Facebook Twitter

ბს-281-279 (კ-16) 22 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, გ. ა-ე, მ. ზ-ე, შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-ემ 18.03.2013წ. განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, კერძოდ, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2013წ. განჩინებით მ. მ-ეის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შესახებ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, განჩინება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.

მ. მ-ემ 28.03.2013წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების მ. ზ-ეის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და შპს „...“-ს მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის და კერძო აღმასრულებელ მ. ზ-ეის მიერ ჩატარებული სააღსრულებო წარმოების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასსა და გ. ა-ეს შორის 04.03.2012წ. დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ. მ-ეს გადაეცა 40 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 4%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ. მ-ეის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში მდებარე უძრავი ქონება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 27.08.2012წ. ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ იპოთეკარ გ. ა-ეის მიმართვის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი მ. მ-ეის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსასრულებლად გადაეცა კერძო აღმასრულებელ მ. ზ-ეს, რომელმაც მოსარჩელის თქმით მას არ შეატყობინა იძულებითი აღსრულების ფარგლებში აუქციონის მეშვეობით მისი ქონების რეალიზების თაობაზე. არასწორია საფოსტო უკუგზავნილზე გაკეთებული აღნიშვნა, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...) არ ცხოვრობს და ფართი გაქირავებულია, რადგან მოსარჩელე იმყოფებოდა ბათუმში და მუშაობდა საარჩევნო შტაბში. მოსარჩელე თვლის, რომ იძულებით აუქციონზე მისი უძრავი ქონება გაიყიდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რადგან მ. მ-ეს არ ჰქონდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების დაწყების, ქონების დაყადაღების და აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანის შესახებ, შესაბამისად, მას არ მიეცა საშუალება ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების გზით თავიდან აეცილებინა ქონების იძულებითი რეალიზაცია. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 14.6, 25.6 და 25.7 მუხლებზე მითითებით მ.მ-ემ აღნიშნა, რომ აღმასრულებელმა არ მოითხოვა საფოსტო სამსახურისგან სათანადო წესით გზავნილის ჩაბარება, მიიღო არასათანადოდ შევსებული უკუგზავნილი და დაუსაბუთებლად გამოიყენა ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ წინადადების საჯარო გამოქვეყნება. აღმასრულებელს აგრეთვე არ შეუდგენია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი, რითაც დაარღვია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მოთხოვნები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.2013წ. განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ა-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2014წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. ზ-ეის მიერ 30.08.2012წ. შედგენილი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება, მ. მ-ეის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ 31.12.2012წ. გამართული იძულებითი აუქციონის შედეგები და აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 04.04.2012წ. მ. მ-ესა და გ. ა-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 40 000 აშშ დოლარზე, სამი თვის ვადით, თვეში 4 %-ის დარიცხვით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ. მ-ეის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში მდებარე 55,61 კვ.მ. ფართის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მ. მ-ეის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27.08.2007წ. იპოთეკარმა გ. ა-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ლ. ჭ-ას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 27.08.2012წ. ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მ. მ-ეს გადასახდელი ვალდებულება შეადგენდა სულ 52 754 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. 27.08.2012წ. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების მიზნით 30.08.2012წ. წარედგინა კერძო აღმასრულებელ მ. ზ-ეს, რომელმაც იმავე დღეს შეადგინა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ და შპს „...“-ს მეშვეობით ორჯერ გაუგზავნა მ. მ-ეს, რომელსაც გზავნილი არ ჩაბარდა, ჩაუბარებლობის მიზეზად მიეთითა, რომ ფართი გაქირავებული იყო და მ. მ-ე იქ აღარ ცხოვრობდა. 20.09.2012წ. მ. ზ-ემ ადგილზე მისვლით მოახდინა მ. მ-ეის იპოთეკით დატვირთული ქონების აღწერა და დაყადაღება, რაზეც შეადგინა შესაბამისი აქტი. მ. ზ-ემ შეადგინა ოქმი, რომელშიც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მოვალისათვის ჩაბარების მიზნით გამოცხადდა მოვალის მისამართზე, სადაც გაირკვა, რომ მოვალე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, ერთი წელია ფართი გაქირავებულია მ. დ-იზე და შენობაში ფუნქციონირებს კაფე-ბარი, მ. დ-იის განცხადებით მ.მ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მ.ზ-ემ მიიჩნია, რომ მ. მ-ეისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფობითი შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების სხვა საშუალებები ამოწურული იყო და 26.09.2012წ. მიიღო განკარგულება წინადადების საჯარო გამოქვეყნების შესახებ, რომელიც 27.09.2012წ. განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე. მ. ზ-ეის მოთხოვნით შესრულებული 02.12.2012წ. დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, დაყადაღებული ფართის ღირებულებამ შეადგინა 120 000 ლარი. 31.12.2012წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა იძულებითი (ონლაინ) აუქციონი, რომელზეც გატანილ იქნა მ. მ-ეის კუთვნილი უძრავი ქონება. უძრავი ქონების მესაკუთრე აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულებით გახდა კრედიტორი - გ. ა-ე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ზ-ეის მიერ აღსრულების დაწყებისა და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადების საჯარო გამოქვეყნების პერიოდში მოვალე მ. მ-ეს არ ჰქონია შეცვლილი საცხოვრებელი მისამართი და არც მისი ადგილსამყოფელი იყო უცნობი, აღმასრულებლისთვის ცნობილი იყო მოვალის მისამართი, უძრავი ნივთის მდებარეობა: ქ .ბათუმი, ...ის ქ. №.../...ის ქ. №.... საფოსტო უკუგზავნილში მითითებული იყო, რომ მოვალე მისამართზე არ იმყოფება, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ ნიშნავს მისთვის გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობას და სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობას, რადგან მართალია მოვალე ფაქტობრივად არ იმყოფებოდა მისამართზე, თუმცა შეცვლილი არ ჰქონია საცხოვრებელი ადგილი, ის პერიოდულად მიდიოდა დამქირავებელთან, ამასთანავე 2012 წლის 01 სექტემბრიდან ამავე წლის 01 ოქტომბრამდე იყო ქ. ბათუმში, №... საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ვალდებულია მაქსიმალურად უზრუნველყოს მხარეთა უფლებების დაცვა იმ მხრივ, რომ მხარეს დროულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო მოქმედებებისა და მათი სამართლებრივი შედეგების შესახებ. მ.ზ-ეის მიერ არ ყოფილა ამოწურული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული გზავნილის ჩაბარების შესაძლებლობა, რადგან განხორციელებულ მოქმედებებთან ერთად აღმასრულებელს უნდა გამოეყენებინა სხვა ღონისძიებებიც, კერძოდ, მ. ზ-ეს შეეძლო უფლებამოსილი ორგანოებისგან მოეთხოვა ინფორმაცია მოვალის საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შეცვლის ან სამუშაო ადგილის შესახებ, ასევე შეეძლო დაედგინა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მ. მ-ე საზღვარგარეთ ან მოვალის მოძებნა დაევალებინა პოლიციის შესაბამისი განყოფილების უბნის ინსპექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არასწორად იქნა გამოყენებული სსკ-ის 78-ე მუხლი და მოვალე მ. მ-ეის მიმართ სააღსრულებო მოქმედებები ხელახლა უნდა იქნას ჩატარებული. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია არსებული დოკუმენტაციის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. საქალაქო სასამართლომ სზაკ-ის მე-601 მუხლის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან იგი მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაუცველად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2014წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გ. ა-ემ და მ. ზ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2014წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, გ. ა-ეის და მ. ზ-ეის საპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ სსკ-ის 78-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საჯარო შეტყობინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალებაა, რომელსაც უფლებამოსილმა პირმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ ამოწურულია მხარის ინფორმირების სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა რესურსი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გზავნილები მ.მ-ეს გაეგზავნა მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №..., თუმცა მ. მ-ეის კუთვნილი უძრავი ქონების სრული მისამართია: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №.../...ის ქ. №..., ამასთან ფოსტის მუშაკის ჩანაწერებით პირველ შემთხვევაში გზავნილის მიმღებად მითითებულია მ. დ-იი, როგორც ,,ამხანაგი“ და ,,საიმედო პირი“, ხოლო იმავე თარიღის გზავნილის ეგზემპლარზე მითითებულია, რომ ფართი იყო გაქირავებული და მ. მ-ე აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა. აღნიშნულ მისამართზე ადრესატის არყოფნის შესახებ მითითებულია აგრეთვე მეორე გზავნილზე. პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული საფოსტო დოკუმენტები არ იძლეოდა მ. მ-ეის ადგილსამყოფელის შესახებ უტყუარ ინფორმაციას მათი ბუნდოვანების და ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს სსკ-ის 73-74-ე მუხლების მოთხოვნებს, შესაბამისად კერძო აღმასრულებელს არ უნდა მიეჩნია საჯარო შეტყობინების გამოყენების წინაპირობები შესრულებულად და არ იყო ამოწურული მხარის ინფორმირების ყველა რესურსი. ამასთანავე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულების კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბიუროს გააჩნდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-147 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესის გამოყენების ვალდებულება, რის გამოც სახეზეა სზაკ-ის მე-601 მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2014წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გ. ა-ემ და მ. ზ-ემ.

საკასაციო სასამართლოს 29.10.2015წ. განჩინებით გ. ა-ეის, მ. ზ-ეის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2014წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უფლებამოსილმა პირმა ისე გამოიყენა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალება - საჯარო შეტყობინება (სსკ-ის 78-ე მუხ.), რომ არ იყო ამოწურული მხარის ინფორმირების სსკ-ის 73.1 მუხლით გათვალისწინებული ყველა რესურსი. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 73-ე მუხლში (მე-7 და 71 ნაწილებში) ასახული ქმედებები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისთვის (უბნის ინსპექტორებისთვის), გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის დავალება წარმოადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. მართალია, სააღსრულებო წარმოების სამართლებრივი შედეგი ხშირად არის უძრავი ქონების მოვალის საკუთრებიდან იძულებითი გამოსვლა და რეალიზაცია, რაც მოვალის ინტერესების დაცვის კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სააღსრულებო ქმედებების მართლზომიერად და გულისხმიერად განხორციელებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს აღმასრულებლისათვის ისეთი მოქმედების შესრულების დავალების საფუძველს, რომელიც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებელმა შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნები, კერძოდ, ფოსტის მეშვეობით გზავნილის პირველ შემთხვევაში ჩაუბარებლობის შემდგომ, მეორედ გააგზავნა კორესპონდენცია სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც დამატებით კერძო აღმასრულებელი თავად გავიდა მისამართზე. მხოლოდ აღნიშნული ქმედებების შემდეგ იქნა მიღებული განკარგულება წინადადების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხოლოდ მითითებული ქმედებების (შს ორგანოებისათვის ან თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიმართვა) უშედეგობის, მ.მ-ეისათვის კორესპონდენციის ჩაუბარებლობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი იქნებოდა უფლებამოსილი გამოეყენებინა სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო გამოქვეყნება, არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას მ. მ-ეის საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ბათუმი, ...ის ქ. №..., თუმცა მეორე მხრივ დაზარალებულად ცნობის შესახებ საქმეში დაცული 28.01.2013წ. დადგენილებით (ტ.1, ს.ფ.29), ფართის დამქირავებელ მ. დ-იის და თავად მ. მ-ეის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ 2012 წელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მ. მ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ქ. ...ში. იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ, სააპელაციო პალატას უნდა გაერკვია მ. მ-ეის მისამართზე დროებით არყოფნის პერიოდი და აღნიშნულის კავშირი აღსრულების პროცესთან. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ეის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო აღმასრულებლის - მ. ზ-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.02.2014წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მის საცხოვრებელ ადგილად უთითებდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ფართს. ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის შემთხვევაში, მ. მ-ეს უნდა მიეთითებინა იგი. მ. მ-ეის სხვა მისამართი აღმასრულებლისთვის უცნობი იყო, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე გზავნილი ვერ ჩაბარდა მ. მ-ეის აღნიშნულ მისამართზე არყოფნის გამო. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემდა სააღსრულებო ფურცელს. ამდენად, მ. მ-ეს უნდა ჰქონოდა სააღსრულებო წარმოების მოლოდინი. აღნიშნულის მიუხედავად, მ. მ-ეს კრედიტორისათვის არ უცნობებია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. საქმის მასალებით ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გზავნილების ორჯერ გაგზავნის შემდეგ კერძო აღმასრულებელი მ. ზ-ე 20.09.2012წ. გამოცხადდა მოვალის მისამართზე: ...ის/...ის ქ. №.../..., შეადგინა აღწერა-დაყადაღების აქტი და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი, რომლებშიც მიეთითა, რომ ფართში განთავსებულია კაფე-ბარი, მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფებოდა, ფართი გაქირავებულია მ. დ-იზე, რომლის განმარტებით მ. მ-ეს საქართველოში საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, იგი იმყოფება საზღვარგარეთ და ქირის მისაღებად თავად უკავშირდება დამქირავებელს. აღნიშნულის შემდგომ 26.09.2012წ. მ. ზ-ემ მიიღო განკარგულება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. წინადადება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 27.09.2012წ.. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 73-ე მუხლით სასამართლოს (მოცემულ შემთხვევაში - აღმასრულებელს) შეუძლია უფლებამოსილი ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ან სამუშაო ადგილის შესახებ, მუხლი აღჭურავს აღმასრულებელს უფლებით, თუმცა არ აკისრებს მას ვალდებულებას. მოწესრიგების დისპოზიციური ხასიათი გამორიცხავს სააღსრულებო ქმედების გაუქმების შესაძლებლობას, რადგან თუ აღმასრულებლის მიერ შესრულებულია კანონით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, მინიჭებული დამატებითი უფლებამოსილებების გამოუყენებლობა არ ქმნის სააღსრულებო ქმედებების გაუქმების წინაპირობებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აუქციონის გამართვამდე თითქმის ორი თვით ადრე კერძო აღმასრულებელი მ. ზ-ე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მოვალე მ. მ-ეის წარმომადგენელს ა. ბ-ას და მიაწოდა მას ინფორმაცია იძულებითი აღსრულების მიმდინარეობის და თანმდევი სამართლებრივი შედეგების შესახებ. სატელეფონო საუბრის დროისათვის 08.10.2012წ. მინდობილობის თანახმად ა. ბ-ა უკვე იყო მ. მ-ეის წარმომადგენელი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის მხრიდან სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას დაცული იქნა მოვალისათვის აღსრულების დაწყების შესახებ ინფორმაციისა და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების ჩაბარებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად, კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო მასალების აღსრულების ეროვნულ ბიუროში აუქციონის ჩატარების მიზნით წარდგენისას არ არსებობდა ხარვეზის დადგენის თაობაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რაც საბოლოოდ, სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის კანონიერებაზე მიუთითებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ეის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციით საკუთრების უფლება დაცულია. იძულებითი აღსრულების შედეგად შესაძლებელია საფრთხის ქვეშ დადგეს მოვალის ქონებრივი უფლებები და საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, შესაბამისად, აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის ინფორმირება სავალდებულოა. კასატორი მუშაობდა საარჩევნო კომისიის მდივნად და საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. აღმასრულებელი ვალდებული იყო აღსრულების დაწყების შესახებ ეცნობებინა მოვალისათვის და ემოქმედა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებით. სააპელაციო სასამართლომ არამართებულად გაიზიარა გარემოება იმის შესახებ, რომ აღსრულების შესახებ ინფორმირებული იყო მ. მ-ეის წარმომადგენელი ა. ბ-ა, ვინაიდან აღსრულების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა აუქციონის დასრულების შემდგომ, მ. მ-ეის ბინიდან გამოსახლებისას. ამასთანავე, კასატორმა მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილება სამოქალაქო საქმე სააღსრულებო ფურცლის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.2016წ. განჩინებით მ. მ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მ. მ-ეის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება მ. მ-ეის სარჩელისა გამო მოპასუხეების: გ.ა-ეის, ნოტარიუს ლ. ჭ-ას, მ. კ-ას, ნ. ბ-ეის და თ. ფ-ას მიმართ 04.04.2012წ. №120354610 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, 27.08.2012წ. №120900118 სააღსრულებო ფურცლის, №120335096 მინდობილობის ბათილად ცნობის და სესხის მოცულობის დადგენის მოთხოვნით მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

27.05.2021წ. საკასაციო პალატაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ წარმოდგენილ იქნა 20.11.2020წ. №ას-279-2019წ. განჩინება (კასატორები: გ. ა-ე, ნოტარიუსი ლ. ჭ-ა, მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ე), რომლის თანახმად, გ. ა-ეისა და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2018წ. გადაწყვეტილება ნოტარიუსის მიერ 27.08.2012წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე.

07.06.2021წ. კასატორმა მ. მ-ემ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. ͏განკარგულების გაუქმებისა და ქ. ბათუმში, პ. ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) მ. მ-ეის საკუთრების უფლების დაბრუნების შესახებ. კასატორმა მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2020წ. განჩინებით უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნოტარიუსის ლ. ჭ-ას 27.08.2012წ. სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე. სამოქალაქო საქმეზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გამორიცხავს სააღსრულები წარმოებასა და მის შედეგს, ვინაიდან იგი ნაწარმოებია ბათილად ცნობილი სააღსრულები ფურცლის საფუძველზე, შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. ͏განკარგულება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს. კასატორმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2020წ. განჩინებაზე მითითებით საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, რადგან აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2021წ. განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მ. მ-ეის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება, საქმის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილება, მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ მ. მ-ეის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27.08.2012წ. იპოთეკარმა გ. ა-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ლ. ჭ-ას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 27.08.2012წ. ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ. მ-ეის გადასახდელი ვალდებულება შეადგენდა სულ 52 754 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, დადგინდა იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების რეალიზაცია. 27.08.2012წ. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების მიზნით 30.08.2012წ. წარედგინა კერძო აღმასრულებელ მ. ზ-ეს, რომელმაც იმავე დღეს შეადგინა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ და შპს ,,...“-ს მეშვეობით ორჯერ 05.09.2012წ. და 10.09.2012წ. გაუგზავნა მ. მ-ეს, რომელსაც გზავნილები არ ჩაბარდა. მ. ზ-ემ მიიჩნია, რომ მ. მ-ეისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების სხვა საშუალებები ამოწურული იყო და 26.09.2012წ. მიიღო განკარგულება წინადადების საჯარო გამოქვეყნების შესახებ, რომელიც 27.09.2012წ. განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე. მოვალე მ. მ-ეის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონი გაიმართა 31.12.2012წ., სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულებით აუქციონზე უძრავი ნივთის შემძენი გახდა კრედიტორი გ. ა-ე. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 20.3 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სკ-ის 302.31 მუხლის მიხედვით, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 38.5 მუხლის თანახმად ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე. 27.05.2021წ. საკასაციო პალატაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ წარმოდგენილ იქნა 20.11.2020წ. №ას-279-2019წ. განჩინება (კასატორები: გ. ა-ე, ნოტარიუსი ლ. ჭ-ა, მოწინააღმდეგე მხარე მ. მ-ე), რომლის თანახმად, გ. ა-ეისა და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2018წ. გადაწყვეტილება ნოტარიუსის მიერ 27.08.2012წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან არ იკვეთება მხარეთა ნების გამოვლენა და შეთანხმება სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, ხოლო ნოტარიუსმა მხარეებს სანოტარო აქტში წერილობით განუმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ტექსტი არ აკმაყოფილებდა სპეციალური კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რადგან დასახელებული ნორმით განსაზღვრულ კუმულატიურ პირობებზე მხარეთა შეთანხმება არ ვლინდებოდა. სამოქალაქო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში მკაფიოდ აქვთ შეთანხმებული სესხის ოდენობა, ვალუტის სახე (ლარის კურსთან მიმართება), სესხის ვადამდე დაბრუნების საკითხი, საამისოდ გადასახდელი პროცენტის ოდენობა, პროცენტის გადახდის ათვლის საწყისი, გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გადასახდელი პირგასამტეხლოს სახეები. სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ვადის გადაცილებით მიყენებული შესაძლო ზიანის, პირგასამტეხლოს, სასამართლოს და რეალიზაციის ხარჯების ასანაზღაურებლად მხარეები შეთანხმდნენ მსესხებლის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე, ამ ვალდებულების რეგისტრაციაზე კანონით დადგენილი წესით, აქვე მითითებულია, რომ მესაკუთრე აგრძელებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით სარგებლობას მისი რეალური ღირებულების შენარჩუნებით, ქონების ზიანისა და განადგურების არიდებით და ა.შ., თუმცა არსად არის ასახული მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით კრედიტორი იტოვებს უფლებას, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და მხარეებს განემარტათ შესაძლო სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის მიზნით ნოტარიუსთან წარდგენილი გარიგება (სანოტარო აქტი) არ შეიცავს ასეთ წერილობით შეთანხმებას. ნოტარიუსი არ იყო უფლებამოსილი სააღსრულებო ფურცელი გაეცა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ სანოტარო აქტი, როგორც დამოუკიდებელი აქტი, და არა კრედიტორსა და მოვალეს შორის ხელმოწერილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შეიცავს ჩანაწერს კრედიტორის მიერ ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვის შესახებ, შესაბამისად დარღვეულია „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რაც სააღსრულებო ფურცლის კანონის დარღვევით გაცემაზე მიუთითებს (სკ-ის 54-ე მუხლი). სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 10.3 მუხლზე, რომლის მიხედვით მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონების იმპერატიულ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული. სამოქალაქო სამართლში ნორმები დისპოზიციურ და იმპერატიულ ნორმებად იყოფა. დისპოზიციური სამართლის ნორმების თავისებურება მდომარეობს იმაში, რომ ისინი მოქმედებენ მაშინ, როდესაც მხარეთა მიერ საკითხი არასრულად ან საერთოდ არ არის მოწესრიგებული. დისპოზიციური ნორმების გარდა სამოქალაქო სამართალი მოიცავს ასევე იმპერატიულ ნორმებსაც, რომელთა შეცვლა მხარეებს არ შეუძლიათ. სწორედ, სკ-ის 10.3 მუხლი განსაზღვრავს იმპერატიული ნორმების მიზანს, რომელიც მდგომარეობს იმ კერძო უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაში. იმპერატიული ნორმების დაწესებით მოქმედებები, რომლებიც ამ ნორმებს ეწინააღმდეგება, ბათილია. ბათილობა არის იმპერატიული ნორმების შეუსრულებლობის შედეგი. მოქმედი კანონმდებლობით სანოტარო წესით დამოწმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ იპოთეკის საგნის რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 27.08.2012წ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა, სსკ-ის მე-10 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მართლწინააღმდეგობა, კერძოდ, კანონით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნასთან (მხარეთა შეთანხმება) ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად, დგინდება 27.08.2021წ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონის იმპერატიულ დანაწესებთან შეუსაბამობა, რის გამოც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სააღსრულებო ფურცელი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტები. სანოტარო აქტში იგულისხმება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც არის კრედიტორის კუთვნილი თანხის მოვალისაგან იძულებითი გადახდევინების შესახებ ნოტარიუსის აქტი და გაიცემა კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო დოკუმენტია, რომელიც იძულებით აღსრულებას ექვემდებარება. აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით („ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები). მოვალეს შეუძლია სასარჩელო წესით სადავო გახადოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელს აღსასრულებელი აქტის მნიშვნელობა ეკარგება. სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 147 მუხლის პირველი პუნქტის რედაქციის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებდა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტების აღსრულებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.1 მუხლის დათქმიდან გამომდინარე აღსრულების დასაწყებად სავალდებულოა კრედიტორის მიერ აღმასრულებლისათვის სააღსრულებო ფურცლით მიმართვა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სააღსრულებო ფურცელი არ იწვევს სამართლებრივ შედეგს და სააღსრულებო წარმოების შედეგად გაცემული განკარგულების არამართლზომიერებაზე მიუთითებს. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს კერძო აღმასრულებლის მიერ სანოტარო აქტების აღსრულების შესაძლებლობას. აღმასრულებელი იძულებითი აღსრულების მიზნით მოქმედებების შესრულებას იწყებს არა სანოტარო აქტის, არამედ ამ აქტის საფუძველზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცემული სააღსრულებო დოკუმენტის გადმოცემის შემდეგ. სააღსრულებო ფურცელი არის აღსრულების კანონიერად მიჩნევის უმთავრესი პირობა. იძულებით აღსრულებას ქვემდებარე აქტი და მის საფუძველზე გაცემული კანონშესაბამისი სააღსრულები ფურცელი აღმასრულებელს ანიჭებს სააღსრულებო ფურცელში ასახული მისაღწევი შედეგის თანაზომიერი სააღსრულებო ქმდებების განხორციელების უფლებამოსილებას. ზოგადი წესის მიხედვით, სააღსრულებო მოქმედებების წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო დოკუმენტის გარეშე, ეს უკანასკნელი მოვალის მიმართ იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21.31 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დამატებით აღნიშნული უნდა იყოს აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა, რითაც განისაზღვრება კრედიტორის სასარგებლოდ თანხის მოვალისათვის დაკისრების მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი არის გარკვეული მოქმედების შესრულების შესახებ იმპერატიული მითითების შემცველი სააღსრულებო დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კანონით გათვალისწინებული წესით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების ორგანოები ახორციელებენ იძულებით აღსრულებას მოვალის მიერ ამ დოკუმენტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამდენად, სააღსრულებო ფურცელი არის იძულებითი აღსრულების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და იმპერატიულობას არა მხოლოდ კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ 28.04.2020წ. საქმე №ას-1574-2019). განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს აქტით დადგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის უკანონობა, რომელიც საფუძვლად დაედო კერძო აღმასრულებლის მ. ზ-ეის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყებას, სააღსრულებო მოქმედებების ჩატარებასა და საბოლოოდ, შედეგის სახით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადავო განკარგულების გამოცემას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები. სააღსრულებო წარმოების საფუძვლის უკანონობა გამორიცხავს ასეთი სააღრულებო წარმოების შედეგად მიღებული განკარგულების კანონიერებას. აღნიშნულს არ ცვლის კერძო აღმასრულებლის მიერ 30.08.2012წ. შედგენილი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების და ზოგადად, მის მიერ ჩატარებული სააღსრულებო წარმოების მოთხოვნების დაცულობა. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის გამო ნოტარიუსს იმთავითვე არ გააჩნდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება დაიწყო უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 75.3 მუხლის თანახმად აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოების დამაგვირგვინებელი ეტაპი სწორედ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, შემძენის მიერ უძრავი ქონების შეძენის ღირებულების გადახდის შემდეგ გაიცემა განკარგულება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობით, სააღსრულებო აქტმა დაკარგა აღსასრულებელი აქტის მნიშვნელობა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოებული სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

კასატორი დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში, გარდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის უკანონობაზე მითითებისა, კვლავ უთითებს თავდაპირველ საკასაციო საჩივარში აღნიშნულ პრეტენზიაზე. მიუხედავად იმისა, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ ჩატარებული სააღსრულებო მოქმედებები დაზუსტებული საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს, კასატორი მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების თაობაზე არ იყო ცნობილი მ. მ-ეის წარმომადგენლის ა. ბ-ასათვის, ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ ბინიდან გამოსახლებისას. ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით პრეტენზიის კვლავ არსებობის გამო საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 21.10.2012წ. ოქმით (ტ.1, ს.ფ.108) დასტურდება, რომ კერძო აღმასრულებელი მ. ზ-ე აუქციონის გამართვამდე ორი თვით ადრე - 21.10.2012წ. 13:27 სთ-ზე ესაუბრა მოვალე მ.მ-ეის წარმომადგენელს ა.ბ-ას, რომელსაც განემარტა, რომ მოვალე მ. მ-ეის მიმართ, მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მოსალოდნელი იყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, მოვალის მიერ ვალდებულების დაუყონებლივ შეუსრულებლობის ან მხარეთა შორის მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში. მ. მ-ემ 08.10.2012წ. გასცა =121086947 მინდობილობა 1 წლის ვადით, რომლითაც ა. ბ-ას მიენიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა მ. მ-ე სააღსრულებო ბიუროში ან კერძო აღმასრულებელთან მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისას, შესაბამისად, სატელეფონო საუბრის დროისათვის - 21.10.2012წ. ა. ბ-ა, 08.10.2012წ. მინდობილობის თანახმად, უკვე იყო მ. მ-ეის წარმომადგენელი. სსკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით შეტყობინება ბარდება მხარეს ან მის წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მარწმუნებელს. შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამასთანავე, შეტყობინება მხარეს ან მის წარმომადგენელს შესაძლებელია ჩაბარდეს არამარტო ფოსტის, არამედ ტექნიკური საშუალების (ტელეფონის, ფაქსის) გამოყენებით, რის შესახებაც უნდა შედგეს სათანადო აქტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის შეტყობინების ჩაბარებას (სსკ-ის 73-ე მუხ.). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აუქციონის გამართვამდე თითქმის ორი თვით ადრე კერძო აღმასრულებელი მ. ზ-ე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მოვალე მ. მ-ეის წარმომადგენელს ა. ბ-ას და მიაწოდა მას ინფორმაცია იძულებითი აღსრულების მიმდინარეობის და თანმდევი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

დაზუსტებული საკასაციო საჩივრით კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.02.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულების გაუქმება და უძრავ ქონებაზე მ. მ-ეის საკუთრების უფლების დაბრუნების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო განკარგულების ბათილად ცნობა თავისთავად მოიცავს ჩატარებული სააღსრულებო წარმოების უსაფუძვლობას, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული სახით დაზუსტება არ გულისხმობს დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას, რაც საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუშვებელია (სსკ-ის 406-ე მუხ.). საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ. ბათუმში, ...ის ქ. №.../... ...ის ქ. №...-ში მდებარე 55,61 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია გ. ა-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.01.2013წ. განკარგულება. საკასაციო სასამართლო ყურდაღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება მესამე პირის - გ. ა-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ასევე მოსარჩელეს მოპასუხედ არ დაუსახელებია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დავის საგანია ამ უფლების რეგისტრაციის საფუძველი - აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება. განსახილველი დავის საგანი არ უკავშირდება უძრავ ნივთზე მესამე პირის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებას, სარჩელის საფუძველს იმთავითვე სააღსრულებო მოქმედებების უკანონოდ აღიარება წარმოადგენდა, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას რეგისტრაციის გაუქმებაზე. ამ საკითხის გადაწყვეტა (საკუთრების უფლების რეგისტრაცია) მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, გ. ა-ეის სახელზე რეგისტრაციის კანონიერების საკითხი სცილდება მოცემული დავის საგნის ფარგლებს. საკუთრების უფლების რეგისტრაცია (აღდგენა) გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რაც სარეგისტრაციო ორგანოსადმი პირის მიმართვას, სარეგისტრაციო წარმოების შედეგად აქტის გამოცემას საჭიროებს, ამასთან, ასეთი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შესაძლებელია შეადგენდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 23-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლითაც გათვალისწინებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესი, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს ასევე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობას. მსგავს დანაწესს ითვალისწინებდა მანამდე მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-17 მუხლი. ამდენად, მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგება სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებას და გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას უკავშირებს დაინტერესებული პირის მოთხოვნას. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღდგენის (რეგისტრაციის) მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ მიუმართავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა ამ ეტაპზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს აღნიშნულ საკითხს, რაც ცალკე დავის საგანს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. მ-ეის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.01.2013წ. №ა12048915-013/001 განკარგულება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მ. მ-ეის (პირადი ͏͏№...) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის, საქალაქო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი