საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-972(კ-21) 7 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. გ-ი
მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. გ-მა 2018 წლის 16 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 18 სექტემბრის №538 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 იანვრის №02/3 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 18 სექტემბრის №538 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 იანვრის №02/3 ბრძანება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ 2017 წლის 18 სექტემბრის №538 დადგენილებით, ა. გ-ს დადგენილ ვადაში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავი კანონდარღვევით დაეკისრა მცდარია, რადგან "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-10 ნაწილით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2016 წლის 5 დეკემბერს, რა დროსაც ა. გ-ი იმყოფებოდა საქართველოში და იგი პირადად იყო ინფორმირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს არაერთი მცდელობისა, დაჯარიმების შესახებ აქტი ვერ ჩაბარდა ადრესატს, თუმცა ვინაიდან ა. გ-ი ინფორმირებული იყო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, მისთვის აღნიშნული წარმოების შედეგი მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაჯარიმების შესახებ აქტი განათავსა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო ადრესატის ალტერნატიული მისამართის მოძიების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო ა. გ-ისათვის საურავის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის განსაზღვრულია პასუხისმგებლობა, კერძოდ, კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. ხოლო დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებულია დამრღვევისათვის საურავის დაკისრება (კოდექსის 25.10 მუხ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-17 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების, მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, დადგენილებაში მითითებული მხარისათვის გაცნობას. ამავე კანონით მოცემულია დადგენილების გაცნობის კონკრეტული დანაწესი, კერძოდ, კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილებით, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში, ბინა №9-ში, აივნის უნებართვოდ ამოშენების გამო, ა. გ-ი ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარი და დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილება, აქტის გამომცემ ორგანოს, ა. გ-ისთვის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (ქ. ბათუმი, ...ის ქ. №12, ბინა №37) არ გაუგზავნია, არამედ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილება, 2017 წლის 23 მარტს განთავსდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში, მრავალბინიან სახლში მდებარე იმ ბინის (ბინა №9) კედელზე, სადაც გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა.
2017 წლის 3 აგვისტოს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა ა. გ-ის მიერ 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილების პირობების შესრულება და მიიჩნია, რომ დადგენილება შესრულებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 18 სექტემბრის №538 დადგენილებით, ა. გ-ს დაკისრებული ჯარიმის ვადაში გადაუხდელობის გამო, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა საურავი 3000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ ა. გ-ი პროფესიით არის მეზღვაური და მუშაობს კომპანია ’’...“-ში, უფროსი მექანიკოსის თანაშემწედ. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტიდან 2017 წლის 8 აპრილამდე პერიოდში იგი იმყოფებოდა ...ში, ხოლო 2017 წლის 7 მაისიდან 2017 წლის 14 ოქტომბრამდე - შორეულ ნაოსნობაში, საქართველოს საზღვრებს გარეთ, თბომავალზე - "...". აღნიშნულის გამო, ბუნებრივია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილების გაცნობა პირადად ა. გ-ის მიერ ვერ მოხდებოდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული დადგენილება 2017 წლის 23 მარტს განთავსდა იმ ობიექტის კედელზე, სადაც გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა და არ გაიგზავნა პირის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც სადავო პერიოდში მოსარჩელის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
საკასაციო სასამართლო, მხარის ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი (აქტის გაცნობა აქტის ობიექტზე განთავსებით) გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მისი გაცნობა პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამოწუროს დადგენილების (მითითების, შემოწმების აქტის, უწყების) მხარისათვის პირადად ჩაბარების ყველა გონივრული შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის წესის დაცვა, აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საჯარო ინტერესების გატარების კუთხით, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი ვერ ამოქმედდება (გარდა საგამონაკლისო წესისა), თუკი მას დაინტერესებული მხარე არ იცნობს. ამასთან, აღნიშნული დანაწესის დაცვა აუცილებელია პირის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მავალდებულებელი ან შემზღუდავი შინაარსისაა.
საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ უფლების მზღუდავი დასაბუთებული აქტის არგაცნობისას პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებრივი გარანტიებით, მათ შორის უფლებით, სადავო გახადოს აქტის კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში კი, იქმნება იმგვარი მოცემულობა, რომ ა. გ-ს იმ პირობებში დაეკისრა საურავი, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილების თაობაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მეუღლემ №78 დადგენილებაში მითითებული თანხა გადაიხადა 2017 წლის 23 აგვისტოს, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზედამხედველობის სამსახურის №78 დადგენილების მოსარჩელე მხარისათვის ოფიციალური გაცნობის წესი იმთავითვე დარღვეულ იქნა, ხოლო საურავის დაკისრების შესახებ 2017 წლის 18 სექტემბრის №538 დადგენილების გამოცემის დროისათვის, №78 დადგენილება არ წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესულ ადმინისტრაციულ აქტს, რაც აუცილებელი პირობა იყო ამ აქტით დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად გათვალისწინებული ვადის ათვლის თარიღის განსასაზღვრად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს-246-243(კ-14)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს, რისი შესაძლებლობაც განსახილველ შემთხვევაში ა. გ-ს არ მიეცა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გასაცნობად, თუმცა ზედამხედველობის სამსახური, შემოიფარგლა გასაცნობი აქტის მხოლოდ თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გადაწყვიტა 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო მოსარჩელისათვის 3000 ლარის ოდენობით საურავის დაკისრების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია და კანონის შესაბამისად არ შეუფასებია ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი. მოპასუხეს ასევე არ უცნობებია და ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩაურთავს პირი, რომლის ინტერესებსაც შესაძლოა შეხებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამგვარად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 18 სექტემბრის №538 დადგენილების გამოცემისა და 2017 წლის 16 თებერვლის №78 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების საფუძველი.
ამასთანავე, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შესაძლო სამართალდამრღვევის ინფორმირებულობა უპირობოდ არ მოიაზრებს უფლების მზღუდავი აქტის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას, ამ აქტის შინაარსის მისთვის გაცნობას და არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადრესატისათვის აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის, დადგენილი პროცედურის დაცვით გაცნობის ვალდებულებისგან. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო პროდუქტი დაინტერესებული პირის მიმართ ყოველთვის უარყოფით შედეგს არ მოასწავებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ იცოდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავს რომ მას წინასწარ უნდა განესაზღვრა მხოლოდ დაჯარიმების შესახებ აქტის მიღების შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე