Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-798(კ-21) 7 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის 16 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - გ. ჯ-ეის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 38523,91 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა.

კასატორის განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი გრანტის მიმღები პირები საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან სამშობლოში და დასაქმდებიან შესაბამის სფეროში. აღნიშნული დათქმა გათვალისწინებულია მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებითაც. ხოლო ხელშეკრულების რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად აუნაზღაუროს გრანტის სახით გადაცემული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა - დაბრუნებულიყო და დასაქმებულიყო საქართველოში შესაბამის სფეროში, ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს გრანტის თანხა 38523,91 ლარის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო გ. ჯ-ეისათვის გრანტის სახით გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს; ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პასუხს აგებს პირი, რომელიც გრანტის სახით გადაცემულ თანხას გამოიყენებს არამიზნობრივად და დონორთან შეთანხმების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანებით სსიპ საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გ. ჯ-ე. 2016 წლის 28 ივლისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გ. ჯ-ეს შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა არსებითი პირობები, მათ შორის, აღნიშნული ხელშეკრულებით გრანტის მიმღებს უფლება აქვს მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება ამავე მუხლის 3.4.6. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების (სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში) შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულებით, გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს უფლება აქვს, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული შემთხვევის დადგომისას, განისაზღვრა გრანტის მიმღების მიერ დაფინანსების შედეგად გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, გ. ჯ-ე დაბრუნდა საქართველოში, თუმცა რამდენიმე თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლონდონის სათავო ოფისისგან მიიღო შეთავაზება დასაქმებაზე. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 26 თებერვალს, გ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს და ითხოვა, ესარგებლა სასტიპენდიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით და დარჩენილიყო საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, ცენტრის მიერ დადგენილი პერიოდის განმავლობაში.

„სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 28 მაისის №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის №1 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ჯ-ეის განცხადება და უფლება მიეცა 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დარჩენილიყო საზღვარგარეთ შესაბამის სფეროში პრაქტიკის გავლის მიზნით. საპასუხოდ, მოპასუხე გ. ჯ-ემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც მუშაობდა EBRD-ში კონტრაქტის საფუძველზე; მისთვის ცნობილი იყო მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის პირობები და რომ მის ინტერესებშია ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც ორივე მხარისათვის იქნებოდა მისაღები. ამასთან, მისი განცხადებით, იგი აცნობიერებდა, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოუწევდა სწავლისათვის გამოყოფილი თანხის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. იქედან გამომდინარე, რომ მისი სამსახურებრივი კონტრაქტი მოკლევადიანი იყო, ხოლო არსებული თანხის ოდენობა - დიდი, ვალდებულების გადახდას ერთიანად, მოკლე პერიოდში ვერ მოახერხებდა, რის გამოც, დასაბრუნებელი თანხის დაკისრების შემთხვევაში, ითხოვა კომისიასთან მოლაპარაკების საფუძველზე იმ კონკრეტულ პირობებზე და ვადებზე შეთანხმება, რომლის განმავლობაშიც საშუალება ექნებოდა ეტაპობრივად დაებრუნებინა თანხა.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის 8 ოქტომბრის MES 5 18 01291644 წერილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ. ჯ-ეს განესაზღვრა 10 კალენდარული დღის ვადა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოში დასაბრუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი ხელშეკრულების 5.2. და 5.3. პუნქტების შესაბამისად მოითხოვდა გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნებას. ხოლო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის 30 ოქტომბრის MES 0 18 01398777 წერილით დგინდება, რომ გ. ჯ-ეს, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მიეცა წინადადება, 90 კალენდარული დღის ვადაში დაებრუნებინა 2016-2017 აკადემიური წლისთვის გრანტის სახით მიღებული თანხა 38 523,91 ლარის ოდენობით. ამასთან, გ. ჯ-ეს განემარტა, რომ წინამდებარე წერილით განსაზღვრულ ვადაში მისი მხრიდან თანხის დაუბრუნებლობის ან არასრულად დაბრუნების შემთხვევაში, ცენტრი მიმართავდა სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

2018 წლის 11 ნოემბერს გ. ჯ-ემ კვლავ მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და მხარეთათვის მისაღებ პოზიციაზე შეჯერება შესთავაზა. ამავე წერილით, გ. ჯ-ემ განმარტა, რომ EBRD, როგორც განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად შექმნილი ბანკი, საქართველოში აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს, შესაბამისად, მას აქვს შესაძლებლობა, ჩართული იყოს აღნიშნულ პროცესში და მიღებული ცოდნა მოახმაროს სახელმწიფოს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის 21 ნოემბრის MES 9 18 01497569

წერილით გ. ჯ-ეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ცენტრი ვერ გაიზიარებდა გ. ჯ-ეის პოზიციას საზღვარგარეთ დარჩენასა და საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე შემდგომი მოლაპარაკების შესაძლებლობას. შესაბამისად, მას 2018 წლის 30 ოქტომბრის MES 0 18 01398777 წერილით კვლავ განემარტა განსაზღვრულ ვადაში გრანტის სახით მიღებული თანხის დაბრუნების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართავდა სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ გ. ჯ-ეის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების დარღვევას. ამასთან, საყურადღებოა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ გ. ჯ-ე დაბრუნდა საქართველოში, სადაც ვერ მოხერხდა მისი დასაქმება, ხოლო EBRD-ში (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კონტრაქტით დასაქმების შეთავაზებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გამო იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ. მხედველობაშია ასევე მისაღები, რომ გ. ჯ-ეის დამსაქმებლის - EBRD-ის ერთ-ერთ აქციონერს საქართველო წარმოადგენს. შესაბამისად, გ. ჯ-ეის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება საქართველოს და მის ინტერესებს. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გ. ჯ-ეს სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზეც უწევს.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, გ. ჯ-ეის დაუსაქმებლობის შემთხვევაში, არ ითვალისწინებს საქართველოში დარჩენის და საზღვარგარეთ დასაქმებაზე უარის თქმის ვალდებულებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გ. ჯ-ემ არაერთხელ მიმართა კასატორს სადავო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე, რაზედაც ცენტრის მიერ ეთქვა უარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადგილი არ აქვს გ. ჯ-ეის მხრიდან ხელშეკრულების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევას, ასევე არ დასტურდება მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი. შესაბამისად, გ. ჯ-ეისთვის გრანტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო გრანტის სახით გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე