Facebook Twitter

№ბს-1215(2კ-19) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

კასატორი (მოპასუხე) - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 29 მარტს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 17 ოქტომბრის №046/2016 დასკვნისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 თებერვლის №335 ბრძანების (მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-ეის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 17 ოქტომბრის №046/2016 დასკვნა; ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 თებერვლის №335 ბრძანება, მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეებს დაევალათ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებaზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ აღმოსავლეთ საქართველოში 2016 წლის 17 ოქტომბერს გასცა №1132/01 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ე (პ/ნ ...) დაბადებიდან 1985 წლამდე ცხოვრობდა ქ. ტყვარჩელში.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2003 წლის 31 დეკემბერს გაცემული დევნილის მოწმობის თანახმად, მ. მ-ეის, ოჯახის ნომრით 01312, დროებით მისამართად დაფიქსირდა: ...ის ქ. №17.

დაბადების მოწმობის თანახმად, (ნოტარულად დამოწმებული 2017 წლის 10 აპრილს) ა. რ-ი დაიბადა ... წლის ...ს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ...ში. მისი მშობლები არიან ს. რ-ი და მ. რ-ი. 2017 წლის 10 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის თანახმად, დ. რ-ი დაიბადა - ... წლის ...ს ცხინვალის რაიონში, სოფელ ...ში. მისი მშობლები არიან ს. რ-ი და მ. რ-ი.

მ. მ-ემ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენ სამუშაო ჯგუფს №46 განცხადებით მიმართა 2016 წლის 12 ოქტომბერს და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. იმავე განცხადების თანახმად, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გორის რაიონის, სოფელ ...ში, ხოლო 2001 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში.

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 17 ოქტომბრის №046/2016 დასკვნის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა მ. მ-ეის 2016 წლის 12 ოქტომბრის №46 განცხადება, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. განსახილველი საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მ. მ-ე ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ოჯახთან ერთად (მეუღლე - 2003 წელს გარდაცვლილი ს. რ-ი, შვილები - დ. რ-ი და ა. რ-ი) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე საკუთრებაში ფლობდა საცხოვრებელ ბინას და მიწის ნაკვეთებს. აღნიშნულ სოფელში ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა 1998 წლამდე, ხოლო 1998 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამის შემდგომ, ისინი ზაფხულობით, სეზონურად ბრუნდებოდნენ სოფელ ...ში მდებარე, კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში.

მ. მ-ემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მიმართა 2016 წლის 20 ოქტომბრის №52116/01 განცხადებით და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. მისი განმატებით, დაიბადა ქ. ტყვარჩელში, 1964 წლის 26 ივლისს. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ქ. ტყვარჩელში. 1985 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ომის დაწყებამდე მუშაობდა ქ. ცხინვალის რაიონულ პოლიკლინიკაში. ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის სოფელში, სადაც 1998 წლამდე ცხოვრობდა, თუმცა ეს საცხოვრებელი მიატოვა გაუსაძლისი პირობების გამო.

ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, მ. მ-ეს (პ/ნ ...) ჩაუტარდა გასაუბრება 2016 წლის 27 ოქტომბერს. გასაუბრებისას მ. მ-ემ განაცხადა, რომ დაიბადა 1964 წლის 26 ივლისს. 1984 წელს დაოჯახდა ...ში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა დედამთილთან - მა. რ-ითან (გარდაიცვალა 1999 წელს), მეუღლესთან - ს. რ-ითან (გარდაიცვალა 2003 წელს) და შვილებთან - დ. და ა. რ-იებთან ერთად. შვილები არ არიან დევნილები და ცხოვრობენ მოსკოვში. იძულებით გადაადგილების შემდგომ ცხოვრობს მამასთან - ა. მ-ესთან ერთად, რომელიც დევნილია და ცხოვრობს გორში. მ. მ-ემ დაამთავრა ტყვარჩელის №... საშუალო სკოლა 1980 წელს და სწავლა გააგრძელა რუსეთში 1985 წელს, აქვს საშუალო და ტექნიკური განათლება. იძულებით გადაადგილებამდე, 1985-1991 წლებში, იგი მუშაობდა ცხინვალის რაიონის პოლიკლინიკაში, ...ად. იძულებით გადაადგილებამდე მის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა გორში, ...ში მდებარე ორსართულიანი სახლი. მუდმივი საცხოვრებელი დატოვა 1998 წელს და ამის შემდგომ მუდმივად ცხოვრობს რუსეთში, რადგან სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი იყო. სახლის დატოვების შემდეგ, აღარ დაბრუნებულა და ამჟამად ცხოვრობს ქ. გორში, ...ის ქუჩაზე არსებულ №... ...ო ...ის შენობაში. მეუღლე 1991 წლამდე ქ. ცხინვალში მუშაობდა მძღოლად.

მ. მ-ეს აქვს ორმაგი მოქალაქეობა. შვილებს 1998 წლამდე სკოლაში არ უვლიათ, ხოლო 1998 წელს სწავლა დაიწყეს რუსეთში. 2002 წლიდან საკუთრება გააჩნია რუსეთში. 1997 წლიდან მას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, მაგრამ შემდგომ რეგისტრაციები ვერ გაიარა. ამონარიდით იძულებით გადაადგილებულ პირთა სიიდან, რომელიც შეივსო 1996 წლის 17 აგვისტოს, დგინდება, რომ სხვა პირებთან ერთად მ. მ-ეის, დ. და ა. რ-იების დროებით მისამართს წარმოადგენდა ქ. გორი, ...ის ქ. №17, იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდნენ ტყვარჩელში, ...ის 1, 6/16-ში.

ბ. ა-ის, ლ. მ-ის, ი. მ-ის, ვ. მ-ის, ნ. მ-ეის და სხვათა 2016 წლის 23 ოქტომბრის განცხადებით დგინდება, რომ მ. მ-ე 1998 წლამდე ქმარ-შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში, სოფლიდან მოშორებით, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული იყო ოსებისა და რუსების ჯარი. ოჯახს შიშის ქვეშ უწევდა ცხოვრება მუდმივი სროლების გამო, რასაც ემატებოდა ის, რომ მათ სახლში განლაგებული იყო სამხედრო ნაწილი და ქართულ ბლოკ-საგუშაგოები. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული პერიოდი მ. მ-ე შვილებთან ერთად თავს აფარებდა ბ. ა-ის ოჯახს, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. ამის შემდეგ, მართალია იგი სისტემატიურად ჩადიოდა სოფელ ...ში, მაგრამ ღამეს ატარებდა სხვადასხვა ოჯახებში, რადგან მათ სახლში ცხოვრება საშიში იყო.

მ. მ-ეის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2017 წლის 25 იანვარს ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოიკითხნენ: ი. მ-ი და ბ. ა-ი. ი. მ-იმა განმარტა, რომ დაიბადა ... წელს, ქ. ცხინვალში, საშუალო განათლება მიიღო სოფელ ...ში და ბავშვობიდან იცნობს მ. მ-ეს. მისი განმარტებით, მ. მ-ეის საცხოვრებელ სახლს იყენებდნენ სამხედრო პირები, რის გამოც მისი ოჯახი ცხოვრობდა სხვადასხვა ნათესავის სახლში. დაახლოებით მე-3 და მე-4 კლასში იყვნენ ა. და დ. რ-ები, როდესაც სწავლობდნენ რუსეთში, თუმცა არ ახსოვს რომელ სკოლაში დაიწყეს მათ სწავლა. მას ასევე, არ ახსოვს მ. მ-ეის ოჯახი როდის წავიდა რუსეთში საცხოვრებლად. მისი ინფორმაციით, მ. მ-ეის ოჯახს არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, გარდა იმ სახლისა, რომელიც მდებარეობდა სოფელ ...ში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს 2017 წლის 15 თებერვალს მოხსენებითი ბარათით მიმართა იმავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მ. მ-ეისათვის (პ/ნ ...) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად, მ. მ-ესთან მიმართებაში არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 თებერვლის №01-02/06-1476 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 თებერვლის №335 ბრძანების თანახმად, მ. მ-ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ბ. ა-ის განმარტებაზე, რომ იგი ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონში, ...ს დევნილთა დასახლებაში და მუშაობს ...ში, ...ად. მ. მ-ეს იცნობს სოფელ ...იდან, კერძოდ, ისინი ცხოვრობდნენ ერთ უბანში, თავად ცხოვრობდა ქვემოთ, ხოლო მ. მ-ე - ზემოთ, ტყის პირას. მ. მ-ემ 1991 წელს დატოვა სოფელი და ამის შემდგომ, ზაფხულობით ჩადიოდა სოფელში, მეზობლებთან სტუმრად. კუთვნილ სახლში ვეღარ რჩებოდა. მ. მ-ე ჯერ ცხოვრობდა დევნილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ ფართში, რომელიც მდებარეობდა რუსთავში, შემდეგ კი ოჯახთან ერთად გადავიდა რუსეთში. მისივე განმარტებით, პერიოდულად სროლების გამო, მ. მ-ეს ეშინოდა თავის სახლში დარჩენა, მით უმეტეს, პატარა ბავშვებთან ერთად. ერთი პერიოდი ქართული ჯარი იდგა მის სახლში. მათი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდა სოფელ ...ს საზღვართან, ტყის პირას, ხოლო იმ დროისთვის სოფელი ... დაიცალა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად სროლებიც იყო და საშიში იყო ...ს სიახლოვეს ცხოვრება, ჩაითვალა, რომ ომი არ იყო. თავად ბ. ა-ი ცოტა ხნით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ, 1994 წლის შემდეგ, წავიდა რუსეთში, თუმცა ბავშვებმა ვერ შეძლეს იქ ცხოვრება და საცხოვრებლად დაბრუნდნენ სოფელში. საბოლოოდ, ბ. ა-იმა 2008 წელს დატოვა საცხოვრებელი სახლი.

მოწმის სტატუსით გამოკითხული შ. ბ-ის განმარტებით, იგი ცხოვრობს გორში, დევნილთა დასახლებაში. მ. მ-ე არის მისი დისშვილის მეუღლე და იგი ცხოვრობდა სოფელ ...ში მდებარე ორსართულიან სახლში. ყველაზე ახლო მეზობელი ცხოვრობდა მისი სახლიდან 50-60 მეტრში. იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ-ეს და მის მცირეწლოვან შვილებს ძალიან ეშინოდათ, ხშირად იყვნენ შ. ბ-ის ოჯახში; მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იყო სროლები. მუდმივი შიშის გამო, ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ რუსთავში, სადაც 2-3 თვე ცხოვრობდნენ მისი დისშვილის ოჯახში და შემდეგ სადღაც შენობაში. მართალია მ. მ-ე პერიოდულად სოფელში ჩადიოდა, მაგრამ შიშის გამო ღამეს სახლში არ ატარებდა. სახლი მეზობელს ჰქონდა დატოვებული. მ. მ-ე მოგვიანებით ოჯახთან ერთად წავიდა რუსეთში. სოფელში იყო დაძაბული მდგომარეობა, გარდა სროლისა, ადგილი ჰქონდა ადამიანთა მკვლელობასაც; აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ სოფელ ...დან ძალიან ბევრი წავიდა, თუმცა აქეთ მხრიდან ცოტანი იყვნენ წასულები.

მოწმის სტატუსით გამოკითხული ნ. ტ-ის განმარტებით, იგი ცხოვრობს გორის დასახლებაში, ...ის კოტეჯებში. ადრე ცხოვრობდა სოფელ ...ში. მ. მ-ემ სოფელი დატოვა 1991 წლიდან, ვინაიდან მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა და ისინი ძალიან იყვნენ შეშინებულები. მან აღინიშნა, რომ მათი საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა შემაღლებულ ადგილას, საიდანაც კარგად ჩანდა ყველაფერი და უფრო საშიში იყო. თავად ნ. ტ-ი ცხოვრობდა მათი სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში, მაგრამ დაბლობზე და შედარებით შეუმჩნეველ ადგილას. 1988 წლიდან სოფელში იყო დაძაბული სიტუაცია, რის გამოც მისი ბავშვებიც ცხოვრობდნენ დეიდასთან, გორში. სოფელი ... ფაქტიურად დაცლილი იყო ქართველი მოსახლეობისაგან. მისი ინფორმაციით, იმ პერიოდისათვის გარკვეული პირები სარგებლობდნენ დევნილის სტატუსით, თუმცა ძირითადად ცხინვალის მაცხოვრებლები. ნ. ტ-ის განმარტებით, მ. მ-ე სოფელში ჩასვლის შემთხვევაში ღამეს ატარებდა სხვებთან, მას ნივთებიც კი ნ. ტ-ის სახლში ჰქონდა დატოვებული. მისივე განმატებით, მიუხედავად არსებული მძიმე სიტუაციისა, 1992-94 წლებში სოფელ ...ში ცხოვრება მაინც შეიძლებოდა. საგანგებო სიტუაციის მიუხედავად, სკოლა არასოდეს არ დახურულა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების საფუძველს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მ. მ-ეს დევნილის სტატუსი მიენიჭა ქ. ტყვარჩელში რეგისტრაციის გამო 1996 წლიდან, მ. მ-ე 1984-85 წლებიდან ცხოვრობდა სოფელ ...ში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკითხული მოწმეების მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ემ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არეულობის გამო ფაქტობრივად დატოვა 1991 წელს, ვინაიდან მ. მ-ეის საცხოვრებელი სახლი სოფელ ...ში მდებარეობდა სოფელ ...ს საზღვართან, ტყის პირას, შემაღლებულ ადგილას, საიდანაც კარგად ჩანდა ყველა ადგილი. მ. მ-ეის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იყო სროლები. ომის დროს სოფელი ... სრულებით დაიცალა. მ. მ-ეის საცხოვრებელ სახლში ქართული ჯარი იყო დაბანაკებული და განლაგებული იყო ქართული ბლოკ-საგუშაგოები. იმ პერიოდში და შემდეგაც მუდმივი შიშის გამო, მ. მ-ე მცირეწლოვანი შვილებთან ერთად, მეზობლების სახლში ათევდა ღამეს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ეის საცხოვრებელი სახლის სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულ ადგილას მდებარეობის გამო, მას და მის ოჯახს 1991 წლიდანვე შეეზღუდა იქ ცხოვრების შესაძლებლობა. უშუალოდ მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, იყო გამუდმებული სროლა, შეტაკებები, რის გამოც მის სახლში ცხოვრება შეუძლებელი გახდა და მოსარჩელეს შვილებთან ერთად დარჩენა და ღამის გათენება უწევდა მეზობლებისა და ნათესავების ოჯახებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება. მ. მ-ე, როგორც მოწმეები განმარტავდნენ, 1991 წლიდან 1998 წლამდე მართალია პერიოდულად ჩადიოდა ოჯახთან ერთად სოფელ ...ში, თუმცა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის გამო საკუთარ საცხოვრებელ სახლში ყოველდღიური ცხოვრების შესაძლებლობას მოკლებული იყო, რის გამოც იძულებული ხდებოდა სხვა პირთა სახლებში გაჩერებულიყო.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 17 ოქტომბრის №046/2016 დასკვნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 თებერვლის №335 ბრძანება გამოცემული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხი გამოეკვლია ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე მხოლოდ ამის საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაუსაბუთებლად მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მ. მ-ე ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილად მაშინ, როდესაც საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან აშკარად ირკვევა, რომ მ. მ-ეს დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა აფხაზეთიდან დევნილობის საფუძვლით, რადგან დაიბადა და გათხოვებამდე ცხოვრობდა ქალაქ ტყვარჩელში, ...ის 1, 6/16-ში. იმ პერიოდში დევნილის სტატუსი გაიცემოდა პასპორტის ჩანაწერის მიხედვით იმ პირებზე, რომლებიც აფხაზეთში იყვნენ რეგისტრირებული.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სწორედ აფხაზეთი წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიას 1996 წლისათვის და არა ერედვი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სოფელი ...ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაიკარგა და არა მანამდე, როდესაც იგი დატოვა მოსარჩელემ. მართალია, სოფელი ...ი მდებარეობდა ცხინვალთან ახლოს, ზოგჯერ ისმოდა სროლის ხმა, მაგრამ სოფელი ამის გამო არასდროს დაცლილა. თავად მოწმეებიც მიუთითებდნენ, რომ მიუხედავად სოფელში არსებული მძიმე სიტუაციისა, 1992-1994 წლებში სოფელი ...ში ცხოვრება მაინც შეიძლებოდა. 2008 წლის ოკუპაციამდე სოფელში ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობდა, ფუნქციონირებდა სკოლა და მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ეცხოვრა საკუთარ სახლებში. კასატორის მითითებით, მოწმეები არ უთითებდნენ ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე, როგორიცაა თავდასხმა, მკვლელობა, მუდმივი საცხოვრებლის დატოვების იძულება, რაც შეიძლება მ. მ-ეის შიშის საფუძველი გამხდარიყო. მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ ქართული ჯარი სოფელში იდგა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის მშვიდობის უზრუნველსაყოფად და არა საომარი მოქმედებების წარმოებისათვის.

მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, კასატორები აღნიშნავენ, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილების მიღებისას სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაეყრდნო 2016 წლის 23 ოქტომბრის მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მ. მ-ემ სოფელი ...ი დატოვა 1998 წელს. განცხადებას ხელს აწერდა სხვა მოწმეებთან ერთად ბ. ა-იც, რომელმაც შემდგომ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თითქოს მოსარჩელემ სოფელი დატოვა 1991 წელს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მართალია დაადგინა მ. მ-ეის მიერ სოფლის დატოვების ფაქტი, მაგრამ აღარ იმსჯელა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის წინაპირობებზე, რომლის მიხედვით მუდმივი საცხოვრებლის დატოვების საფუძველი უნდა იყოს იძულება და დევნილს არ უნდა ჰქონდეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. კასატორების მითთებით, მ. მ-ეს შიშის გამო რომც დაეტოვებინა სოფელი ...ი 1991 წელს, საჭიროა არსებობდეს მეორე წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც დევნილს არ უნდა ჰქონდეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. იმ მომენტში, როდესაც მოსარჩელემ დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და საზღვარგარეთ წავიდა, სოფელი ...ი იმყოფებოდა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. სოფელში განთავსებული ჯარი არც მის და არც მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა, არამედ ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას და მოსახლეობის დაცვას. რეალურად მ. მ-ემ საკუთარი სურვილით, მატერიალური გაჭირვების გამო დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და წავიდა საზღვარგარეთ. 2008 წლამდე მას სოფელში დაბრუნება და ცხოვრება თავისუფლად შეეძლო.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ერედვის მუნიციპალიტეტი და შესაბამისად, სოფელი ...იც ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდგომ, როდესაც საომარი მოქმედებების გამო მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი და სურვილის მიუხედავად დღემდე ვერ ბრუნდება უკან. ერედვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს სწორედ 2008 წლის შემდგომ მიენიჭათ დევნილის სტატუსი და მ. მ-ესაც იმავე წესით მიენიჭებოდა დევნილის სტატუსი, მაგრამ 2008 წელს მას უკვე დატოვებული ჰქონდა არამარტო სოფელი ...ი, არამედ საქართველო. ცხოვრობდა, მუშაობდა და ქონება გააჩნდა რუსეთში და არის რუსეთის მოქალაქეც. მას საცხოვრებელი იძულებით არ დაუტოვებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ აღმოსავლეთ საქართველოში 2016 წლის 17 ოქტომბერს გასცა №1132/01 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ე (პ/ნ ...) დაბადებიდან 1985 წლამდე ცხოვრობდა ქ. ტყვარჩელში.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2003 წლის 31 დეკემბერს გაცემული დევნილის მოწმობით დგინდება, რომ მ. მ-ეის, ოჯახის ნომრით 01312, დროებით მისამართად დაფიქსირდა: გორი, ...ის ქ. №17.

2017 წლის 10 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობით დგინდება, რომ დავიდ რ-ი დაიბადა 1985 წლის ...ს ცხინვალის რაიონში, სოფელ ...ში. მისი მშობლები არიან ს. რ-ი და მ. რ-ი.

2017 წლის 10 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობით დგინდება, ა. რ-ი დაიბადა ... წლის ...ს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ...ში. მისი მშობლები არიან ს. რ-ი და მ. რ-ი.

2016 წლის 12 ოქტომბერს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენ სამუშაო ჯგუფს და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. ამავე განცხადების თანახმად, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გორის რაიონში, სოფელ ...ში, ხოლო 2001 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში.

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 17 ოქტომბრის №046/2016 დასკვნით დგინდება, რომ სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა მ. მ-ეის 2016 წლის 12 ოქტომბრის №46 განცხადება, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მ. მ-ე ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ოჯახთან ერთად (მეუღლე - 2003 წელს გარდაცვლილი ს. რ-ი, შვილები - დ. რ-ი და ა. რ-ი) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე საკუთრებაში ფლობდა საცხოვრებელ ბინას და მიწის ნაკვეთებს. აღნიშნულ სოფელში ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა 1998 წლამდე, ხოლო 1998 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამის შემდგომ, ისინი ზაფხულობით, სეზონურად ბრუნდებოდნენ სოფელ ...ში მდებარე, კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში.

2016 წლის 20 ოქტომბრის მ. მ-ემ №52116/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. მისი განმატებით, დაიბადა ქ. ტყვარჩელში, 1964 წლის 26 ივლისს. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ქ. ტყვარჩელში. 1985 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ომის დაწყებამდე მუშაობდა ქ. ცხინვალის რაიონულ პოლიკლინიკაში. ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის სოფელში, სადაც 1998 წლამდე ცხოვრობდა, თუმცა ეს საცხოვრებელი მიატოვა გაუსაძლისი პირობების გამო.

ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, მ. მ-ეს (პ/ნ ...) ჩაუტარდა გასაუბრება, 2016 წლის 27 ოქტომბერს. გასაუბრებისას მ. მ-ემ განაცხადა, რომ დაიბადა 1964 წლის 26 ივლისს. 1984 წელს დაოჯახდა ...ში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა დედამთილთან - მა. რ-ითან (გარდაიცვალა 1999 წელს), მეუღლესთან - ს. რ-ითან (გარდაიცვალა 2003 წელს) და შვილებთან - დ. და ა. რ-იებთან ერთად. შვილები არ არიან დევნილები და ცხოვრობენ მოსკოვში. იძულებით გადაადგილების შემდგომ ცხოვრობს მამასთან - ა. მ-ესთან ერთად, რომელიც დევნილია და ცხოვრობს გორში. მ. მ-ემ დაამთავრა ტყვარჩელის №6 საშუალო სკოლა 1980 წელს და სწავლა გააგრძელა რუსეთში, 1985 წელს. აქვს საშუალო და ტექნიკური განათლება. იძულებით გადაადგილებამდე, 1985-1991 წლებში, იგი მუშაობდა ცხინვალის რაიონის პოლიკლინიკაში, ...ად. იძულებით გადაადგილებამდე მის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა გორში, ...ში მდებარე ორსართულიანი სახლი. მუდმივი საცხოვრებელი დატოვა 1998 წელს და ამის შემდგომ მუდმივად ცხოვრობს რუსეთში, რადგან სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი იყო. სახლის დატოვების შემდეგ, აღარ დაბრუნებულა და ამჟამად ცხოვრობს ქ. გორში, ...ის ქუჩაზე არსებულ №9 ...ო ...ის შენობაში. მეუღლე 1991 წლამდე, ქ. ცხინვალში მუშაობდა მძღოლად.

მ. მ-ე არის ორმაგი მოქალაქე. შვილებს 1998 წლამდე სკოლაში არ უვლიათ, ხოლო 1998 წელს სწავლა დაიწყეს რუსეთში. 2002 წლიდან საკუთრება გააჩნია რუსეთში. 1997 წლიდან მას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, მაგრამ შემდგომი რეგისტრაციები ვერ გაიარა.

ამონარიდით იძულებით გადაადგილებულ პირთა სიიდან, რომელიც შეივსო 1996 წლის 17 აგვისტოს, დგინდება, რომ სხვა პირებთან ერთად მ. მ-ეის, დ. და ა. რ-იების დროებით მისამართს წარმოადგენდა ქ. გორი, ...ის ქ. 17, იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდნენ ტყვარჩელში, ...ის 1, 6/16-ში.

ბ. ა-ის, ლ. მ-ის, ი. მ-ის, ვ. მ-ის, ნ. მ-ეის და სხვათა 2016 წლის 23 ოქტომბრის განცხადების თანახმად, მ. მ-ე 1998 წლამდე ქმარ-შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში, სოფლიდან მოშორებით, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული იყო ოსებისა და რუსების ჯარი. ოჯახს შიშის ქვეშ უწევდა ცხოვრება მუდმივი სროლების გამო, რასაც ემატებოდა ის, რომ მათ სახლში განლაგებული იყო სამხედრო ნაწილი და ქართულ ბლოკ-საგუშაგოები. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული პერიოდი მ. მ-ე შვილებთან ერთად თავს აფარებდა ბ. ა-ის ოჯახს, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. ამის შემდეგ, მართალია იგი სისტემატიურად ჩადიოდა სოფელ ...ში, მაგრამ ღამეს ატარებდა სხვადასხვა ოჯახებში, რადგან მათ სახლში ცხოვრება საშიში იყო.

მ. მ-ეის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2017 წლის 25 იანვარს ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოიკითხნენ: ი. მ-ი და ბ. ა-ი.

ი. მ-ის განმარტებით, იგი დაიბადა ... წელს, ქ. ცხინვალში, საშუალო განათლება მიიღო სოფელ ...ში და ბავშვობიდან იცნობს მ. მ-ეს. მ. მ-ეის საცხოვრებელ სახლს იყენებდნენ სამხედრო პირები, რის გამოც მისი ოჯახი ცხოვრობდა სხვადასხვა ნათესავის სახლში. დაახლოებით მე-3 და მე-4 კლასში იყვნენ ა. და დ. რ-ები, როდესაც სწავლობდნენ რუსეთში, თუმცა არ ახსოვს რომელ სკოლაში დაიწყეს მათ სწავლა. მას, ასევე, არ ახსოვს მ. მ-ეის ოჯახი როდის წავიდა რუსეთში, საცხოვრებლად. მისი ინფორმაციით, მ. მ-ეის ოჯახს არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, გარდა იმ სახლისა, რომელიც მდებარეობდა სოფელ ...ში.

ბ. ა-ის განმარტებით, იგი დაიბადა 1967 წელს, ქ. ცხინვალში, საშუალო განათლება მიიღო სოფელ ...ში, ხოლო ტექნიკური განათლება - ქ. ცხინვალში. მ. მ-ეს იცნობს მისი დაოჯახებიდან, 1985 წლიდან. 1991 წლიდან მ. მ-ეის საცხოვრებელ სახლს იყენებდნენ სამხედრო პირები, რის გამოც ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას. იგი ზაფხულობით ბრუნდებოდა სახლში და დროებით ცხოვრობდა ხოლმე მეზობლებთან, მათ შორის, მასთან. ბ. მ. მ-ეისა და ს. რ-ის სამსახურის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მათი შვილები - დ. და ა. რ-ები გარკვეული პერიოდი დადიოდნენ ქ. რუსთავის საშუალო სკოლაში. მისი განმარტებით სოფელ ...ში მდებარე სახლის გარდა მ. მ-ეის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ ჰქონიათ. 1998 წლის შემდეგ ოჯახი გადავიდა რუსეთი და ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ სოფელ ...ში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 თებერვლის №01-02/06-1476 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 თებერვლის №335 ბრძანების თანახმად, მ. მ-ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ბ. ა-ის განმარტებით, იგი ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონში, ...ს დევნილთა დასახლებაში და მუშაობს ...ში, ...ად. მ. მ-ეს იცნობს სოფელ ...იდან. კერძოდ, ისინი ცხოვრობდნენ ერთ უბანში, თავად ცხოვრობდა ქვემოთ, ხოლო მ. მ-ე - ზემოთ, ტყის პირას. მ. მ-ემ 1991 წელს დატოვა სოფელი და ამის შემდგომ, ზაფხულობით ჩადიოდა სოფელში, მეზობლებთან სტუმრად. კუთვნილ სახლში ვეღარ რჩებოდა. მ. მ-ე ჯერ ცხოვრობდა დევნილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ ფართში, რომელიც მდებარეობდა რუსთავში, შემდეგ კი ოჯახთან ერთად გადავიდა რუსეთში. მისივე განმარტებით, პერიოდულად სროლების გამო, მ. მ-ეს ეშინოდა თავის სახლში დარჩენა, მით უმეტეს, პატარა ბავშვებთან ერთად. ერთი პერიოდი ქართული ჯარი იდგა მის სახლში. მათი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდა სოფელ ...ს საზღვართან, ტყის პირას, ხოლო იმ დროისთვის სოფელი ... დაიცალა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად სროლებიც იყო და საშიში იყო ...ს სიახლოვეს ცხოვრება, ჩაითვალა, რომ ომი არ იყო. თავად ბ. ა-ი ცოტა ხნით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ, 1994 წლის შემდეგ, წავიდა რუსეთში, თუმცა ბავშვებმა ვერ შეძლეს იქ ცხოვრება და საცხოვრებლად დაბრუნდნენ სოფელში. საბოლოოდ, ბ. ა-იმა 2008 წელს დატოვა საცხოვრებელი სახლი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული შ. ბ-ის განმარტებით, იგი ცხოვრობს გორში, დევნილთა დასახლებაში. მ. მ-ე არის მისი დისშვილის მეუღლე და იგი ცხოვრობდა სოფელ ...ში მდებარე ორსართულიან სახლში. ყველაზე ახლო მეზობელი ცხოვრობდა მისი სახლიდან 50-60 მეტრში. იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ-ეს და მის მცირეწლოვან შვილებს ძალიან ეშინოდათ, ხშირად იყვნენ შ. ბ-ის ოჯახში. მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იყო სროლები. მუდმივი შიშის გამო, ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ რუსთავში, სადაც 2-3 თვე ცხოვრობდნენ მისი დისშვილის ოჯახში და შემდეგ სადღაც შენობაში. მართალია მ. მ-ე პერიოდულად სოფელში ჩადიოდა, მაგრამ შიშის გამო ღამეს სახლში არ ატარებდა. სახლი მეზობელს ჰქონდა დატოვებული. მ. მ-ე მოგვიანებით ოჯახთან ერთად წავიდა რუსეთში. სოფელში იყო დაძაბული მდგომარეობა, გარდა სროლისა, ადგილი ჰქონდა ადამიანთა მკვლელობასაც. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ სოფელ ...დან ძალიან ბევრი წავიდა, თუმცა აქეთ მხრიდან ცოტანი იყვნენ წასულები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 17 ოქტომბრის №046/2016 დასკვნა; ასევე „მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 თებერვლის №335 ბრძანება და მოპასუხეებს კანონით დადგენილ ვადაში მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალათ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე - „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება" (05.04.18წ. №ბს-990-986(2კ-17) განჩინება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა მოცემულ საქმეზე თავად გადაეწყვიტა დავა და მოსარჩელე მ. მ-ეის მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვის ფარგლებში საკითხის სრულყოფილად განხილვისა და სწორად გადაწყვეტის მიზნით მიუთითებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების დაწყება/შეიარაღებული კონფლიქტის არსებობა წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზს, რომელიც მუდმივ მაცხოვრებელს აიძულებს დატოვოს მის მიერ ამორჩეული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საომარი მოქმედებები კი როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი დაიწყო 2008 წელს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 17 ოქტომბრის №046/2016 დასკვნაზე და 2016 წლის 27 ოქტომბრის სტატუსის მაძიებლის - მ. მ-ეის გასაუბრების კითხვარზე, რომლითაც დასტურდება, რომ მ. მ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ოჯახთან ერთად (მეუღლე - 2003 წელს გარდაცვლილი ს. რ-ი, შვილები - დ. რ-ი და ა. რ-ი) 1998 წლამდე იყო ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ხოლო 1998 წლიდან მან დატოვა სოფელი ...ი, ხოლო შემდეგ გადავიდა რუსეთში მუდმივად საცხოვრებლად (ზოგიერთი მოწმე მ. მ-ეის მიერ ...ის დატოვების თარიღად მიუთითებს ასევე 1994 წელსაც). სოფელი ...ის მ. მ-ეის მიერ ყველაზე გვიან - 1998 წელს დატოვების ფაქტი სადავო არ არის და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერაც. ამდენად, იმ პირობებში როდესაც, მოსარჩელე - მ. მ-ემ ერედვის მუნიციპალიტეტის, სოფელი ...ი დატოვა მინიმუმ 1998 წელს, ბუნდოვანია რამდენად აკმაყოფილებს იგი დევნილის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო სავალდებულო კრიტერიუმს, კერძოდ, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ საცხოვრებლის 1998 წელს დატოვება - საცხოვრებლის იძულების შედეგად დატოვებად და შემდგომი პერიოდი (2008 წლამდე) საცხოვრებელში დაბრუნების შეუძლებლობად, მაშინ როდესაც მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, მ. მ-ეის მიერ, მისი სურვილის შესაბამისად 1998 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში სოფელ ...ში დროებით - ზაფხულობით დაბრუნების ფაქტები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით (მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით) ცალსახად დასტურდება სოფელ ...ში 2008 წლამდე დანარჩენი სოფლის მაცხოვრებლების ცხოვრების ფაქტი. ასევე დადგენილია, რომ სოფელ ...ის მაცხოვრებლებმა სოფელი სწორედ 2008 წელს დატოვეს. ამდენად, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება ჩაითვალოს, მ. მ-ეის მიერ სოფლის 1998 წელს დატოვება იძულებით დატოვებად - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის, მაშინ როდესაც დანარჩენი სოფლის მაცხოვრებლები სოფელში 2008 წლამდე ცხოვრობდნენ და ტერიტორია იძულებით სწორედ 2008 წელს დატოვეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მ. მ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძლიანობაზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა შეაფასოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის შედეგად მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი