ბს-1114(კ-20) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. შ-ემ 18.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2017წ. დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 22.04.2019წ. განცხადებით დ. შ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.04.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილებით დ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათლად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.04.2019წ. ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2017წ. დადგენილება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საჭიროების შესახებ. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ობიექტის მესაკუთრეა ე. ქ-ა. გაცემულ სამშენებლო ნებართვაში მითითებულია დ. შ-ე, რომელიც იყო ე. ქ-ას წარმომადგენელი, რაც დასტურდება საქმეში დაცული 28.03.2011წ. ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით. პალატის მოსაზრებით მხოლოდ ის, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.04.2012წ. N125788 ბრძანებაში დ. შ-ე მითითებულია განმცხადებლად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ გარემოების უტყუარ მტკიცებულებად, რომ ბრძანებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი პირი იყო დ. შ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახურის 15.12.2016წ. დადგენილებით დ. შ-ე დაჯარიმდა 3000 ლარით მშენებლობის პროექტის დარღვევით წარმოების გამო და განემარტა, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში დაჯარიმდებოდა საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით. დ. შ-ეს დარღვევა არ აღმოუფხვრია, რაც ქმნიდა განმეორებით დაჯარიმების საფუძველს. კასატორმა მიუთითა, რომ არქიტექტურის სამსახურის 19.04.2012წ. ბრძანებით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია დ. შ-ე. „უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ 28.03.2011წ. სანოტარო აქტით ე. ქ-ამ დ. შ-ეს საქართველოში მიანიჭა თავისი წარმომადგენლობის უფლება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მე-20 მუხლის მიხედვით მშენებლობის ნებართვის გაცემის მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მისი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ამდენად, მშენებლობის ნებართვის გაცემისას პირის დამკვეთად მიჩნევას კანონმდებლობა უკავშირებს მის სამშენებლო განვითარების ინტერესს. დ. შ-ე არის დამკვეთი, რომელიც წარმოადგენს მესაკუთრის ე. ქ-ას უფლებამოსილ პირს და რომელსაც 28.03.2011წ. სანოტარო აქტის საფუძველზე გააჩნია სამშენებლო განვითარების ინტერესი. ამდენად, სწორად იქნა განსაზღვრული სამართალდარღვევის სუბიექტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დ. შ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. კასატორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნას კი შეადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთანავე, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩვრებული განჩინების უსწორობის სათანადო დასაბუთებას.
კასატორის მოსაზრებით დ. შ-ე მართებულად იქნა მიჩნეული სამართალდამრღვევ სუბიექტად, რადგან პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.04.2012წ. ბრძანებაში დამკვეთი-განმცხადებლის გრაფაში მითითებულია დ. შ-ე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ქ. თბილისის მერიაში წარდგენილი იყო ე. ქ-ას მიერ დ. შ-ის სახელზე გაცემული, ნოტარიალურად დამოწმებული 28.03.2011წ. რწმუნებულება/მინდობილობა. მითითებული მინდობილობის თანახმად, ე. ქ-ამ დ. შ-ეს მიანიჭა საქართველოში თავისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მათ შორის საქართველოში არსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან, მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენასთან, მშენებლობის ნებართვის მიღებასთან, მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული საქმეების წარმართვის უფლება (მინდობილობის 1.1 მუხ., 1.3 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). რწმუნებულებაში ერთმნიშვნელოვნად მიეთითა, რომ წინამდებარე აქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების შედეგად მიღებული ნებისმიერი ქონება: უფლებები, ფულადი თანხა და სხვ., წარმოადგენს მარწმუნებლის - ე. ქ-ას საკუთრებას, ამასთანავე, ეს ნორმა ვრცელდება წინამდებარე აქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებებზეც (მინდობილობის 1.5 მუხ.). მინდობილობის მესამე მუხლის თანახმად, რწმუნებული (დ. შ-ე) მოქმედებს საკუთრების მარწმუნებლის (ე. ქ-ას) სახელით, რწმუნებული მარწმუნებლის სახელით უფლებამოსილების განხორციელებისას უთითებს უფლებამოსილების დამდგენ დოკუმენტზე. კასატორი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციულ ორგანოში აღნიშნული მინდობილობის წარდგენასა და მის შინაარსს, დ. შ-ის მოქმედებას ე. ქ-ას მიერ მინიჭებული წარმომადგენლობით უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ამის მიუხედავად დ. შ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევას კანონიერად თვლის, რაც მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.04.2012წ. ბრძანების გაცემისას არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა (ტ.1, ს.ფ. 268), რომელშიც აღნიშნულია, რომ დამკვეთი - მენაშენე არის ე. ქ-ა, ასეთივე მითითებას შეიცავს სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტაცია და გეგმები, რომლებიც გაცემულია მაგ.: სარდაფზე, მანსარდაზე და სხვ. (ტ.1, ს.ფ. 269-280), ამავე საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ დასაპროექტებელ ობიექტს შეადგენს ქ. თბილისში, ... N12-ში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კორექტირების პროექტი. საქმის მასალების თანახმად, საპროექტო დოკუმენტაცია მოიცავდა აგრეთვე 23.12.2011წ. კონსტრუქციულ დასკვნას, რომელშიც კიდევ ერთხელ მიეთითება, რომ ხდება ე. ქ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტის განხილვა (ტ.1, ს.ფ. 282). სამშენებლო ობიექტზე მიმაგრებული საინფორმაციო დაფის მიხედვით დამკვეთია ე. ქ-ა. ამასთანავე, როგორც საქმის მასალებით, აგრეთვე AR129203 განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tas.ge) დაცული მონაცემების მიხედვით AR129203 განცხადების განხილვისას არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი იყო გ. ქ-ას მიერ დ. შ-ის სახელზე გაცემული, ნოტარიალურად დამოწმებული 28.03.2011წ. რწმუნებულება/მინდობილობა. ამდენად, ცალსახად იკვეთებოდა პირი, რომელსაც ჰქონდა ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. წარდგენილი დოკუმენტაციის ერთობლივი შეფასების შედეგად დასტურდებოდა, რომ დ. შ-ე მოქმედებდა არა საკუთარი, არამედ ე. ქ-ას სახელით, დ. შ-ის ქმედებები მიზნად ისახავდა მარწმუნებლის - ე. ქ-ასთვის შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ის გარემოება, რომ პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.04.2012წ. ბრძანების მიხედვით დამკვეთად მითითებულია დ. შ-ე, არ ქმნიდა მის სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
ზემოაღნიშნული მოსაზრების უსწორობას არ ადასტურებს კასატორის მითითება ნებართვის გაცემისას მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მისი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, რადგან ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს მესაკუთრის/მოსარგებლის წარმომადგენელი და ნორმაში მითითებული მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მარწმუნებლის სახელით სამართალურთიერთობაში ჩართვისას წარმომადგენელი იღებს რიგ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, გამოხატავს ნებას, თუმცა მისი ნება თანხვედრაშია მარწმუნებლის ნებასთან, დეტერმინირებულია მისით და ემსახურება სწორედ მარწმუნებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, მის ინტერესებს, წარმომადგენელს არ აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების დამოუკიდებელი ინტერესი, იგი თავისი ქმედებების მეშვეობით ახდენს მესაკუთრის/მოსარგებლის ასეთი ინტერესის რეალიზებას. რაც შეეხება N57 დადგენილების მე-20 მუხლში მითითებულ მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ უფლებამოსილ პირს, მასში არ იგულისხმება მესაკუთრის/მოსარგებლის წარმომადგენელი, რადგან ნორმაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ამ უფლებამოსილ პირს აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციიდან და მინდობილობიდან იკვეთება, რომ დ. შ-ე არ მოქმედებდა თავისი, მარწმუნებლისგან დამოუკიდებელი ინტერესის რეალიზაციის მიზნით, მას უშუალოდ არ ჰქონდა ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, იგი მოქმედებდა ე. ქ-ას მიერ მინიჭებული უფლებმოსილების ფარგლებში, იმ მიზნით, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის თანამდევი კონკრეტული უფლება-მოვალეობები ე. ქ-ას წარმოშობოდა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ N57 დადგენილების ნებართვის გაცემისას მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ წარმოებაში დამკვეთის წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობას (მაგ.: 39.2, 45.1 მუხ.). უკეთუ მესაკუთრის წარმომადგენელს დამკვეთად მივიჩნევთ, მივიღებთ, რომ დამკვეთს, რომელიც მესაკუთრის წარმომადგენელია, თავის მხრივ, თავადაც ჰყავს წარმომადგენელი, რომელიც იგივე წარმატებით დამკვეთად უნდა იქნეს მიჩნეული და ასე უსასრულოდ. აღნიშნული დამატებით ადასტურებს მესაკუთრის წარმომადგენლის - დ. შ-ის დამკვეთად მიჩნევის, სანებართვო პირობების დარღვევის გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უსწორობას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო 11.09.2017წ. დადგენილების გამოცემისას მოქმედი რედაქცია) მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამკვეთად მიიჩნეოდა ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავდა. განსახილველ შემთხვევაში მართალია მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დ. შ-ე ახორციელებდა გარკვეულ ქმედებებს, თუმცა აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო მესაკუთრის - ე. ქ-ას ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ იმავე ობიექტის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს 28.11.2016წ. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული აქვს დადგენილება ე. ქ-ას დაჯარიმების შესახებ. დადგენილების თანახმად, ე. ქ-ამ არ შეასრულა ვალდებულება სახლის სახურავზე უნებართვოდ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერების შესახებ. ამდენად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ერთ შემთხვევაში მიიჩნია, რომ სახლის სახურავზე სამუშაოებს აწარმოებდა ე. ქ-ა, ხოლო მეორე შემთხვევაშო დ. შ-ეს შეუფარდა სანქცია სამშენებლო სამუშაოების პროექტის დარღვევით წარმოების გამო, რაც საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროებას ადასტურებს. ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება პირს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში, ხოლო თუ მშენებლობის მწარმოებელი პირი დაუდგენელია, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. სადავო აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას დ. შ-ის სტატუსთან მიმართებით, უგულებელყოფილია ე. ქ-ას მიერ დ. შ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის შინაარსი, წარმომადგენლის ინსტიტუტის დანიშნულება, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და მიზნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი