Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-46(კ-22) 7 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ც-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 23 დეკემბერს ო. ც-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2020 წლის 17 ივნისის N028120004250 და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 ოქტომბრის N01/195648/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულება, გამოეცა ახალი აქტი (დაბადების მოწმობა), რომელშიც ო. ც-ის პერსონალური მონაცემები ... წლის 15 ოქტომბრის მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერის შესაბამისად იქნება მითითებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ო. ც-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ო. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2020 წლის 17 ივნისის N028120004250 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 ოქტომბრის N01/195648/გ გადაწყვეტილება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, ახალი დაბადების მოწმობის გაცემა, რომელშიც მითითებული იქნება ო. ც-ის კანონიერი მონაცემები ... წლის 15 ოქტომბრის მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული N16 დაბადების სააქტო ჩანაწერის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზომო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა.

კასატორი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ სასამართლოს არ განუმარტავს, რომელი მტკიცებულების საფუძველზე მიაკუთვნა ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის N16 (7) სააქტო ჩანაწერი ო. ც-ის. სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში, ... წელს მოქმედ კანონმდებლობაზე, „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 21 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 120-ე, 122-ე,130-ე, 132-ე, 135-ე და 138 პრიმა მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდებოდა ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის N16(7) სააქტო ჩანაწერის კანონმდებლობით დადგენილ, 1 თვის ვადაში გამოცემის ფაქტი, თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილი და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული ო. ც-ის მიმართ ... წლის 15 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის №7 ჩანაწერის პირველი ეგზემპლარის თანახმად, ო. ც-ის დაბადების თარიღია ... წლის ...ი, აღსანიშნავია, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული დაბადების რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებს ბავშვის დაბადების თარიღს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბავშვის დაბადებიდან ერთი თვის შემდგომ დარეგისტრირდა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის პირველი ეგზემპლარის თანახმად, ბავშვის დაბადებამდე 1 თვით ადრეა რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. რაც შეეხება იმავე სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარს, დაბადების რეგისტრაციის თარიღი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში მითითებული არ არის. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში ო. ც-ის დაბადების თარიღი არის ... წლის ...ი, რაც განსხვავდება ამავე აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში მითითებული დაბადების თარიღისგან (.......წ.). გადასწორება შეიმჩნევა ასევე დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ნომერში. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ო. ც-ის სახელზე გაცემული სსრკ პასპორტი, რომელშიც დაბადების თარიღად მითითებულია ... წლის ...ი, თუმცა აღნიშნული თარიღი მითითებულია სასამართლოს მიერ კანონიერად მიჩნეული სააქტო ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში, რომელშიც მითითებული დაბადების რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებს ბავშვის დაბადების თარიღს, ხოლო მეორე ეგზემპლარში მითითებულია ... წლის ...ი. კასატორმა მიუთითა 1942 წლის 10 თებერვალს მესტიის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულ დაბადების სამოქალაქო აქტის № 1 ჩანაწერზე და აღნიშნა, რომ აქტის მთლიანობა არ არის დარღვეული, ხოლო ... წლის 15 სექტემბერს მესტიის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის № 7 (16) ჩანაწერთან დაკავშირებით ფიქსირდება ბევრი შეუსაბამობა.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორთა მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზომო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. იმავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი მხოლოდ ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, თუკი ერთი და იმავე პირის მიმართ არაერთხელ იქნება რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერი, მათგან ძალაში უნდა დარჩეს ჩანაწერი, რომელიც პიროვნების დაბადების შესახებ სწორ მონაცემებს შეიცავს. სწორი მონაცემები კი უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესტიის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ, ... წელს რეგისტრირებულია ო. ც-ის დაბადების N1 სააქტო ჩანაწერი. აღნიშნული აქტის შესაბამისად, ბავშვის მონაცემებია: ო. ჯ.-ს ასული ც-ი, დაბადებული 1942 წლის 10 თებერვალს. აქტის მიხედვით, მშობლების მონაცემებია: დედა - მ. ა.-ს ასული ც-ი (39 წლის), მამა - ჯ. ხ.-ს ძე ც-ი (38 წლის). დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველი გახდა ჯ. ც-იის განცხადება. მესტიის რაიონის ...ის საბჭოს მიერ, ... წელს რეგისტრირებულია ო. ც-ის დაბადების N16 სააქტო ჩანაწერი, რომლის პირველ ეგზემპლარში აქტის რეგისტრაციის თარიღია ....... წელი. აქტის პირველ ეგზემპლარში აქტის ნომერი N16 გადასწორებით არის დაფიქსირებული, ხოლო მეორე ეგზემპლარში აქტის ნომერი გადასწორების გარეშე არის დაფიქსირებული "16". აღნიშნული აქტის პირველი ეგზემპლარის შესაბამისად ბავშვის მონაცემებია: ო. ი.-ს ასული ც-ი. დაბადებული ... წლის ...ს. ხოლო აქტის მეორე ეგზემპლარის მიხედვით ბავშვის მონაცემებია: ო. ი.-ს ასული ც-ი დაბადებული ... წლის ...ს. აქტის მიხედვით მშობლების მონაცემებია: დედა - მ. ს.-ს ასული ც-ი (37 წლის); მამა - ც-ი ი. ხ.-ს ძე (32 წლის); დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველი გახდა ი. ც-ის განცხადება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ც-ის სახელზე არსებული ორი დაბადების სააქტო ჩანაწერი, გარდა სხვადასხვა დაბადების თარიღისა, ასევე შეიცავდა მშობლების თაობაზე განსხვავებულ მონაცემებს, კერძოდ ერთ შემთხვევაში (1942 წლის N1 სააქტო ჩანაწერში) დედის გრაფაში მითითებული იყო დედა - მ. ა.-ს ასული ც-ი (39 წლის), მამა - ჯ. ხ.-ს ძე ც-ი (38 წლის). მეორე შემთხვევაში (... წლის N16 სააქტო ჩანაწერში) კი დედა - მ. ს.-ს ასული ც-ი ( 37 წლის); მამა - ც-ი ი. ხ.-ს ძე (32 წლის); იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ აღნიშნულ პირებს ჰყავდათ თუ არა სხვა შვილები, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საოქმო განჩინებით გამოთხოვილ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ყველა იმ დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლი, სადაც ა) მამის გრაფში მითითებულია ჯ. ხ.-ს ძე ც-ი, ხოლო დედის გრაფაში - მ. ა.-ს ასული ც-ი; ბ) ასევე გამოთხოვილ იქნა ყველა იმ დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლი, სადაც მამის გრაფაში მითითებულია ი. ხ.-ს ძე ც-ი და დედის გრაფაში მითითებულია მ. ს.-ს ასული ც-ი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და დაბადების სააქტო ჩანაწერებით დადგენილია, რომ ი. ხ.-ს ძე ც-ისა და მ. სათგარის ასულ ც-ის, გარდა ო. ც-ისა კიდევ ყავდათ ორი შვილი: ჟ. ც-ი და ჟე. ც-ი. 07.06.2021 წლის NAA2021006908-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ მესტიის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს 1948-1950, 1951-1953, 1954-1956 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში ი. ხ.-ს ძე ც-ის კომლი არ აღმოჩნდა. ო. ც-იმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის და მისი დედმამიშვილები დაიბადნენ მესტიის რაიონის ...ის თემში, თუმცა ოჯახი (ი. ც-ის ოჯახი) საცხოვრებლად წავიდა აფხაზეთში, რის გამოც არ იძებნება მესტიის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს 1948-1950, 1951-1953, 1954-1956 წლბის საკომლო წიგნების ჩანაწერებში ი. ხ.-ს ძე ც-ის კომლის შესახებ მონაცემები. მესტიის არქივის 07.06.2021 წლის NAA2021006907-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ მესტიის რაიონის სასოფლო საბჭოს ...-1947 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში ოჯახის უფროსად ფიქსირდება ჯ. ხ.-ს ძე ც-ი, კომლის წევრები არიან: 1. ჯ. ხ.-ს ძე ც-ი - ოჯახის უფროსი; 2. ს. ჯ.-ს ძე ც-ი - შვილი; 3. მ. დ.-ს ასული ც-ი - ცოლი; 4. ც. ჯ.-ს ასული ც-ი - შვილი; 5. რ. ჯ.-ს ძე ც-ი - შვილი; 6. ნ. ჯ.-ს ძე ც-ი - შვილი. მოქალაქე ს. ც-ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ ის არის 1922 წლის 5 იანვარს დაბადებული ს. ც-ი (პ/ნ. ...), რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე ზუგდიდის რაიონი, სოფელი .... მამა - ჯ. ხ.-ს ძე ც-ი, დედა მ. დ.-ს ასული ც-ი. დედმამიშვილები იყვნენ ც., რ. და ნ. ც-იები, რომლებიც არიან გარდაცვლილი. ო. ც-ი არის ბიძაშვილი, ბიძის, ი. ხ.-ს ძე ც-ის შვილი, რომელიც დაიბადა მესტიის რაიონში. დასახელებული მკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესტიის რაიონის სოფელ ...ში ცხოვრობდნენ მეუღლეები 1) მ. ც-იი და ი. ც-ი შვილებთან - ო. ც-ი, ჟ. და ჟე. ც-იებთან ერთად, რომელთა კომლი საცხოვრებლად წავიდა აფხაზეთში და ასევე ცხოვრობდნენ მეუღლეები 2) ჯ.

ც-იი და მ. ც-იი, რომელთაც ასვე ჰყავდათ შვილები.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 31 მარტის N6 დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად (ცვლილების თარიღი - 1936 წლის 20 ნოემბერი; 1942 წლის 4 მარტი) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას აწარმოებდნენ ქალაქებსა და რაიონის ცენტრებში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი სამოქალაქო და სარაიონო ბიუროები, ხოლო სოფლად და დაბებში - მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოები. მითითებული კოდექსის 122-ე მუხლით, მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოებში რეგისტრირდებოდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტები, მათ შორის დაბადების შესახებ. 130-ე მუხლით, ბავშვის დაბადება დარეგისტრირებული უნდა იქნეს არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ბავშვის დაბადებიდან, მშობლების ან ერთი მათგნის განცხადებით. 131-ე მუხლით, ვადის გადაცილების შემთხვევაში, რეგისტრაცია ხორციელდებოდა წესისამებრ, სათანადო შემთხვევაში 1381 მუხლით გათვალისწინებული წესის დაცვით. 132-ე მუხლი აწესებდა პასუხისმგებლობას დაბადების რეგისტრაციისაგან თავის არიდების და რეგისტრაციისათვის დაწესებული ვადის არაპატივსადები მიზეზის გამო. 135-ე მუხლით, დაბადების ჩანაწერში აღინიშნებოდა დაბადების დრო, ადგილი და სხვა მონაცემები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ... წლის 15 ოქტომბრის N16 სააქტო ჩანაწერი საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილ ვადაშია (ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში) გამოცემული და ის არ შეიცავს დაბადების დროის შესწორებას. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ო. ც-ის სახელზე გაიცა სსრკ პასპორტი, სადაც დაბადების თარიღად მითითებული იყო ... წლის ოქტომბერი, ასევე, ო. ც-ის სახელზე გაიცა პირადობის მოწმობა (პ/ნ:...) N.... საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ N16 სააქტო ჩანაწერი მოსარჩელის დაბადებამდე ერთი თვით ადრე, ... წლის 15 სექტემბერს არის რეგისტრირებული ჩხოროწყუს რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ, რადგან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის N028120004250 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი - "ო. ც-ის დაბადების თაობაზე ... წლის ...ს მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული N 16 დაბადების აქტი გადაწყვეტილების მიღების დღიდან" და არა სხვა ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მესტიის რაიონის ...ის ს/ს მიერ რეგისტრირებული ... წლის 15 ოქტომბრის N16 დაბადების სააქტო ჩანაწერი გამოცემულია საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოთა მიერ მართებულად მიენიჭა უპირატესობა N 16 სააქტო ჩანაწერს და სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე კი, N 1 სააქტო ჩანაწერი ვერ იქნება ინფორმაციის სათანადოდ ამსახველ დოკუმენტად შეფასებული, რადგან მოსარჩელის მშობლებად სხვა პირები არიან მითითებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ჯ. ხ.-ს ძე ც-ის კომლის წევრად ო. ც-ი არასდროს იყო მითითებული, რაც გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ო. ც-ის მამას - ჯ. ც-იი წარმოადგენდა, როგორც ეს N 1 სააქტო ჩანაწერშია მითითებული.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 15.12.2021წ. №20315 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემრის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.12.2021წ. №20315 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი თღEშGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე