Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-109(2კ-22) 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. კ-ე

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ნ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 18 ნოემბერს ლ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ნ. ლ-ის საკუთრებაში 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების ნაწილში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №169 საოქმო გადაწყვეტილების, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2010 წლის 15 თებერვალს გაცემული №3431 საკუთრების უფლების მოწმობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 26 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ. ლ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №169 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ლ-ის საკუთრებაში 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების ნაწილში და მის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2010 წლის 15 თებერვალს გაცემული №3431 საკუთრების უფლების მოწმობა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ლ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორის განმარტებით, განმცხადებლის მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რომლის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N169 ოქმის (საკითხი N36) თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ. ლ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 15 თებერვალს გამოცემულ იქნა N3431 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. ლ-ის საკუთრების უფლება. ნ. ლ-ის მიერ ასევე წარდგენილი იყო ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრის თანხმობა, მიწის ნაკვეთის არსებული კონფიგურაციით აღიარებასთან დაკავშირებით, აღნიშნული გარემოება კი, სასამართლოს მიერ საერთოდ არ იქნა შეფასებული. სასამართლოს საკითხის განხილვისას ასევე არ შეუფასებია გასაჩივრებული აქტების მიმართ მესამე პირის - ნ. ლ-ის კანონიერი ნდობის საკითხი.

კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ნ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №169 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ლ-ის საკუთრებაში 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების ნაწილში და მის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2010 წლის 15 თებერვალს გაცემული №3431 საკუთრების უფლების მოწმობა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხოლოდ ნ. ლ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. მოსარჩელეს - ლ. კ-ეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ლ-ემ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით დარჩა განუხილველად.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ნ. ლ-ის საკუთრებაში 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების ნაწილში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №169 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2010 წლის 15 თებერვალს გაცემული №3431 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს.აღნიშნული „წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად იწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 9 იანვრის №79 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-17 საკითხი) ნ. ლ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდ., ნაკვეთის ფართობი 102 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან თბილისის არქიტექტურის სამსახურის დასკვნის თანახმად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.

2009 წლის 12 ნოემბერს ნ. ლ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №169 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 36-ე საკითხი) დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის განცხადება ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ მდებარე 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2010 წლის 15 თებერვალს გაიცა №3431 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის თანახმად, ნ. ლ-ეს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 102კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, მომიჯნავედ მცხოვრებმა ნ. ლ-ემ დაირეგისტრირა მისი სახლის ჭიშკრიდან ძირითად გზამდე არსებული საერთო სარგებლობის, გასასვლელად საჭირო გზა, რაც ზღუდავს მის კანონიერ უფლებებს.

საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტის თვალსაზრისით არსებით ყურადღებას მიაქცევს სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულებას.

„ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს იმ კატეგორიის თვითნებურად დაკავებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.

ამდენად, საკანონმდებლო აკრძალვებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ როგორც 2009 წელს, ისე დღეის მდგომარეობითაც ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებული სადავო მონაკვეთი წარმოადგენდა (წარმოადგენს) მოსარჩელის სახლამდე მისასვლელ ერთადერთ სამანქანო გზას (გასასვლელს) და სხვა გზა (გასასვლელი) არ არსებობს, გარდა საფეხმავლო გზისა, რასაც ასევე ადასტურებენ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული პირებიც - ე. მ-ე და ზ. კ-ი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მესამე პირის - ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს და აღიარების კომისიას არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში აღიარების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამ აქტების მიმართ მესამე პირს - ნ. ლ-ეს გააჩნია კანონიერი ნდობა და განმარტავს, რომ პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახად მიიჩნევს, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება მესამე პირის კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების უპირატესობის დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება – დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.

კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორეს მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, ასეთ შემთხვევაში აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საკითხი განიხილება არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მისი ექვივალენტური - ნდობის დაცვის პრინციპის თვალსაზრისით. საკითხი წყდება ორი პრინციპის შეპირისპირებით, აქტის ფორმის და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით (სუსგ 28.03.2012წ. ბს-1153-1142 (კ-11)). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის ერთი ფიზიკური პირისათვის საკუთრებაში გადაცემა მაშინ როდესაც მეორე პირს ეზღუდება სახლთან მისასვლელი გზით სარგებლობა და მას ფაქტობრივად არ აქვს სახლამდე მისასვლელი სამანქანო გზა, მით უფრო მაშინ, როდესაც სადავო აქტების გამოცემადე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 9 იანვრის №79 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ლ-ეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა და მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა, სადავო აქტებით მესამე პირის - ნ. ლ-ისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა ადასტურებს დარღვევის სიმძიმეს, რის გამოც იგი გადაწონის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმჭურველ ხასიათს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთისათვის გზის სტატუსის არქონა ვერ გამოდგება აქტის ბათილობის საწინააღმდეგო არგუმენტად, რადგან მნიშვნელოვანია რა დანიშნულებით ხდებოდა მისი გამოყენება და არა ის, ჰქონდა თუ არა მას გზის, გასასვლელის თუ საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის სტატუსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე