საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-175(კ-22) 29 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ. ს-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ს-ამ 2019 წლის 17 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2316/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. ს-ას საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, თ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2316/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თ. ს-ას საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა დაევალა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ. ს-ას დევნილი ოჯახი (თვითონ, არასრულწლოვანი ბავშვები - მ. ბ-ე (დაბ. ...წ), ლ. ბ-ე (დაბ....წ.) ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და საცხოვრებლად უვარგის, მათთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში და ექვემდებარებოდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე - “მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო“. პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე თ. ს-ა იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლამდე ცხოვრობდა მეუღლესთან კ. ბ-ესთან, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. 2005 წელს დაშორდნენ. კ. ბ-ე ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, ჰყავს სხვა ოჯახი. აღნიშნულის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კ. ბ-ე მოსარჩელე თ. ს-ას მეუღლე იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს უშუალოდ ევალებოდა დევნილი ოჯახების მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმება. სწორედ ამ მიზნით შემუშავებული იყო მონიტორინგის ფორმა, რომელშიც აისახებოდა გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოკვლეული იქნა მოსარჩელის რეალური საცხოვრებელი მისამართი. ამ მიზნით სააგენტოს მონიტორინგის სამმართველომ არაერთი ვიზიტი განახორციელა, როგორც მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, ასევე თ. ს-ას ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ მისამართზე - ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...ში, სადაც სააგენტოს თანამშრომლებს საეჭვო სიტუაცია დახვდათ და გაჩნდა იმისი დასაბუთებული ვარაუდი, რომ კ. ბ-ეის სახლის ეზოდან გაუჩინარებული ქალი სწორედ თ. ს-ა იყო. მხარეთა განქორწინების ფაქტი კი თავისთავად არ გამორიცხავდა მათი ფაქტობრივად ერთად ცხოვრების ფაქტს. მონიტორინგის სამსახურმა ვიზიტი განახორციელა აგრეთვე მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის დასახლება მე-... ქუჩა, №... ბ/ბაღი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით არ დადგინდა, რომ მოსარჩელის განსახლება იმ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია და მის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი, რომლითაც შეეძლო ესარგებლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2316/ო სადავო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი სახოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ თ. ს-ას ოჯახი მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო არ საჭიროებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ კრიტერიუმებს, ხოლო მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. ს-ა რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ...ის დასახლება მე-7 ქუჩა, №... ბ/ბაღი, რომელიც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის შესაბამისად მდგომარეობით წარმოადგენდა ნგრევად ობიექტს. ამდენად, არსებობდა მოსარჩელის ოჯახის საგამონაკლისო წესით განსახლების წინაპირობები.
რაც შეეხება მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უშუალო საფუძველს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ დასტურდება თ. ს-ას მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის ფაქტი. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღწერის განხორციელებისას (10.06.2019წ.) თ. ს-ა შვილებთან ერთად (ლ. და მ. ბ-ეები) იმყოფებოდა მის მიერ განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის დას. მე-7 ქუჩა №... ბ/ბაღი. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ლ. და მ. ბ-ეები სწავლობენ სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლაში, რაც გამორიცხავს მათი ზუგდიდში ცხოვრების ფაქტს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თავად მოსარჩელის შვილების მამამ - კ. ბ-ემ არაერთხელ განმარტა, რომ მოსარჩელესთან გაშორებულია და მასთან ერთად არ ცხოვრობს, რისი საწინააღმდეგო უტყუარი მტკიცებულებაც ადმინისტრაციული ორგანოს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა