Facebook Twitter

ბს-857 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ომ“ 28.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 24.01.2017წ. N04/3955 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2017წ. N04/71114 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო სს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2018წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 24.01.2017წ. N04/3955 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2017წ. N04/71114 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2019წ. განჩინებით სს „...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტ მ. ო-ეს (12 წლის) შპს ,,...ოში’’ 2016 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 4 აგვისტომდე გაეწია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა G44.8 თავის ტკივილის სხვა დაზუსტებული სინდრომები; I34.9 მიტრალური სარქველის არარევმატული დაზიანებები, დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს დაავადება ერთი კვირის წინ დაეწყო ტემპერატურის მატებითა და თავის ტკივილით, მიყვანილ იქნა ...ის საავადმყოფოში, სადაც 5 დღე მკურნალობდა, თუმცა თავის ტკივილი გრძელდებოდა, ჰქონდა ერთჯერადი ღებინება, რის გამოც გადაყვანილ იქნა შპს ,,...ოში’’. პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, პედიატრისა და კარდიოლოგის კონსულტაცია, ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა სისხლში C რეაქტიული ცილა და O სტრეპტილიზინი, ჩაუტარდა გულის ულტრასონოსკოპიული კვლევა. სტაციონარიდან გაწერისას პაციენტის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პაციენტ ლ. ბ-ს (14 წლის) 2016 წლის 28 აგვისტოდან 2016 წლის 30 აგვისტომდე შპს ,,...ოში’’ გაეწია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა L08.9 კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, დედის გადმოცემით, პაციენტს მარჯვენა ტერფის მიდამოში აღენიშნებოდა ტკივილი, შესიება, შეწითლება. სტაციონარში შესვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, გულსისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოების მხრივ - ასაკობრივი ნორმის ფარგლებში, მარჯვენა ტერფის მეორე და მესამე თითის მიდამოში აღენიშნებოდა შესიება, შეწითლება, მტკივნეულობა, პალპაციით ფლუქტუაცია არ იყო. ჩატარდა სისხლის საერთო ანალიზი და ანტიბიოტიკოთერაპია, შეხვევები. მოცემულ შემთხვევაში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა ,,პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ... ასოციაციის პრეზიდენტის - ნ. ტ-ისა და ექიმი-ნევროლოგის - ნ. დ-ას დასკვნაზე, ასევე ასოციაცია - "...ისათვის" თავჯდომარის ლ. ფ-ის 16.03.2017წ. დასკვაზე და აღნიშნა, რომ პაციენტები საჭიროებდნენ გადაუდებელ სტაციონალურ მომსახურებას. სააპელაციო პალატამ მოცემული პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის, დასმული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის სახის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ისინი ურთიერთშესაბამისია. სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ პაციენტებს მ. ო-ეს და ლ. ბ-ს ჩაუტარდათ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, ხოლო სადავო აქტების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კლინიკის მიერ დანიშნული მკურნალობის შედეგად პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სხვა სახის გართულებას ან პაციენტების რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ამდენად, მოსარჩელის მიერ მ. ო-ისათვის და ლ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება ექცევა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში და არ დგინდება ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ინსპექტირების ეტაპზე, პაციენტების მ. ო-ისა და ლ. ბ-ის შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას", საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად "წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს". კასატორის მითითებით წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით (სამედიცინო დოკუმენტაცია, კალკულაცია, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია სტაციონარში გამოყენებული მედიკამენტების თაობაზე) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დასტურდება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განმარტებით მოცემული პაციენტების შემთხვევაში დადასტურდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციით აღნიშნული საჭიროება/ჩატარება არ დასტურდება, ვინაიდან გაწეული მომსახურება მოიცავს კლინიკოლაბორატორიულ კვლევებსა და ისეთი სახის მკურნალობას, რომელიც არ საჭიროებს გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას. კასატორის მითითებით, პაციენტებს ჩაუტარდათ გეგმიური კვლევები და მკურნალობა მოიცავდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიცემას, რაც თავისთავად ვერ ხვდება გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების განმარტებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტ მ. ო-ეს (12 წლის) შპს ,,...ოში’’ 2016 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 4 აგვისტომდე გაეწია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა G44.8 თავის ტკივილის სხვა დაზუსტებული სინდრომები; I34.9 მიტრალური სარქველის არარევმატული დაზიანებები, დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს დაავადება ერთი კვირის წინ დაეწყო ტემპერატურის მატებითა და თავის ტკივილით, მიყვანილ იქნა ...ის საავადმყოფოში, სადაც 5 დღე მკურნალობდა, თუმცა თავის ტკივილი გრძელდებოდა, ჰქონდა ერთჯერადი ღებინება, რის გამოც გადაყვანილ იქნა შპს ,,...ოში’’. კლინიკაში პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, პედიატრისა და კარდიოლოგის კონსულტაცია, ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა სისხლში C რეაქტიული ცილა და O სტრეპტილიზინი, ჩაუტარდა გულის ულტრასონოსკოპიულიკვლევა. სტაციონარიდან გაწერისას პაციენტის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. საქმეში დაცულია ... ასოციაციის პრეზიდენტის - ნ. ტ-ისა და ექიმი-ნევროლოგის - ნ. დ-ას დასკვნა, რომლის მიხედვით, შედგა ..ა ასოციაციის სხდომა, სადაც მ. ო-ის სამედიცინო ისტორია (N16240) იქნა განხილული. დასკვნის მიხედვით პაციენტი კლინიკაში შევიდა 5 დღიანი ანამნეზით, მას აღენიშნებოდა დინამიკაში მზარდი ინტენსივობის თავის ძლიერი ტკივილი, რასაც დაერთო ცხელება და ღებინება, პაციენტთან მიმართებაში საჭირო იყო ნეიროინფექციის გამორიცხვა, თავის ტვინის მწვავე სტრუქტურული დაზიანების გამორიცხვა თავის ტვინის CT კვლევით. ამდენად, დასკვნის თანახმად, პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონალურ მომსახურებას.

რაც შეეხება პაციენტ ლ. ბ-ის (14 წლის), შემთხვევას, აღსანიშნავია, რომ პაციენტს 2016 წლის 28 აგვისტოდან 2016 წლის 30 აგვისტომდე შპს ,,...ოში’’ გაეწია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა L08.9 კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, დედის გადმოცემით, პაციენტს მარჯვენა ტერფის მიდამოში აღენიშნებოდა ტკივილი, შესიება, შეწითლება. სტაციონარში შესვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, გულსისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოების მხრივ - ასაკობრივი ნორმის ფარგლებში, მარჯვენა ტერფის მეორე და მესამე თითის მიდამოში აღენიშნებოდა შესიება, შეწითლება, მტკივნეულობა, პალპაციით ფლუქტუაცია არ იყო. ჩატარდა სისხლის საერთო ანალიზი და ანტიბიოტიკოთერაპია, შეხვევები. საქმეში დაცულია "...ისათვის" ასოციაციის თავჯდომარის ლ. ფ-ის 16.03.2017წ. დასკვნა, რომლის მიხედვით: „ლ. ბ-ის N18237 სტაციონარულ ბარათში აღწერილია ფეხსახსრიანი მწერის მიერ პაციენტის დაკბენვის შემთხვევა. მიუხედავად ბინაზე ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიისა, სტაციონარში მოთავსებისას აღენიშნებოდა ტერფის შესიება, მტკივნეულობა, ჰიპერემია განვრცობის ტენდეციით, ტემპერატურის მომატება ადგილობრივად, ანუ ყველა ის სიმპტომი, რომელიც დამახასიათებელია მწვავე ანთებისთვის. აღნიშნულ სიტუაციაში პროცესის გამწვავების შემთხვევაში მოსალოდნელი გართულებებია: ტერფის და წვივის აბსცესი, მანეკროტიზირებელი ფასციტი, მეტატეზალური და ტერფის ძვლების ოსტეომიელიტი. დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივი მოშლა. აღნიშნულ სიტუაციაში ბავშვი კატეგორიულად ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას სწორედ ურგენტული (გადაუდებელი) კოდით. ვინაიდან სწორად შერჩეული ანტიბიოტიკების ვენური ინფუზიისა და ადგილობრივი შეხვევების შედეგად 24 საათში მდგომარეობა რამდენადმე დასტაბილურდა, აღარ გახდა საჭირო ოპერაციული ჩარევა. მკურნალობა გაგრძელდა კონსერვატიულად, ანტიბაქტერიული პრეპარატებით და შეხვევებით პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე. აღნიშნული ტაქტიკა თანხმობაშია ამ ნოზოლოგიისთვის შესაბამის მოქმედ თანამედროვე პროტოკოლთან (12-24 საათი ანტიბიოტიკოთერაპია ვენური ინფუზიით, უეფექტობის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა). მინიჭებული აქვს კონსერვატიული მკურნალობის მართებული კოდი QXSA 05.0“.

მოცემულ შემთხვევაში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2017წ. N04/71114 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არ დასტურდება გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ჩატარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციით, მათ შორის სტაციონარული სამედიცინო ბარათებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით და საქმეში დაცული ... ასოციაციის პრეზიდენტის - ნ. ტ-ისა და ექიმი-ნევროლოგის - ნ. დ-ას დასკვნით, ასევე "...ისათვის" ასოციაციის თავჯდომარის ლ. ფ-ის დასკვნის მიხედვით დასტურდება, რომ პაციენტებს მ. ო-ესა და ლ. ბ-ს ჩაუტარდათ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარში იგი მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებს, რომ სტაციონალური მკურნალობის ჩატარება არ დასტურდება, ხოლო აღნიშნული მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა, ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობას. შესაბამისად სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.10.2020წ. N29115 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი