Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-488(კ-20) 15 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა. ტ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 23 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხის - ა. ტ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ა. ტ-ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2009 წლიდან, იგი სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობას) 50 ლარს იღებდა 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის სექტემბრამდე. 2018 წლის 13 ივლისს N04/04/40611 წერილის და 2018 წლის 27 ივნისის N04-14504 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი 2018 წლის 6 სექტემბერს, რა დროსაც გამოვლინდა, რომ ა. ტ-ე მითითებულ მისამართზე, ტყიბული, ...ის ქ. N2/56, მუდმივად არ ცხოვრობს და 8 თვეა საცხოვრებლად გადასულია სხვა მისამართზე. ამჟამად მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელია სამტრედიის რაიონი სოფელი ...ში.

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ა. ტ-ის ოჯახმა (ს/კ ...) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაადასტურა თანხმობა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეცვლის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ოჯახს წარმოეშვა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აენაზღაურებინა ზიანი და დაებრუნებინა არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 400 ლარის ოდენობით. მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაბრუნების თაობაზე გაეგზავნა გაფრთხილება. აღნიშნული წერილი დაბრუნდა შეტყობინებით - ,,სახლი დაკეტილია’’. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ა. ტ-ეს დაკისრებოდა არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) – 400 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ.

კასატორის განმარტებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ნორმის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს სააგენტოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. ,,სოციალური დახმარების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა'' , "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; ამავე დადგენილების 91 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 2018 წლის 6 სექტემბრს გადაამოწმა ა. ტ-ის ოჯახი და დადგინდა, რომ იგი 8 თვის წინ საცხოვრებლად გადასული იყო სხვა მისამართზე. უფლებამოსილი პირის მიერ, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების მე-14 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტის საფუძველზე, შევსებულ იქნა ოქმი ,,ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ" (დანართი N3) მიზეზით ,,ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს" და სხვა მიზეზი: ,,8 თვეა გადასულია საცხოვრებლად სხვა მისამართზე".

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის “ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ა. ტ-ის ოჯახმა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში “რეგისტრაციის მიზნით, განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაადასტურა თანხმობა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის. ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება ეკისრებოდა ოჯახს. ამდენად, ვინაიდან, ა. ტ-ის ოჯახს ერთი თვის ვადაში არ უცნობებია სააგენტოსათვის, რომ მუდმივად აღარ ცხოვრობდა მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მისამართზე და შეიცვალა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მას 2018 წლის სექტემბრიდან შეუწყდა საარსებო შემწეობა და წარმოეშვა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აენაზღაურებინა ზიანი და უკან დაებრუნებინა არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 400 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავოა ა. ტ-ის მიერ არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის - 400 ლარის დაბრუნება. იმ საფუძვლით, რომ ა. ტ-ემ არ შეასრულა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. ამავე დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება (გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება. ამასთან, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. თავის მხრივ ასევე საარსებო შემწეობის მიმღებ პირსაც აკისრია გარკვეული სახის ვალდებულებები, კერძოდ, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის გამოკვლევას საარსებო შემწეობის მიმღებმა პირმა ა. ტ-ემ შეიცვალა თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დაარღვია თუ არა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. გარკვეულ შემთხვევებში, პირი შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი ადგილი და დროებით გადავიდეს სხვაგან საცხოვრებლად, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა მუდმივად საცხოვრებლად სხვაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)). ამასთან, პირის მკურნალობის/მოვლის მიზნითაც სხვა ადგილას საცხოვრებლად წასვლა არ შეიძლება ჩაითვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საარსებო შემწეობის მიმღები პირი - ა. ტ-ე ცხოვრობს მარტო, მას აქვს ამპუტირებული ერთი ხელი და შეზღუდული აქვს თვითმოვლის უნარი. ამასთან, 2018 წლის 31 მარტს შპს „...ის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით (ფორმა IV-100/ა) ასევე დასტურდება, რომ ა. ტ-ე სტაციონარში მოათავსეს 2018 წლის 28 მარტს და გაწერეს 31 მარტს. დიაგნოზი დაუდგინდა ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზი წყლულისა და ვარიკოზის გარეშე. ამდენად, ვინაიდან მოპასუხეს არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე არსებობა, თავის დასთან დროებით გადასვლა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლად. ამ შემთხვევაში არ დასტურდება პირის განზრახვა დატოვოს ძირითადი საცხოვრებელი ადგილი და გადავიდეს მუდმივად საცხოვრებლად სხვა ადგილას. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა ა. ტ-ეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში არც საცხოვრებელი სახლი გააჩნია და არც რაიმე საქმიანობით არის იქ დაკავებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,



დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების
საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ნ. ქადაგიძე