Facebook Twitter

№ბს-813(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ღ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 24 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - ზ. ღ-ი მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 18 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. ღ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადასახდელად დაეკისრა 5 000 ლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზ. ღ-ისათვის 13 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ღ-იმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ღ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს ამოცანა იყო მხარე დაეცვა უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავდნენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება შეემცირებინა „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებდა დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებდა არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებდა, თუ როგორი იყო შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, მხარეთა მიერ იყო შეთანხმებული, მაგრამ არსებული სოციალური ფონისა და ზ. ღ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამო იყო და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებდა მხარეს. გარდა ზემოაღნიშნულისა პალატამ აღნიშნა, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ იყო და „დაწესებული“ იყო მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე. ამასთან, თავად სასამართლო მიიჩნევს დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტს. კასატორი აღნიშნავს, რომ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილება ფინანსური პასუხისმგებლობის სახით ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. კასატორის მოსაზრებთ, მის მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა. ამასთან, სასამართლოს უნდა ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და დაზარალებულის ინტერესებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 27 თებერვლიდან სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე ჩარიცხული მსმენელი, რეზერვის რიგითი ზ. გ.-ს ძე ღ-ი, გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად. ზ. ღ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთა გასაფორმებელი კონტრაქტი №1322, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ექვსი წლით. 2018 წლის 23 მაისს ზ. ღ-იმა პირადი პატაკით მიმართა 25-ე უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურს და აღნიშნა, რომ აღარ ჰქონდა სურვილი ემსახურა შეიარაღებულ ძალების რიგებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იშუამდგომლა ზემდგომებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ. 2018 წლის 2 ივლისს ლეიტენანტი ზ. გ.-ს ძე ღ-ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ზ. ღ-ისათვის დაკისრებული თანხის შემცირების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებულ განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, სააპელაციოს სასამართლოს მიერ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) განსაზღვრა - 5 000 ლარით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის სამართლიანი და გონივრულობის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი