ბს-1007 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 16.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 29.11.2017წ. N04/73756 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.04.2018წ. N04/22914 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და პაციენტ ე. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.2018წ. გადაწყვეტილებით შპს "...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 29.11.2017წ. N04/73756 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.04.2018წ. N04/22914 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე - ადმინისტრაციული ორგანოს უარი პაციენტ ე. მ-ის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კითხვაზე - მოსარჩელის მიერ შეტყობინებაში გადმოცემული ინფორმაცია რატომ ვერ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, მაშინ როდესაც, საქართველოს მთვარობის 30.12.2016წ. N638 დადგენილების მე-17.1 დანართის მე-9 მუხლი, ამ დადგენილებით მოსარგებლე პაციენტის მიმართ, იძლევა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების ფარგლებში. დასახელებული გარემოება საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. პალატამ აღნიშნა, რომ ე. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელმისაწვდომი იყო ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 53.5, 96-ე, და 32.4 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ შპს ,,...ს“ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე, სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,...ისათვის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 29.11.2017წ. N04/73756 გადაწვეტილება შეიცავს მხოლოდ ზოგადად მითითებას, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, თუმცა კონკრეტულად რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება, რაც საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითის ხელახლა განხილვისას.
რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.04.2018წ. N04/22914 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, პალატამ მიუთითა, რომ იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 29.11.2017წ. N04/73756 გადაწყვეტილების უკანონობა პაციენტ - ე. მ-ისთვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.04.2018წ. N04/22914 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტი ე. მ-ი წარმოადგენს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეს. პაციენტი კლინიკაში შევიდა 2017 წლის 12 მაისს 11.08 საათზე, დაავადების 5 დღიანი ანამნეზით. ე. მ-მა კლინიკაში დაჰყო სამი საწოლ-დღე დიაგნოზით: პნევმონია, დაუზუსტებელი, ცისტური ფიბროზი, ფილტვისმიერი გამოვლინებით. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, 1-ლი დანართის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“. განსახილველ შემთხვევაში, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილების ფარგლებში და არა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებიდან გამომდინარე, ვინაიდან პაციენტი დაავადებული იყო ქრონიკული დაავადებით ,,ცისტური ფიბროზი“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სს „...მა“ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით მოითხოვეს შპს „...ის“ უფლებამონაცვლედ სს „...ის“ ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2022წ. განჩინებით შპს „...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი.“
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ე. მ-ი კლინიკაში შევიდა 12.05.2017წ. 11:08 საათზე და გაეწერა 15.05.2017წ. 12:00 საათზე. კლინიკას მიმართა დაავადების დაწყებიდან მე-5 დღეს, დიაგნოზით პნევმონია, დაუზუსტებელი (J18.9), თანარსებული დიაგნოზი ცისტური ფიბროზი, ფილტვისმიერი
გამოვლინებებით (E84.0). დაავადება დაეწყო კატარალური მოვლენებით, ტემპერატურის მატებით, ხველით. გამოიხატა შეტევითი ხველა, სუნთქვის გაძნელება, ადინამია. ვერ იღებდა საკვებს, სითხეებს. კლინიკაში ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, დაწყებულ იქნა მკურნალობა: ოქსიგენოთერაპია, ინჰალაცია, ინფუზია ფიზიოლოგიური ხსნარით, დექსამეტაზონი. გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში მშობლის თხოვნით, ხელწერილით. აღნიშნულ შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 1-ლი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, არ ანაზღაურდება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამასთანავე, სადავო აქტში მითითებულია, რომ დიაგნოზი - ცისტური ფიბროზი ანაზღაურდება ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული და მათში არ არის ნათლად განმარტებული უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 29.11.2017წ. N04/73756 გადაწყვეტილებით მხარეს ეცნობა, რომ პაციენტისთვის დასმული დიაგნოზი - ცისტური ფიბროზი ანაზღაურდებოდა ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თუმცა არ იქნა განმარტებული სადავო აქტის გამომცემი ორგანო „სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ რას მოიაზრებდა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტის კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზს წარმოდგენდა არა "ცისტური ფიბროზის", არამედ მწვავე პნევმონიის დიაგნოზი, რომელსაც კლინიკის მიერ გაეწია შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ურთიერთსაპირისპიროა, რამეთუ, ერთ შემთხვევაში იგი მიუთითებს, რომ ე. მ-ი წარმოადგენს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეს, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნავს, რომ პაციენტის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილების ფარგლებში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილებით დამტკიცებულია 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში პაციენტის კლინიკაში მიმართვა და კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა დაფიქსირებულია 2017 წელს, "2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის მიერ 30.12.2016წ. მიღებულია N638 დადგენილება, რომლის მე-17 დანართის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ასევე არის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით და განხორციელდება საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების ფარგლებში. ამდენად, საქართველოს მთავრობის 30.12.2016წ. N638 დადგენილება ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ითვალისწინებს გადასვლას „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველო მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაზე და პროგრამის განმახორციელებელს აძლევს უფლებას საქართველოს მთავრობის 30.12.2016წ. N638 დადგენილებასთან ერთად იხელმძღვანელოს N36 დადგენილებით განსაზღვრული დებულებებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტებში არ გაუკეთებია სათანადო განმარტება, არ გამოუკვლევია მოცემული პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება მოიცავდა თუ არა კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას, რისთვისაც საჭირო იყო იმ დოკუმენტაციის შეფასება, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (პაციენტის სტაციონალური სამედიცინო ბარათი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტზე დაკვირვების ფურცელი და სხვ.). ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო აქტები დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი გარემოება ან მტკიცებულება გახდა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. N04342 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე