Facebook Twitter

ბს-967(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ნ-ემ, მ. ნ-ემ, ლ. კ-ე-ნ-ემ, ი. ს-ემ, ვ. ნ-ემ და თ. ნ-ემ 02.09.2020წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 31.07.2020წ. №03/9935 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოს დავალდებულება. 02.03.2021წ. შუამდგომლობით დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.07.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოს დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2021წ. გადაწყვეტილებით თ. ნ-ის, მ. ნ-ის, ლ. კ-ე-ნ-ის, ი. ს-ის, ვ. ნ-ის, თ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.07.2020წ. №03-802/ო ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე თ. ნ-ეს, მ. ნ-ეს, ლ. კ-ე-ნ-ეს, ი. ს-ეს, ვ. ნ-ეს და თ. ნ-ეს უარი ეთქვათ ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. ნ-ემ, ოჯახის წევრებთან ერთად (თ. ნ-ე, ლ. კ-ე-ნ-ე, ი. ს-ე, ვ. ნ-ე, თ. ნ-ე) 2015 წელს შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადება და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელე მ. ნ-ის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა ჯამში 16 ქულა. საქართველოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20.02.2018წ. წერილით დგინდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მცხოვრებმა მ. ნ-ემ სამინისტროს მიმართა განცხადებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, განცხადების წარდგენის დროისთვის ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანება შეესაბამებოდა II კატეგორიას, დღეის მდგომარეობით აღნიშნული ოჯახის სახლის დაზიანების კატეგორია არის პირველი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 06-07.07.2020წ. №17 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. ნ-ის ოჯახის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ განმცხადებლები არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას, შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად ისარგებლონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩაზე უძრავი ქონებით. მითითებული ოქმის საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.07.2020წ. №03-802/ო აქტით, მოსარჩელე მ. ნ-ის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ნ-ესთან მიმართებაში განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს. საქმეში წარმოდგენილი შეფასების ქულებით მ. ნ-ის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა ჯამში 16 ქულა, კერძოდ საცხოვრებელი სახლის დაზიანება - კატეგორია პირველი -10 ქულა, სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა. 16.03.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ოზურგეთში, ...ის ქ. №3ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) 2018 წლის 17 თებერვლიდან რეგისტრირებულია ც. ს-ის საკუთრების უფლება. საქმის მასალებში წარმოდგენილი ც. ს-ის 06.11.2020წ. წერილით დგინდება, რომ ც. ს-ემ მ. ნ-ეს და მის ოჯახს მიუთითა, რომ ისინი ცხოვრობენ მის საკუთრებაში არსებულ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენჯერმე მოითხოვა თანხის გადახდა ან სახლის დაცლა, ისინი მაინც არ ასრულებენ მოთხოვნას, შესაბამისად, დამატებით განუსაზღვრა ერთი თვის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ის მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს მათ გამოსახლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის საცხოვრებელი სახლის ც. ს-ის საკუთრებაში ყოფნის ფაქტი, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირ-სიტყვიერი განმარტება, რომ მოსარჩეელებს შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად ისარგებლონ ოზურგეთში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, ვერ გახდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ც. ს-ის სამართლებრივი ნების არ არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეებს ერთმევათ შესაძლებლობა ფაქტობრივად ისარგებლონ ქ. ოზურგეთში, ...ის ქ. №3ა-ში მდებარე უძრავი ქონებით, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს და მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულებით მიეღო გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ თითქმის 15 წელზე მეტია მოსარჩელის ოჯახის შეუზღუდავ სარგებლობაში არის ც. ს-ის (ი. ს-ის დის) საკუთრებაში არსებული სახლი. ც. ს-ეს საკუთრებაში სხვა ქონებაც გააჩნია. მოსარჩელეების საკითხი სააგენტოში განიხილა შესაბამისმა კომისიამ. მოკვლეული მასალითა და თავად მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი. თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ 15 წელზე მეტია შეუზღუდავად ფლობს და სარგებლობს მეუღლის დის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს კანონი არ დარღვეულა. ც. ს-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი არის ეკომიგრანტი ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. სასამართლო პროცესზე მხარეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი სახის სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ც. ს-ე აპირებს მათ გამოსახლებას და ეკომიგრანტის ოჯახი შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ ვერ დაადგინა მ. ნ-ის ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1.2 მუხლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის 2.1 მუხლის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე“ 17.04.2015წ. და 26.08.2015წ. განცხადებებში (ს.ფ. 82-83, 80-81) მ. ნ-ემ მიუთითა, რომ ოზურგეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დააზიანა მეწყერმა და საცხოვრებლად უვარგისია, აღნიშნულის გამო იძულებული გახდნენ საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინათ და ამჟამად ცხოვრობენ ოზურგეთში, ...ის ქ. №3ა-ში. 15.02.2018წ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, მ. ნ-ის, თ. ნ-ის, ი. ს-ის, ლ. კ-ე-ნ-ის, ვ. ნ-ის და თ. ნ-ის სახლმა დაზიანება მიიღო მეწყრის შედეგად. 11.02.2020წ. განცხადების შეფასების ფორმის მიხედვით, მ. ნ-ის ოჯახს მიენიჭა სულ 16 ქულა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორიის გამო 10 ქულა და სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არარსებობის გამო 6 ქულა. 09.06.2020წ. გადამოწმების ოქმის თანახმად, ოზურგეთში, სოფ. ...ში მდებარე მ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით სახლიდან 3 მეტრის მოშორებით განვითარებულია მეწყერი, აგებული ჯებირები გადაწოლილია, სახლის იატაკს აღენიშნება ბზარები, ხოლო კედლებზე ბზარები არ შეინიშნება, ეზოში მიმდინარე მეწყრული პროცესები საფრთხეს უქმნის საცხოვრებელს სახლს, ოჯახი საცხოვრებლად გადასულია ი. ს-ის დის ც. ს-ის საკუთრებაში არსებულ სახლში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 06-07.07.2020წ. №17 სხდომის ოქმით დღის წესრიგს წარმოადგენდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული იმ ოჯახების (ეკომიგრანტი) განსახლების საკითხების განხილვა, რომელთა განცხადებებსაც მინიჭებული აქვს 16 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა, ასევე იმ ოჯახების (ეკომიგრანტი) განსახლების საკითხების განხილვა, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით ექვემდებარებიან განსახლებას და სახლის დაზიანების მისამართად უფიქსირდებათ იმერეთის, გურიისა და კახეთის რეგიონი. ამავე ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მ. ნ-ის ოჯახს, რომელიც შეფასებულია 16 ქულით და საცხოვრებელს სახლს მინიჭებული აქვს I კატეგორიის დაზიანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.07.2020წ. №03-802/ო ბრძანებით „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 6-7.07.2020წ. №17 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის მ. ნ-ის ოჯახი. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ოზურგეთში, ...ის ქუჩაძე მდებარე სახლის შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან 15 წელზე მეტია შეუზღუდავად სარგებლობს ი. ს-ის დის საკუთრებაში არსებული სახლით, ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება ეკომიგრანტი ოჯახის გამოსახლების საშიშროება, უსაფუძვლოა, აღნიშნული მითითებები არ ქმნის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. 06.11.2020წ. ც. ს-ემ წერილით მიმართა მ. ნ-ის ოჯახს (ს.ფ. 119), აღნიშნული წერილით ც. სა-ემ მოსარჩელეთა ოჯახისაგან მოითხოვა თანხის გადახდა ან მის საკუთრებაში არსებული სახლის დაცლა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აცნობა, რომ მიმართავს სასამართლოს გამოსახლების მოთხოვნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ნ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ოზურგეთში, ...ის ქ. №3ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას. 16.03.2020წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ოზურგეთში, ...ის ქ. №3ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა არის ც. ს-ის საკუთრება (ს.ფ. 117-118). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი