საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹76აპ-12 27 თებერვალი, 2012 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი,
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ყ-ის, მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 აპრილის განაჩენით ა. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი; სსკ-ის 24, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, ნაწილობრივი შეკრების წესით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს _ 6 წელს დაემატა 24, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან _ 1 წელი, 6 თვე და ა. ქ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 3 აგვისტოდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხე ა. ქ-ეს სამოქალაქო მოსარჩელე სს ,,ე-ის» სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6.516.010 ლარის გადახდა;
უნდა გაუქმდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2010 წლის 2 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ა. ქ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას: შპს ,,ე-ის» საწესდებო კაპიტალის 14,99999 %-ს, რაც შეადგენს მესაკუთრის 1.435.012 ცალ, ჩვეულებრივ ფასიან ქაღალდს; შპს ,,...» საწესდებო კაპიტალის 19 %-ს; ა. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ, მშენებარე, არასაცხოვრებელ 27 კვ.მ. ფართს, მდებარეს: თბილისში, მეტროს სადგურ ,,...», ყოფილი ავტოსალაროების მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ¹...), მე-2 სართულზე; შპს ,,ე-ში» _ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 70 %-იან წილს; შპს ,,ნ-ში» _ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50 %-იან წილს.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,ბ» და 24, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ყ-ის, მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.