№ბს-872(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 28 მაისს გ. თ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის №04-916/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი აქტის გამოცემის და 2017 წლის აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის გ. თ-ის სასარგებლოდ დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის (იძულებით განაცდური პერიოდის) თანხის - თვეში 45 ლარის გადახდის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განჩნებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანო და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით გ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა ყოფილიყო დაეტოვებინა სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა. პალატის მითითებით, საქმის მასალების თანახმად, 2005-2012 წლებში გ. თ-ი უწყვეტად სწავლობდა ქ. თბილისის №... საჯარო სკოლაში, თუ არ ჩავთვლით 2005-06 სასწავლო წლის ერთ სემესტრს. ამასთან, ის 2006-2007 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ნაკლებსარწმუნო იყო აპელანტის განმარტება პაპისა და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2005 წლიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის რაიონის სოფელი ...აში მისი მუდმივად ცხოვრების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-იმა რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 და მე-10 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. თ-ი მამის - ბ. თ-ის მიერ, როგორც არასრულწლოვანი, განრიდებულ იქნა ოჯახს და გადაყვანილ იქნა ახალგორის რაიონის სოფელ ...აში, სადაც მუდმივად ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებამდე. კასატორის განმარტებით, ზემოხსენებულ გარემოებას მოწმეები და საქმეში ჩართული მესამე პირები სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ადასტურებენ.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა დაევალა. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ადმინისტრცაიული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო აქტის კანონიერებას. გ. თ-ის მითითებით, მართალია იგი 2005-2008 წლებში ირიცხებოდა №... საჯარო სკოლაში, თუმცა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს და ფაქტობრივად ცხოვრობდა პაპასთან და ბებიასთან ახალგორის რაიონში. კასატორის განმარტებით, მოცემულ პერიოდში მისი დედა დაავადებული იყო შიზოფრენიით და განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდა შვილის მიმართ, რის გამოც, იგი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ...აში. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსის 2019 წლის 2 მაისის MIA 0 19 01116501 წერილი ეფუძნება გაურკვეველ გასაუბრების ოქმებს, შეუძლებელია დადგინდეს გამოკითხულ პირთა ვინაობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. თ-ი დაიბადა 1994 წლის 19 აპრილს და იგი 2008 წელს იყო არასრულწლოვანი. მამას - ბ. თ-ის 2012 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და აღნიშნულის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი სტატუსი მიენიჭა ასევე გ. თ-ის, როგორც არასრულწლოვანს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელის მამას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ახალგორში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, ვინაიდან, გ. თ-ის დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა როგორც არასრულწლოვანს, მამის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით მასაც ჩამოერთვა სტატუსი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება გ. თ-იის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მისი თბილისში ცხოვრების ფაქტს. კერძოდ, საქმეში დაცულია სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებელი) 2019 წლის 21 მარტის MES 2 19 00331853 წერილი, რომლის თანახმად, გ. თ-ი 2000 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის ფუნდამენტურ მეცნიერებებზე პროფილირებულ №...-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის პირველ კლასში 2005 წლის 28 თებერვალს მოსარჩელე ამოირიცხა №... საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-5 კლასიდან ...ის საშუალო სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა 2005 წლის 29 სექტემბერს გ. თ-ი კვლავ ჩაირიცხა ქ. თბილისის №... საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-6 კლასში და 2012 წელს დაამთავრა სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მე-12 კლასი. ამდენად, მოსარჩელე მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ირიცხებოდა სოფელ ...ის საშუალო სკოლაში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსის 2019 წლის 2 მაისის MIA 0 19 01116501 წერილი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ თ-იების ოჯახი ქ. თბილისში, ..., კორპუსი №..., ბინა №...-ში დაახლოებით 2006-2007 წლიდან ცხოვრობდა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები ადატურებს მოსარჩელის თბილისში და არა ახალგორის რაიონში ცხოვრების ფაქტს. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ავტომატურად არ გამორიცხავდა გ. თ-ის თბილისში ცხოვრების ფაქტს.
გ. თ-ის მიერ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი