Facebook Twitter

№ბს-840(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 5 ივნისს ა. ქ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 23 მარტის MIA 2 17 00699393 და 01 მაისის MIA 917 01020634 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის ქმედების განხორციელების (მოსარჩელე ა. ქ-ისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით დაბრკოლების არ შექმნის) დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, ა. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ქ-ი (დაბადებული ... წლის ... ...ს) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.

2017 წლის 13 მარტს თ. კ-იმა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ა. ქ-ისთვის საქართველოში შემოსვლის უფლების მიცემა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 23 მარტის №MIA 2 17 00699393 წერილით ა. ქ-ის წარმომადგენელს მისი №608549 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრებოდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

ა. ქ-ის წარმომადგენელმა თ. კ-იმა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და სთხოვა განემარტათ თურქეთის მოქალაქე ა. ქ-ის საქართველოში არ შემოშვების საფუძვლები. ამასთან, ეცნობებინათ თუ როდის იქნებოდა აღმოფხვრილი ის საფუძვლები, რადგან საქართველოში შემოუსვლელობით ის კარგავდა სამსახურს და რაც მთავარია ოჯახის შექმნის შანსს. აღნიშნული 2017 წლის 30 მარტის №788553 საჩივარი გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 01 მაისის MIA 9 17 01020634 წერილით ა. ქ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ქ-ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა შესაბამისი, საიდუმლო ინფორმაცია და მისი გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას მიეკუთვნება, თუმცა ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღებისას კანონის მკაცრად დაცვას და ამ დანაწესიდან არ არის გამონაკლისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც.

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას დაცული არ ყოფილა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს კანონიერი ინტერესი იმისა, რომ ა. ქ-ი შემოშვებულ იქნას საქართველოში, კერძოდ ის, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს საქართველოში, აქ აქვს სამუშაო. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ არასწორად გამოიყენა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და ინტერესთა ბალანსის არასწორი შეფასებით მიიღო გადაწყვეტილება.

კასატორის მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 33-ე მუხლებზე, ასევე აღნიშნავს, რომ ირღვევა ა. ქ-ის შრომის თავისუფლება. კასატორი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა. ქ-ის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მიზანშეწონილობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ა. ქ-ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოშვებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, კი მითითებული საფუძვლით („ე“ ქვეპუნქტი) საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, მათ შორის, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით (მუხლი 33.3).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზრვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად კი, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

საქმეზე დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისას განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის - ა. ქ-ის ინსპექტირება და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა. ქ-ის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მიზანშეუწონლობის შესახებ.

გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მირ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულიად აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება განმცხადებლის შენგენის საინფორმაციო სისტემაში შეყვანას და ამ საფუძვლით, საფრანგეთში ტერიტორიაზე შეშვებაზე უარის თქმას (Dalea v. France - 964/07; 02.02.2010). სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეში განმარტა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციის პირადად გაცნობის შეუძლებლობა, თავისთავად არ ამტკიცებს, რომ ჩარევა არ არის გამართლებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) სახელმწიფოს არ ავალდებულებს, ნებისმიერ შემთხვევაში აღასრულოს ქორწინებაში მყოფი მეუღლეების არჩევანი იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყანაში სურთ მათ ცხოვრება და არამოქალაქე მეუღლე მიიღოს თავის ტერიტორიაზე საცხოვრებლად (Jeunesse v. the Netherlands, 12738/10, [დიდი პალატა], § 107; (Biao v. Denmark, 38590/10, [დიდი პალატა], § 117).

საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მომეტებული ინტერესის გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, მისთვის ოჯახური ცხოვრების დაბრკოლების საფუძვლით, საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის უკანონობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ა. ქ-ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, ხოლო თ. კ-ითან მისი ქორწინების თარიღი არის - 2017 წლის 5 აპრილი (საქართველოში რეგისტრაციის თარიღი - 22.05.2017). საგულისხმოა ის გარემოება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, შეიქმნა თუ არა ოჯახური ცხოვრება იმ დროს, როდესაც ჩართულმა პირებმა იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანის საიმიგრაციო სტატუსი ისეთი იყო, რომ ამ ოჯახური ცხოვრების გაგრძელება მასპინძელ სახელმწიფოში თავიდანვე სახიფათო, სათუო, იქნებოდა (იხ. მათ შორის Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, 9214/80; 9473/81; 9474/8; § 68; Mitchell v. the United Kingdom, 40447/98; Ajayi and Others v. the United Kingdom, 27663/95).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ჩ-ეს საკასაციო საჩივარზე 04.03.2020წ. საგადახდო დავალება №9147157940-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;

3. მ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.03.2020 წ. საგადახდო დავალება №9147157940-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი