.

ამავე „პროგრამის“ მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

დადგენილია, რომ სს „...ი“ წარმოადგენს ზემოაღნიშნული „პროგრამის“ სუბიექტს - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო სსპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო - პროგრამის განმახორციელებელს, რომელიც უფლებამოსილია, დადგენილი პროცედურის გათვალისწინებით, განახორციელოს ინსპექტირება, შესაბამისი შედეგების ამსახველი აქტის გამოცემით. განსახილველი დავის საგანი უკავშირდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებულ ინსპექტირებას, რის შედეგადაც, პროგრამის მიმწოდებელს - სს „...ს“ უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა (სადავო პერიოდში ინსპექტირებაზე უფლებამოსილმა ორგანომ) 2019 წლის 18 სექტემბრის N04-06/11918 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ პაციენტების - მ. გ-ეის, ნ. გ-ეის, თ. გ-ასა და ნ. დ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას - მოსარგებლეებს (პაციენტებს) ჩაუტარდათ ქიმიოთერაპიის გართულების სტაციონარული მკურნალობა ისე, რომ აღნიშნულ შემთხვევებზე არ იყო გაცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვა. ამდენად, „პროგრამის“ მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს და შესაბამის სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი „არ ანაზღაურდება“. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 18 სექტემბრის N04-06/11918 გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარგებლეებს (პაციენტებს) ჩაუტარდათ ქიმიოთერაპიის პროცედურების გართულების სტაციონარული მკურნალობა. აღნიშნული პროგრამული კოდი გულისხმობს გეგმურ სამედიცინო მომსახურებას მატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე (თანხმობის წერილი), რომელიც უნდა გასცეს პროგრამის განმახორციელებელმა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებამ პროგრამის განმახორციელებელ ორგანოში სადავო სამედიცინო შემთხვევები წარადგინა ქიმიოთერაპიული პროცედურის გართულებების კომპონენტით და თითოეულ შემთხვევას მიანიჭა პროგრამული კოდი - C0M001, T81.0-ZYZAOO. ამასთანავე, მოსარჩელე არ უარყოფს, რომ ზოგადად, ქიმიოთერაპიული პროცედურა გეგმურ სამედიცინო მომსახურებას განეკუთვნება, თუმცა მიიჩნევს, რომ მოცემული შემთხვევა განსხვავებულია - სახეზეა არა უშუალოდ ქიმიოთერაპიული პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურება, არამედ უკვე განხორციელებული ქიმიოთერაპიის პროცედურით გამოწვეულ გართულებებთან დაკავშირებული მომსახურება. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება მატერიალიზებულ ვაუჩერს არ საჭიროებდა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, წინააღმდეგობრივია კასატორის პოზიცია, სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის ასანაზღაურებელი თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. სამედიცინო დაწესებულებამ, პროგრამის განმახორციელებლისათვის მიწოდებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევა საჭიროებდა თითოეული შემთხვევისათვის პროგრამული კოდის მინიჭებას. ამასთან, ერთი მხრივ, კასატორი უარყოფს, რომ ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულება წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც გაწეული უნდა იქნას მატერიალიზირებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ ვინაიდან პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში წარადგინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და არსებობდა დაუყოვნებლივი ღონისძიებების განხორციელების საჭიროება, პაციენტებს ხელზე ვერ ექნებოდათ წინასწარ გაცემული საგარანტიო წერილები. ამ პირობებში, პაციენტებს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელზე არ ჰქონდათ მატერიალიზებული ვაუჩერი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული განმარტებით, მოსარჩელე ადასტურებს შესაბამისი მოსმახურებისათვის მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემის საჭიროებას და რეალურად, სადავოდ ხდის მათი წინასწარ გაცემის შეუძლებლობას, განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორმა სათანადო არგუმენტებით ვერ უარყო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პოზიცია, რომ ქიმიოთერაპიის კომპონენტით გადმოცემული ნებისმიერი მომსახურება, ყველა შემთხვევაში გეგმური მომსახურებაა. როგორც ქიმიოთერაპიული პროცედურა, ისე შესაბამისი პროცედურის გართულება საჭიროებს „პროგრამით“ გათვალისწინებული მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას, მე-10 მუხლით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების მიერ მითითებული კოდი მოიაზრებდა გეგმურ სამედიცინო მომსახურებას მატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე, რაც უნდა გაცემულიყო უშუალოდ განმახორციელებლის მიერ ან მიმწოდებლისათვის მიმართვის გზით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის მომენტში, განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტებს ხელთ არ ჰქონდათ გეგმური მომსახურებისათვის საჭირო, წინასწარ გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერი, სს „...ს“ წარმოეშვა „პროგრამის“ მე-10 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება - ინდივიდის მიმართვის საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შეევსო შესაბამისი ფორმის განაცხადი (რეკვიზიტები, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია). საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული ვალდებულება პროგრამის მიმწოდებელს არ შეუსრულებია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო 2019 წლის 18 სექტემბრის N04-06/11918 და 2020 წლის 10 ნოემბრის N10/2668 გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. სს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 16 ნოემბერს N67882252 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე