საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-711(კ-20) 29 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - ი/მ შ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 23 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ შ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის №38/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი/მ შ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კასატორის განმარტებით, შ. გ-ეზე დარიცხული თანხა (154,30 ლარი) წარმოადგენს მის მიერ 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში მოხმარებული წყლის ღირებულებას. ამ პერიოდში მრიცხველის დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულება შ. გ-ეს არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, 2017 წლის 6 მარტის შემოწმების აქტით დგინდება მრიცხველის იმგვარად დაზიანება, რომ იგი არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას, არათუ მოხმარებული წყლის ოდენობაზე მეტს ასახავდა. ამასთან, მრიცხველის დაზიანებიდან გამომდინარე, დარიცხვის სადავო პერიოდი მხოლოდ 2017 წლის მარტის თვე შეიძლებოდა ყოფილიყო და არა აღნიშნულ პერიოდამდე განხორციელებული დარიცხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ის“ მიერ შ. გ-ისათვის წყლის აღურიცხავი მოხმარებისთვის დარიცხული თანხის გაანგარიშებისა და აღნიშნულ საკითხზე მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის №38/17 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოქალაქე შ. გ-ე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია №... აბონენტად, ხოლო ქ. თბილისში, ...აში, ...ის ქ. №...-ში იგი რეგისტრირებულია͏ კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 9 თებერვალს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრირებულმა შ. გ-ემ შპს „...ს“ მიმართა განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ მრიცხველის შეცვლის შემდგომ მრიცხველიდან გამოედინებოდა წყალი, რის გამოც დაერიცხა შეუსაბამოდ მაღალი გადასახადი. შ. გ-ემ ამავე განცხადებით მოითხოვა აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა და დაზიანების გამო დარიცხული გადასახადის ჩამოჭრა. შპს ,,...ის“ 2017 წლის 16 თებერვლის წერილით შ. გ-ეს ეცნობა, რომ აბონენტს დაუკორექტირდებოდა მხოლოდ 2017 წლის მარტის თვეში დარიცხული თანხა (35,33 ლარი) და დაერიცხებოდა მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური ხარჯი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე „წესების“ მე-11 მუხლი, სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებისა და დარიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, ითვალისწინებს საკითხის მომწესრიგებელ რეგულაციებს, კონკრეტულად კი, დასახელებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სასმელი წყლის მოხმარებას ან სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან სასმელი წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
შპს „...ის“ 2017 წლის 6 მარტის №... შემოწმების აქტით დასტურდება, რომ შ. გ-ის ობიექტზე მრიცხველი იყო დაზიანებული, რის გამოც მრიცხველი არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას და საჭიროებდა შეცვლას. შპს „...ის“ 2017 წლის 9 მარტის №... მრიცხველის/დამღის მოხსნის აქტის თანახმად, აბონენტ შ. გ-ესთან (...ა, ...ის ქ. №28) შეიცვალა დაზიანებული მრიცხველი.
აღსანიშნავია, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. გ-ის ობიექტზე მრიცხველი იყო დაზიანებული, კერძოდ, არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას და საჭიროებდა შეცვლას, რის გამოც 2017 წლის 9 მარტს შპს ,,...მა“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან შეცვალა მრიცხველი, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნია სააბონენტო ნომერზე მხოლოდ 2017 წლის მარტის თვეში დარიცხული თანხის (35,33 ლარი) დაკორექტირება, ხოლო ამ პერიოდამდე დარიცხული თანხის კორექტირების განხორციელებაზე შ. გ-ეს ეთქვა უარი.
სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კომპანიამ სადავო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა აბონენტზე განახორციელა დაზიანებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში მრიცხველის დაზიანების გამო მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი განსაზღვრა არ იყო შესაძლებელი და 35 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 154,30 ლარის დარიცხვა უსაფუძვლო იყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით შეუძლებელია სადავო პერიოდისათვის მრიცხველის მდგომარეობისა და მისი გადაღების პერიოდის დადგენა. ამასთან, მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათიდან დგინდება, რომ სადავო პერიოდში შეუსაბამოდ გაზრდილია წყლის ხარჯი წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამგვარად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის №38/17 გადაწყვეტილებით შ. გ-ის განცხადება მართებულად იქნა დაკმაყოფილებული და 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში 35 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 154,30 ლარის შ. გ-ისათვის დარიცხვა სწორად იქნა უსაფუძვლოდ მიჩნეული, რის გამოც კომისიამ შპს „...ს“ დაავალა შ. გ-ის მიერ სადავო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დარიცხვა და მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 22.09.2020წ. №86 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინება.
3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.09.2020წ. №86 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე