Facebook Twitter

ბს-1048(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ფ-ამ 24.02.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. გადაწყვეტილებისა (ოქმი №77) და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 28.01.2021წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2021წ. განჩინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. №77 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, ნაწილობრივ შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2021წ. გადაწყვეტილებით მ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ფ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2021წ. გადაწყვეტილებით, მ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2021წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.01.2021წ. №03-128/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელე მ. ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დატკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.11.2019წ. №007929319 დასკვნის თანახმად, ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №13-ში მდებარე შენობის (...ის შენობა) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. №77 ოქმისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 28.01.2021წ. №03-128/ო ბრძანებით მ. ფ-ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების მოტივით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში მდებარე ობიექტში - „...ში“, ასევე არასწორად შეფასდა მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 11.02.2021წ. ცნობის თანახმად, მ. ფ-ა ნამდვილად ცხოვრობს 1998 წლიდან 2021 წლის 11 თებერვლამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ას ქ. №3-ში. ნოტარიული წესით დამოწმებული 19.02.2021წ. ხელწერილით, ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ის მცხოვრები დევნილები ჟ. ქ-ა, გ. ჭ-ა და ტ. რ-ა ადასტურებენ, რომ 1998 წლიდან მ. ფ-ა ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში. სს „...ას“ მიერ მომზადებული აბონენტის ბარათიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მ. ფ-ას სახელზე რეგისტრირებულ აბონენტის ნომერზე 2020 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ფიქსირდება ენერგიის მოხმარება. საქმის მასალებში დაცული მონიტორინგის ფოტოსურათები ნათელჰყოფს, რომ ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებულია იმ სახის მოძრავი ნივთები, რაც საჭიროა აპელანტისა და მისი ოჯახის ყოველდღიური ყოფაცხოვრებისათვის. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია აპელანტისა და მისი ოჯახის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. მ. ფ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2020 წლის მარტიდან დღემდე მუდმივად იმყოფება გალში, ძმის საკუთრებაში არსებულ სახლში. მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (სუსგ 18.03.2020წ. №ბს-156(კ-20) განჩინება), შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ფ-ას სარჩელი საფუძვლიანია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი და მისი გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა. მონიტორინგის ოქმებიდან ჩანს, რომ მონიტორინგების განხორციელებისას მხარე არ იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში. სასამართლო განხილვისას მისივე განმარტებით 2020 წლის მარტიდან დღემდე მუდმივად იმყოფება გალში, ძმის საკუთრებაში არსებულ სახლში. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებები არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ საშუალებად, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა საქმეში დაცულ ფოტო-სურათებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ფოტოები ქმნიდა იმის გონივრულ ვარაუდს, რომ ოჯახი აღნიშნულ ფართს მხოლოდ სათავსოდ იყენებდა და არა საცხოვრებლად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს და პრიორიტეტი მიანიჭოს იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მხარე არ იყო ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა და სადავო აქტი მიიღო კანონმდებლობის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე მ. ფ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის მოწმობაში მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №3 - ...ი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.11.2019წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №13-ში მდებარე შენობის (...ის შენობა) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. იმავე ბიუროს 19.12.2019წ. წერილის თანახმად, 12.11.2019წ. ექსპერტის დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, დასკვნით და კვლევით ნაწილში „...ას 13“-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს „...ას 3“. ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში დევნილთა დროებითი საცხოვრებელის შენობის 07.10.2020წ. აღწერის ფორმის თანახმად, მ. ფ-ა და მისი მეუღლე ო. ჭ-ა იმყოფებიან გალში, ხოლო მოსარჩელის შვილი თ. ჭ-ა ადგილზე გამოცხადდა სატელეფონო საუბრის შემდეგ 5 წუთში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. №77 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტებში, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები, აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ზუგდიდი, ...ას ქ. №3 (...ი). ამავე ოქმის მიხედვით, მ. ფ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.01.2021წ. №03-128/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), მ. ფ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მ. ფ-ა ადგილზე არ დახვდათ, ხოლო მისი შვილი ადგილზე გამოცხადდა სატელეფონო კავშირის შემდეგ, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლდეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. საქმის მასალებში დაცული სს „...ას“ მიერ 22.12.2020წ. გაცემული სააბონენტო ბარათიდან ამონაწერის შესაბამისად, აბონენტს მ. ფ-ას ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში (...ის შენობა) 2020 წელს უფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება. ქ. ზუგდიდში ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 11.02.2021წ. ცნობის თანახმად, მ. ფ-ა 1998 წლიდან დღემდე ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ას ქ. №3-ში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.02.2021წ. წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით მ. ფ-ას სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით სადავო გადაწყვეტილების უარის თქმის საფუძვლად, ზემოაღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არარსებობაზე მითითება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ,), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს, შესაბამისად, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. განსახილველ შემთვევაში დგინდება, რომ მ. ფ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. საქმის მასალებით დასაბუთებული არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში, ...ის შენობაში. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ობიექტი (...ის შენობა) არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი და/ან საცხოვრებლად უვარგისი ფართი, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2021წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი