Facebook Twitter

საქმე №ბს-638(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „ს..ის“ (მოსარჩელე; მესამე პირი (სასკ 16.2) - სს „...ის“ სარჩელზე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...ა“ (მოსარჩელე; მესამე პირი (სასკ 16.2) - სს „ს..ის“ სარჩელზე; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო ორგანო - კახეთის რეგიონალური ოფისი; მესამე პირები (სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გ. ც-ი, ნ. გ-ი; (სასკ 16.1) - სს ,,ტე.“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 16 იანვარს სს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სს „ს..ა“.

2015 წლის 27 მაისს სს ,,...ა”-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

2015 წლის 24 სექტემბერს სს „ს..ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სს „ს..ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სს „...ა“.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ გ. ც-ი, ა. ა-ი, მ. ხ-ი, მ. ა-ი, მ. მ-ი.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ სს „ს..ამ“ მოითხოვა:

- 1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება №..., სს „ს..ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

- 1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

- 1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება №... რეგისტრაციის შესახებ და 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება №... რეგისტრაციის შესახებ;

- 1.4 ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება №212130 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ.

- 1.5 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

- 1.6 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 სექტემბრის №239043 გადაწყვეტილება;

- 1.7 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

- 1.8 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

- 1.9 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

- 1.10 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება №... განაცხადზე (რომლითაც განხორციელდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია) და შემდგომი/თანმდევი რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებები, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 02 მაისი №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, 2013 წლის 17 მაისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; 2016 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ.

- 1.11 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.12.2015 წლის №... გადაწყვეტილება, სს „ს..ის“ 06.11.2015 წლის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

- 1.12 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება №... განაცხადზე, რომლითაც განხორციელდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ სს „...ამ“ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილების; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილების; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 მარტის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და სს „ს..ის“ საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაციის გადაწყვეტილების (უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდებით ... და ... (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი:...)) ბათილად ცნობა.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, დადგინდა, რომ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება აღარ შეეხებოდა საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ - ა. ა-ის, მ. ხ-ის, მ. ა-ისა და მ. მ-ის ინტერესებს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სს „ტე.“.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სს ,,ს..ის“ სახელზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (... რეგისტრაციის ნომერი ...) უძრავ ქონებაზე მდებარე სოფელი ... საკადასტრო კოდი ... და სს ,,ს..ის“ სახელზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (... რეგისტრაციის ნომერი ...) უძრავ ქონებაზე მდებარე სოფელი ... საკადასტრო კოდი ... გადაფარვის ნაწილში, კერძოდ სს ,,...ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ... და საკადასტრო კოდი №... ზედდების ნაწილში (იხ. ექსპერტიზის დასკვნა №...); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ,,ს..ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ს..ამ“ და სს „...ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის, 1 ივლისის და 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ - გ. ც-ი, ნ. გ-ი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სს „საქ.“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმის შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ ნ. გ-ისა და სს „საქ.ზე“ აღარ ვრცელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს..ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება სს „...ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებული იყო მიწის ნაკვეთთა გადაფარვა, უფლების დამდგენი დოკუმენტების სამართლებრივი ბუნებისა და მათში ასახული მონაცემების, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, დგინდებოდა, რომ სს „ს..ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებით დაირღვა სს „...ის“ საკუთრების უფლება. სს „...ის“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მხედველობაში მიღებითა და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების გათვალისწინებით, საფუძვლიანი იყო სს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნა - სს „ს..ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მიწის ნაკვეთთა გადაფარვის ნაწილში.

სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ...ის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო. საკითხი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო, სს „ს..ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კი ბათილად იქნა ცნობილი, რაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას, აქტში მითითებული საფუძვლით გამორიცხავდა. სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით გამოკვლევასა და შესწავლას, განცხადების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი წინაპირობების დადგენასა და უარის თქმის სხვა საფუძვლების გამორიცხვას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების დაცვით. შესაბამისად, ამ ნაწილში, სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს..ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის შეფასებით, სს „ს..ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2007 წელს განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაზუსტებული მონაცემებით, რა დროსაც წარდგენილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები და შესაბამისად, ქონების ადგილმდებარეობა მარტივად დგინდებოდა.

სს „...ის“ საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გაერთიანების შედეგად მიღებულ ნაკვეთს. ამ ორი მიწის ნაკვეთიდან №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სს „...ის“ საკუთრებაში დარეგისტრირდა 2005 წელს დაუზუსტებელი მონაცემებით, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი - 2008 წლის 23 დეკემბერს. სს „ს..ის“ საკუთრებაში №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია (დაზუსტებული მონაცემებით) განხორციელდა 2007 წლის 29 აგვისტოს. სს „ს..ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა სს „...ის“ სახელზე №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ მიუხედავად სასამართლოს მითითებისა, რომ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ქონებაზე სხვა პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას, მოცემული საქმესთან დაკავშირებული გარემოებები სასამართლომ არასწორად შეაფასა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სს „ს..ის“ მხრიდან სს „...ის“ უფლების დამდგენი დოკუმენტები არ გასაჩივრებულა იმის გამო, რომ ...ა არ ითხოვდა სს „...ის“ საკუთრების უფლების გაუქმებას, ...ის მოთხოვნა მიმართული იყო მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების და მათი თანმდევი გადაწყვეტილებების) ბათილად ცნობისკენ, ვინაიდან 2007 წელს ...ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი ავტომატურად გამორიცხავდა 2008 წელს და შემდგომ 2009 წელს იმავე ქონებაზე სხვა პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ს..ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს..ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ 2005 წლის 18 აგვისტოს სს „...ას“ საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე, ყოფილი ჰოლდინგური კომპანია „...ის“ კუთვნილი ქონება, ფართობით 11,42 ჰა. მიწის (უძრავი ქონების) 06.09.2005 წლის სააღრიცხვო ბარათიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ...ში, მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი №..., ფართით 11,42 ჰა, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, წარმოადგენდა სს „...ის“ საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული 2005 წლის 19 აგვისტოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №67; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №1-1/933; მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი: ..., განაცხადის რეგისტრაცია №....

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2008 წლის 30 ოქტომბერს გაიცა №122 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 19,42 ჰა და შენობა-ნაგებობა (...ის ხაზი), მდებარე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ...ში, საკუთრებაში გადაეცა სს „...ას“. შედეგად, განხორციელდა სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2008 წლის 23 დეკემბერს 194600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

2009 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ორი უძრავი ქონების გაერთიანების საფუძველზე, სს „...ის“ საკუთრებას წარმოადგენს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 306714 კვ.მ.

1994 წლის 05 ივნისს დედოფლისწყაროს რაიკოოპკავშირის გამგეობისა და გ. ც-ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ც-ის საკუთრებაში გადაეცა საშენი მასალებით მოვაჭრე №2 მაღაზიას შენობა ნაგებობა. უძრავი ქონების მიწის სააღრიცხვო ბარათიდან (... წ.) დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ...ში, დაუზუსტებული ფართობი: 11906,00 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია არასოსოფლო-სამეურნეო, №2 სავაჭრო მაღაზია წარმოადგენს გ. ც-ის საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება.

მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათითა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 10400 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №..., ეკუთვნის ს..ას. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას 18.07.2007 ბრძანება №154. უფლების რეგისტრაციის თარიღი 29.08.07.

მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათითა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება რომ უძრავი ქონება მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი: 10330 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №..., ეკუთვნის ს..ას. უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას 18.07.2007 ბრძანება №154. უფლების რეგისტრაციის თარიღი 29.08.07.

ამდენად, დადგენილია, რომ 2007 წლის 18 აგვისტოს, მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. ... და ს.კ. ...) ს..ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, მიწის ნაკვეთებზე ს.კ. ... - სს „...ის“ და ს.კ. ... - გ. ც-ის საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო. ამასთან, მოსარჩელე სს ,,ს..ას“ არცერთი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ქონება სს ,,...ას“ საკუთრებაში გადაეცა არ გაუხდია სადავოდ და დღეის მდგომარეობით ძალაშია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 23.1.ა.; 25.ბ.), ასევე დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 21.1.დ.; 22.ბ.), უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობას, სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმე №ბს-367-363(კ-12)).

საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის და განმარტების თანახმად, „რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია - კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი - 32.1.), მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ს..აზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის ს..აზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირზე რეგისტრაცია, არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რათა არ დაეშვა ერთი მიწის ნაკვეთების მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

რაც შეეხება, სადავო ქონების დანარჩენ ნაწილს, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებზე. განსახილველ შემთხვევაში სადავოა ...ის ხაზები, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2008 წლის 30 ოქტომბერს გაცემულ №122 საკუთრების უფლების მოწმობაში ცალსახად, პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არის მითითება, რომ სს „...ას“ მიწის ნაკვეთთან ერთად გადაეცა ...ის ხაზი. ამრიგად, სს „...ის“ საკუთრების უფლება დადასტურებულია სადავო უძრავი ნივთის მიმართ. რაც შეეხება სს „ს..ის“ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებს, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანება, საჯარო სამართლის იურდიული პირის მეწარმეთა მართვის სააგენტოს 17.07.2007 წლის ბრძანება, აუდიტის დასკვნა არ შეიცავს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე მდებარეობს უძრავი ქონება, თან არ ერთვის აზომვითი ნახაზი, რითიც შეიძლება დადგენილიყო ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა და კოორდინატები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „ს..ას“ საკასაციო საჩივარზე 12.03.2020 წ. საგადასახდო დავალება №16609-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სს „ს..ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2020 წ. საგადასახდო დავალება №16609-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი