ბს-677 (კ-20) 17 მარტი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ჩ-იმა 05.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 03.11.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობა და რ. ჩ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება, ასევე გასაჩივრებული ბრძანების გამოცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიყენებული ზიანის - მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, რომელიც ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა მოპასუხე და მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2019წ. გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ჩ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინებით რ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური (ოჯახური) კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს, ამასთან, აღნიშნული კანონისა და სკ-ის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი. დადგენილია, რომ 07.06.2017წ. მოსარჩელე რ. ჩ-ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა მესტიაში ...წ., 1985წ. იქორწინა უზბეკეთში, მისი შვილები 1985 და 1992 წლებში დაიბადნენ უზბეკეთში, 1984-1990 წლებში მუშაობდა ოჩამჩირეში სოფ. ...ის კოლმეურნეობაში, 1982 წლიდან ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...ში, 27.09.1993წ. დატოვა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისმა შვილმა - რ. ჩ-იმა 1991 წელს დაიწყო სწავლა სკოლაში უზბეკეთში, ამ დროიდან მისი მეუღლე იმყოფებოდა უზბეკეთში შვილთან, მეუღლის და შვილების უზბეკეთში წასვლის შემდეგ, თვითონაც წავიდა უზბეკეთში, ხოლო 1992 წლის გაზაფხულზე თვითონ დაბრუნდა ოჩამჩირეში, ხოლო მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ უზბეკეთში. მოსარჩელის ოჯახი და თვითონ რ. ჩ-ი აფხაზეთის ტერიტორიაზე ომის დაწყებამდე - 1991 წელს საცხოვრებლად გადავიდა უცხო ქვეყანაში - უზბეკეთში, მისი შვილები 1985 და 1992 წლებში დაიბადნენ უზბეკეთში, 1991 წელს მისმა შვილმა სწავლა სკოლაში დაიწყო უზბეკეთში. ოჯახის ერთიანობის ზოგადი წესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე რ. ჩ-ი 1993 წლის 27 სექტემბრამდე ოჩამჩირის რაიონში ცხოვრობდა ოჯახისაგან მუდმივად განცალკევებით. სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ხედავდნენ მოსარჩელე რ. ჩ-ის ოჩამჩირის რაიონში 1991 წლამდე, თუმცა მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დადგინდეს პირის ძირითადი ყოფითი გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელის პერიოდულად ოჩამჩირის რაიონში ყოფნა, არ არის საკმარისი პირობა იმისათვის, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს, რადგან იგი თავისი ოჯახური პირობებით და გარემოებებით ძირითადად უცხო ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე რ. ჩ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1993 წლის სექტემბრამდე და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის შესაბამისად მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება - 03.11.2017წ. ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ჩ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სოფ. ... დატოვა ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მუდმივად ცხოვრების ფაქტს ადასტურებს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საპასპორტო ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები. მესტიაში საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის შემდეგ რ. ჩ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ოჩამჩირის რაიონი, სოფ. .... ის ფაქტი, რომ ოჩამჩირეში საცხოვრებლად გადასვლამდე, სტუმრობდა უზბეკეთს, შემდეგ ჩადიოდა ამ ქვეყანაში, ასევე ის ფაქტი, რომ არეულობის დაწყებისას მეუღლე სხვა ქვეყანაში გახიზნა, არ გულისხმობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დათმობას. პირი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან შეიძლება გადაადგილდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებას არ ნიშნავს. კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებულ ადგილას მას გააჩნდა საცხოვრებელი სახლი და მუშაობდა ამ ადგილას, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ. საქმეში დაცული პასპორტის მიხედვით ოჩამჩირეში რეგისტრაციის თარიღია 1988წ.. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა შვილი, თუმცა საცხოვრებლად უზბეკეთი არ აურჩევია. 1988 წლისთვის რეგისტრაციის მისამართი პირის მუდმივი ადგილმსაყოფელის განმსაზღვრელი იყო. აღნიშნულ პერიოდში ჩაწერის ინსტიტუტის წესები ადასტურებს ფაქტს, რომ კასატორის მუდმივი საცხოვრებელი აფხაზეთში იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.02.2022წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმეში დაცული მასალებით 07.06.2017წ. რ. ჩ-ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ 1985 წელს იქორწინა უზბეკეთში, მისი შვილები დაიბადნენ უზუბეკეთში 1985 და 1992 წლებში, მისმა შვილმა - რ. ჩ-იმა 1991 წელს დაიწყო სწავლა სკოლაში უზბეკეთში, ამ დროს მისი მეუღლე იმყოფებოდა უზბეკეთში შვილთან, მეუღლის და შვილების უზბეკეთში წასვლის შემდეგ თვითონაც წავიდა უზბეკეთში, 1992 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა ოჩამჩირეში და ომის დაწყების დროს იყო აფხაზეთში, ხოლო ამ დროს მისი მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ უზბეკეთში. მიუხედავად საქმეში არსებული აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ცნობისა, რომლის მიხედვით, რ. ჩ-ი 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონში, ზემოთ მითითებული გარემოებები არ ასაბუთებს კასატორის მეუღლისა და შვილებისგან განცალკევებით ცხოვრებას, რადგან ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურდება, ივარაუდება, რომ მეუღლეები ერთად ცხოვრობენ. ამ დაშვების უარსაყოფად, მეუღლეების მიერ სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილის არჩევის დასადასტურებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. მოწმის სახით გამოძახებულმა პირებმა განმარტეს, რომ ისინი ხედავდნენ რ. ჩ-ის ოჩამჩირის რაიონში, თუმცა მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დადგინდეს პირის ძირითადი ყოფითი გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელის პერიოდულად ოჩამჩირის რაიონში ყოფნა, არ არის საკმარისი პირობა იმისათვის, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს. განსახილველ შემთხვევაში კასატორი თავისი ოჯახური პირობებით და გარემოებებით ძირითადად უცხო ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრაციის) მისამართს. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამავე კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება რ. ჩ-ის ოჩამჩირის რაიონში, სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი