№ბს-1113(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ეისა და გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 14 მარტს თ. ლ-ეემ და გ. ნ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 თებერვლის №04/5040 გადაწყვეტილების (მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართის შესაძენად შესაბამისი კომპენსაციის - 35000-35000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ისა და თ. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ლ-ეემ და გ. ნ-იმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ-ის და თ. ლ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელეებმა, როგორც დევნილმა ოჯახებმა, სასტუმრო „...ში“ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, კერძო ინვესტორისაგან მიიღეს კომპენსაცია თითოეულმა - 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით, ხოლო მოგვიანებით, უარი თქვეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1940 განკარგულებით გამოყოფილ დამატებითი კომპენსაციის (4260 აშშ დოლარის ოდენობით ეკვივალენტი ლარში) მიღებაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ოჯახების მიერ დაკავებული ოთახების სანაცვლოდ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა მიჩნეულიყო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ლ-ეემ და გ. ნ-იმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სააგენტოს არ გამოუკვლევია, შეთავაზებული კომპენსაციით, მოსარჩელეები რამდენად შეძლებდნენ საცხოვრებელი სახლის საკითხის გადაწყვეტას. სააგენტო არ დაინტერესებულა მოსარჩელეთა პოზიციით, არ მოუსმენია მათთვის.
კასატორების შეფასებით, სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და მტკიცების ტვირთი მოსარჩელეებს დააკისრა.
კასატოებრი მიუთითებენ, რომ მოსარჩელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა იყო შეუსაბამოდ დაბალი, რის გამოც მოპასუხე მხარე არ თავისუფლდება მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ეისა და გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ეისა და გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გ. ნ-ი და თ. ლ-ეე წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომელთა მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.
2011 წელს, გ. ნ-ის და თ. ლ-ეის დევნილ ოჯახებს, მათ მიერ დაკავებული, ქ. თბილისში, ...ს გამზირ №...-ში არსებული დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში (სასტუმრო „...ი“) არსებული ფართიდან გასვლის სანაცვლოდ, შპს „...მ“ გადასცა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1940 განკარგულებით, 2011 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში, ...ს გამზირ №...-ში მდებარე სასტუმრო „...ის“ შენობიდან გამოსახლებული 97 ოჯახის მიერ სასტუმროში ფაქტობრივად დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით საკომპენსაციო თანხის (ოთახზე 14 260 აშშ დოლარი) ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის 1 031 020 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2 მარტის №05-01/06/5335 წერილით, გ. ნ-ის და თ. ლ-ეეს 2017 წლის 22 თებერვლის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ეცნობათ, რომ 2011 წელს ქ. თბილისში, ...ს გამზირ №...-ში მდებარე სასტუმრო „...ში“ მათი ოჯახების მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1940 განკარგულების შესაბამისად, დამატებით გამოეყოთ სათანადო ფულადი კომპენსაცია. იმის გათვალისწინებით, რომ მათ ოჯახებს აღნიშნულ სასტუმროში დაკავებული ჰქონდათ ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართები, 2011 წელს მათ მიერ მიღებულ საკომპენსაციო თანხას - 10.000 აშშ დოლარს, თითოეული ოჯახისათვის დაემატა 4260 აშშ დოლარი. ვინაიდან, მათ ამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადეს, იგი დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გ. ნ-ისა და თ. ლ-ეის საჩივარი არ იქნა განხილული, რადგან არსებობდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. ნ-ისა და თ. ლ-ეის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 2 მარტის №05-01/06/5335 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 თებერვლის №04/5040 გადაწყვეტილებით, გ. ნ-ისა და თ. ლ-ეის საჩივარი, ქ. თბილისში, ...ს გამზირ №...-ში მდებარე სასტუმრო „...ის“ შენობაში დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ დამატებითი საკომპენსაციო თანხის მიღების, ან მათი ოჯახის სულადობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სასამართლოს შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოსარჩელეთათვის, სასტუმრო ...ში დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, განსაზღვრული კომპენსაციის გაცემისას კანონმდებლობის მოთხოვნების დაცულობის შემოწმება და არა განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის სამართლიანობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2011 წელს, გ. ნ-ის და თ. ლ-ეის დევნილ ოჯახებს, მათ მიერ დაკავებული ფართიდან (დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი - სასტუმრო „...ი“) გასვლის სანაცვლოდ, შპს „...მ“ გადასცა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, მოგვიანებით, კასატორებმა უარი თქვეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1940 განკარგულებით გამოყოფილ დამატებითი კომპენსაციის (თითოეულის სასარგებლოდ 4 260 აშშ დოლარის ოდენობით ეკვივალენტი ლარში) მიღებაზე.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1940 განკარგულებით, ცნობად იქნა მიღებული, რომ 2011 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში, ...ს გამზირ № ...-ში მდებარე სასტუმრო „...ის“ შენობიდან (შემდგომში - სასტუმრო) გამოსახლებული დევნილი ოჯახებისათვის საკომპენსაციო თანხის გასაცემად მიიმართა: 256 680 (ორას ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოთხმოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასტუმროდან გამოსახლებული 97 ოჯახის მიერ სასტუმროში ფაქტობრივად დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით საკომპენსაციო თანხის (ოთახზე - 14 260 აშშ დოლარი) ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის 1 031 020 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელეთათვის კომპენსაციის გადაცემა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1940 განკარგულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მთავრობის 2014 წლის განკარგულება საკომპენსაციო თანხის ოდენობის საფუძველად ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა დევნილის მიერ სასტუმრო „...ის“ შენობაში ფაქტობრივად დაკავებული ოთახების რაოდენობას და არა პირთა სულადობას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ სასტუმრო „...ში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს თანაბარი კომპენსაციები დაკავებული ოთახების რაოდენობის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ლ-ეისა და გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი