საქმე №ბს- 955(კ-20) 16 მარტი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-იმა 30.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 28.09.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის ა. მ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.06.2019წ. გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2020წ. განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.06.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 24.08.2018წ. დამტკიცებული ა. მ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა. გენერალური ინსპექციის მოსაზრებით, ა. მ-იმა ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა ა. მ-ის სათამაშო აპარატების სალონში შესვლასა და თამაშში. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ა. მ-ის მიერ მსგავსი ქმედებების ჩადენა საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის კაპიტან ა. მ-ის მიმართ გამოყენებულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. აღნიშნული საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 28.09.2018წ. ბრძანებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად. ამდენად, ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა სააპელაციო პალატამ მიიჩნია მართებულად და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო - საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს და მკვეთრად მიჯნავს მათ საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისგან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსამსახურის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ ა. მ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავოდ გამხდარი ბრძანება ბათილად არ ცნო, არ არსებობდა ა. მ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-იმა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ა. მ-ის სამორინე „...ში“ შესვლის ფაქტი. საქმეში დაცული მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია ვიდეო ჩანაწერის სახით არის საეჭვო ხარისხის, სადაც ბუნდოვნად ჩანს მოთამაშე პიროვნება და არ არის დაფიქსირებული პირის კაზინოში შესვლისა და კაზინოდან გამოსვლის ფაქტი, შესაბამისად დაუდგენელია ჩანაწერში დაფიქსირებული პირის სამორინეში შესვლისა და გატარების ზუსტი დრო. არსებული რაკურსითა და ჩანაწერის ხარისხის მიხედვით შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება. ა. მ-ი ყურადღებას ამახვილებს მოწმის ახსნა-განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულით დასტურდება მოცემული დროის მონაკვეთში მისი სხვა ადგილზე ყოფნის ფაქტი და შესაბამისად, შეუძლებლად მიიჩნევს ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილზე მის ყოფნას. ა. მ-ი არ იზიარებს გენერალური ინსპეციის დასკვნას და აღნიშნავს, რომ დროის მცირე მონაკვეთსა და პიკი საათის გათვალისწინებით, შეუძლებელია მოესწრო სან-ზონის დასახლებიდან ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა. ამასთნავე, სათამაშო ბიზნესი საქართველოში ლეგალიზებულია, ყველა სრულწლოვანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად შევიდეს სამორინეში და ისე გაატაროს დრო, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მოპასუხის მოსაზრებით, ყველა ადამიანი, ვინც კაზინოში შესულა და უთამაშია დაბალი მორალური და პიროვნული კულტურის მატარებელია. ხსენებულიდან გამომდინარე კასატორი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს მსგავსი სახის დაწესებულებები. სადავო ქმედების ჩადენის მონაკვეთში ის იმყოფებოდა შვებულებაში და არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, შესაბამისად არ ატარებდა სამსახურებრივ ფორმას და შეუძლებელი იყო მისი იდენტიფიცირება, როგორც პოლიციის თანამშრომლის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ 24.07.2018წ. პოლიციის კაპიტანი ა. მ-ი იმყოფებოდა სათამაშო აპარატების სალონში და თამაშობდა სათამაშო აპარატზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ 2.4 მუხლის თანახმად, პოლიციელს ეკრძალება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის) სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა, აკრძალულია აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.03.2010წ. №318 ბრძანებით (1-ლი პ.). აღსანიშნავია, რომ ა. მ-ი ინფორმირებული იყო აღნიშნული აკრძალვის შესახებ, საწინააღმდეგო ა. მ-ის დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ მიუთიებია. შესაბამისად, ა. მ-იმა სათანადო ცოდნის პირობებში განახორციელა ნორმატიულად აკრძალული ქმედება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში თავად უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს მას („საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ 1.2 მუხ.), საჯარო სამსახურის სხვა მოხელისაგან განსხვავებით პოლიციელის მიმართ ქცევის უფრო მაღალი სტანდარტია დაწესებული (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ 17.12.1979წ. N34/168 რეზოლუციით დამტკიცებული „მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხ.). გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ 2.4 მუხლი, რომელიც სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლას კრძალავს, მოქმედებდა როგორც ქმედების განხორციელების, ასევე სადავო აქტის გამოცემის პროცესში, რის გამო ა. მ-ი ვალდებული იყო შეესრულებინა მისი მოთხოვნა, ნორმაში ასახული აკრძალვის არასამართლიანად მიჩნევის შემთხვევაშიც. ძალაში მყოფი ნორმატიული მოწესრიგების სავალდებულოობის თვალსაზრისით, მხარის სუბიექტური დამოკიდებულება განმსაზღვრელი არ არის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არარელევანტურია კასატორის მოსაზრება სამორინეში შესვლისა და გატარებული ზუსტი დროის შესახებ, ვინაიდან სადავო აქტის კანონიერების შეფასებისას მნიშვნელობის არმქონეა კასატორის მიერ სათამაშო აპარატების სალონში გატარებული დროის ხანგრძლივობა, დავის გადაწყვეტისათვის არსებითია აკრძალული ქმედების პირის მიერ ჩადენის ფაქტი, რაც ცალსახად დასტურდება საქმეში დაცული მტკიცებულებით.
კასატორის მითითება შვებულებაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით, არ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას. „პოლიციის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სამინისტროს მოსამსახურის შვებულება იწვევს სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერებას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა სამართლებრივი სტატუსი ამ პერიოდში პირს შენარჩუნებული აქვს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. სადავო აქტი გამოცემულია კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად, კასატორი ვერ ასაბუთებს მის არამართლზომიერებას. ვინაიდან არ დასტურდება ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, არ არსებობს თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი