Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-941(კ-21) 15 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნ. რ-ი, ა. რ-ი, გ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 15 დეკემბერს ნ., ა. და გ. რ-იებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, 1993 წელს იძულებული გახდნენ სამოქალაქო ომის გამო დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი სოხუმში. არიან იძულებით გადაადგილებული პირები და დროებით ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე სასტუმრო ,,...ში“. მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. აღნიშნული სასტუმრო კი შეფასებულ იქნა ნგრევად ობიექტად და სასტუმროში მცხოვრები ყველა პირი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2660/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. რ-ის ოჯახს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2660/ო ბრძანების, რომლითაც ნ. რ-ის ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე ნ. რ-ის ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ., ა. და გ. რ-იების სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2660/ო ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემა მოსარჩელეების ნ., ა. და გ. რ-იების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან მხარის სასარჩელო მოთხოვნა კრიტერიუმების გარეშე განსახლება იყო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა შეეფასებინა და დაედგინა ნგრევად ობიექტში მხარის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც არ გაუკეთებია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი წარმოების არცერთი მასალიდან არ დასტურდებოდა, რომ მხარე ნგრევად ობიექტში ცხოვრობდა და მისი გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა. მონიტორინგის ყველა ოქმიდან დასტურდება, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მხარეები არ იმყოფებოდნენ ნგრევად ობიექტში. მოსარჩელე მხარე, სააგენტოში წარდგენილ განცხადებებში თავის საცხოვრებელ მისამართად თბილისის მისამართს უთითებდა. ასევე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ა. რ-ის სამსახურის ცნობა, მოსარჩელე მხარის თბილისში ფაქტობრივად ცხოვრების და მუშაობის ფაქტს ადასტურებდა. პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა - ი. პ-ამ (ნ. რ-ის ძმა) დაადასტურა, რომ ნ. რ-ი სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ქ. თბილისში მუშაობდა.

კასატორის განმარტებით, 2020 წლის 20 ოქტომბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (სხდომის ოქმი №62) ქუთაისი, ...ის ქ. N...-ში მდებარე, ,,შპს ...ი" (...) განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, 2020 წლის 30 ივნისს აღწერეს აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახები. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე არ დახვდათ ნ. რ-ი და მისი ოჯახის რომელიმე წევრი. ფაქტობრივ მაცხოვრებლებსაც არ მიუწოდებიათ სააგენტოსთვის აღნიშნული ოჯახის თაობაზე რაიმე სახის ინფორმაცია. 2020 წლის 7 ივლისს და 10 ივლისს ნ. რ-იმა №23777 და №24487 განცხადებებით მიმართა სააგენტოს და განმარტა, რომ 30 ივლისს განხორციელებული აღწერის დროს იმყოფებოდნენ თბილისში. აღნიშნულ განცხადებებზე რეაგირების მიზნით მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები 2020 წლის 5 ოქტომბერს კვლავ გამოცხადდნენ მითითებულ ნგრევად ობიექტში - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №..., ,,შპს ...ი" (...), თუმცა ოჯახი კვლავ არ დახვდათ მითითებულ მისამართზე. გასაუბრება შედგა ნ. რ-ის დედამთილთან, ქალბატონ ნ. რ-ითან. მისი განმარტებით, შვილიშვილი ა. არის სტუდენტი, სწავლობს თბილისში. ქირით ცხოვრობენ ...ას მე-... მ/რ. კორპ. 3 ბ.19-ში. ა.-სთან ერთად, თბილისში ცხოვრობს ნ. რ-ი, რომელიც მუშაობს ძიძად და ეხმარება შვილს სწავლის გადასახადის გადახდაში. ნ.ს მეორე შვილი - გ. რ-ი 2019 წლიდან იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლი ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის თანახმად: მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ამდენად, კასატორის განმარტებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე განსახლება ემსახურება იმ მიზანს, რომ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ნგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმების და ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2660/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ნ. რ-ის ოჯახისათვის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. რ-ი, ა. რ-ი და გ. რ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მოსარჩელეები რეგისტრირებული არიან ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. N...-ში მდებარე შპს ,,...ში“ (...).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისია ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უნდა დასტურდებოდეს.

კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა 2020 წლის 5 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ვიზიტი განხორციელდა ქუთაისში, კ. ...ის ქ. N1-ში მდებარე, სასტუმრო შპს ,,...ში“ (...). ნ. რ-ი და მისი შვილები გ. და ა. რ-იები ადგილზე არ დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ნ. რ-ის დედამთილი ნ. რ-ი, რომლის განმარტებით, მისი შვილიშვილი ა. რ-ი არის სტუდენტი, სწავლობს თბილისში და ცხოვრობს ქირით ...ას მე-... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა 19-ში. ქირას იხდის 400 ლარს. ვინაიდან, ა. რ-ის ესაჭიროება სწავლის თანხის და ბინის ქირის გადახდა, ნ. რ-ი მონიტორინგის პერიოდში მუშაობდა თბილისში ძიძად. შვილი გ. რ-ი 2019 წლიდან იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. მეუღლეს დაშორებულია 2015 წლიდან. 2020 წლის 6 ოქტომბრის აღწერის აქტის მიხედვით, მონიტორინგის სამსახურს ადგილზე დახვდათ ნ. რ-ი. ნ. რ-ის განმარტებით, აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს 1993 წლიდან. ამდენად, დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, მოსარჩელე ნ. რ-ი შვილებთან ა. და გ. რ-იებთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა თუ არა ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. N...-ში მდებარე სასტუმრო შპს ,,...ში“ (...). ის გარემოება, რომ ქუთაისში, კ. ...ის ქ. N...-ში მდებარე სასტუმრო შპს ,,...ი“ (...) სახელმწიფოს მიერ შეყვანილია ნგრევად ობიექტთა სიაში, სადავო არ არის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ამასთან, პირის სამუშაოდ/ან სასწავლებლად დროებით სხვა ქალაქში/ან სახელმწიფოში წასვლაც არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსარჩელეთა ფაქტობრივ საცხოვრებელს არ წარმოადგენს ქუთაისი კ. ...ის ქ. N..., შპს ,,...ი“ (...), იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში სხვა უძრავი ქონება არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის N03-2660/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე