საქმე #ბს-332(კს-22) 20 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები - ლ. ბ-ი, შპს „...ა“, ლ. კ-ა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრისა და 1 მარტის განჩინებები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა - ა) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მ. ა-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დავალება; ბ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №1110 ბრძანების ბათილად ცნობა.
დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალე ლ. კ-ისათვის გამარტივებული წარმოების წესით თანხის დაკისრების მოთხოვნით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 26.02.2014წ. ბრძანებით ლ. კ-ს მ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18360 ლარის გადახდა. 20.11.2014წ. მ. ა-მა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მოთხოვნით. 25.11.2014წ. მოვალე ლ. კ-ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით მოვალეს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლ. კ-ი გაფრთხილებულ იქნა ქონების დაყადაღების და ამ ქონების დაყადაღებიდან 1 თვის ვადაში საჯარო აუქციონის გამართვის შესახებ.
26.11.2014წ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ლ. კ-ს მიმართა დაყადაღებული ქონების ნებაყოფლობით წარმოდგენის შესახებ, სადაც ასევე განმარტებულია, რომ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღა დაედო მის კუთვნილ ავტომანქანას ..., .... 27.11.2014წ. გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინება ლ. კ-ის მიმართ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების მოთხოვნით. 10.12.2014წ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა შპს „ე...“-მა და როგორც პირველი რიგის მოგირავნემ, მოითხოვა ლ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე რეგისტრირებული ყადაღის, შეზღუდვის და ძებნა-დაკავების გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. მოსარჩელემ 16.03.2015წ. აღნიშნული ქმედება გაასაჩივრა. აღსრულების ეროვნული ბიუროს 24.03.2015წ. ბრძანებით უარი ითქვა საჩივრის განხილვაზე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ლ. კ-ის კუთვნილ ავტომობილზე ყადაღის მოხსნის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოვალის ქონებიდან, რადგან მოვალეს გარდა მანქანისა, თავის სახელზე რიცხული ქონება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა თანხის ამოღება, არ გააჩნია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ლ. კ-ის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილზე ყადაღა მოხსნილი იქნა პირველი რიგის მოგირავნის, შპს „ე...“-ის მოთხოვნით. ყადაღის მოხსნის პერიოდისათვის მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება მოსარჩელის სასარგებლოდ. ყადაღის მოხსნის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას აღმასრულებელი ვალდებული იყო შეემოწმებინა მანქანის საფუძველზე მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმასრულებელს უნდა ემოქმედა მოსარჩელის ინტერესების შესაბამისად და ყადაღა დაედო ლ. კ-ის სახელზე რიცხულ ავტომობილზე მოსარჩელის სასარგებლოდ, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. შპს „ე...“-ის მოთხოვნით ავტომობილზე ყადაღის მოხსნის შემდეგ არ განხორციელებულა მისი საკუთრებაში მიღება ან რეალიზაცია, შესაბამისად, არ შესრულდა ყადაღის მოხნის მიზანი, რაც მხარის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. ყადაღის მოხსნის შემდეგ არ განხორციელებულა შესაბამისი მოქმედებები და ყადაღა მოხსნილ იქნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიდგომოდა მოსარჩელეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის წინასწარ იყო სავარაუდო, რომ ლ.კ-ის სახელზე რიცხულ ავტომობილზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში, მ. ა-ის მოთხოვნა იქნებოდა აღუსრულებელი, რის გამოც აშკარაა, რომ ზიანი მათთვის წინასწარ იყო სავარაუდო და ზიანის დადგომა სწორედ მათმა ქმედებამ გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე, მოსარჩელე - მ. ა-ი, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის №1110 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ე...“.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა და საქმეში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად თანამოპასუხედ ჩაერთო შპს „ე..." .
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა და სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ბ-ი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული ლ. კ-ა, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული შპს ,,...ა“.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ე..."-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის, როგორც სარჩელზე ერთ-ერთი მოპასუხის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და შპს „ე...“-ის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.12.2019წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, საქმე ხელახლი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.12.2019წ. განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მ. ა-მა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ე...“-ის შუამდგომლბა და მ. ა-ის სარჩელზე მოპასუხე შპს „ე...“-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობები, კერძოდ: ა) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის ყადაღის მოხსნის აქტის (№29 ოქმის №A14086506-12 11.12.2014) წარმოდგენის დავალების თაობაზე; ბ) არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის წარმომადგენლების - ნ. ბ-ისა და ი. შ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმის თაობაზე; გ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის წარმომადგენლებისათვის ...იდან ინფორმაციის წარმოდგენის დავალების თაობაზე; დ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუმადგომლობა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩაბმის შესახებ; ე) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საგამოძიებო ორგანოს გამომძიებლის ლ. ღ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმის თაობაზე; ვ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საქმეში მოწმის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების - მ. რ-ის, ლ. ყ-ის, კ. ჯ-ის, ზ. ფ-ის, გ. დ-ის, ბიუროს თავმჯდომარე ი. ბ-ასა და თავმჯდომარის მოადგილის ლ. გ-ის მოწვევის შესახებ; ზ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე მესამე პირების იძულებითი წესით მოყვანის თაობაზე; თ) არ დაკმაყოფილდა ...ის პროკურატურიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მ. ა-ის შუამდგომლობა; ი) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული მნიშვნელობის საგამოძიებო ორგანოდან მასალების გამოთხოვის შესახებ; კ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საბანკო დაწესებულებიდან სესხის დაფარვის გრაფიკის ხელშეკრულებების წარმოდგენის თაობაზე; ლ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ლ. კ-ის ყოფილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე; მ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დავის საგნის გაზრდის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებებით აპელანტის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად შპს „ე...“-ის წარმომადგენლების - ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ჩაბმის თაობაზე დარჩა განუხილველი.
14. 2022 წლის 18 მარტს მ. ა-მა კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტისა და 31 იანვრის განჩინებების გაუქმება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ის კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის და 1 მარტის საოქმო განჩინებები, რომლებითაც - ა) არ დაკმაყოფილდა აპელანტის - მ. ა-ის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ 3ბ/1353-21 საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად მესამე პირების - საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ...ის რაიონული პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, შპს „ე...“-ის თანამშრომლების - ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების მართვის სამმართველოს ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინება); ბ) არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის წარმომადგენლების - ნ. ბ-ისა და ი. შ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); გ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩაბმის შესახებ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); დ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საგამოძიებო ორგანოს გამომძიებლის ლ. ღ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); ე) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დავის საგნის გაზრდის შესახებ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); ვ) განუხილველად იქნა დატოვებული აპელანტის შუამდგომლობები საქმეში მესამე პირებად შპს „ე...“-ის წარმომადგენლების - ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება);
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით განუხილველი დარჩა მ. ა-ის კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებები, რომლებითაც - ა) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის ყადაღის მოხსნის აქტის (№29 ოქმის №A14086506-12 11.12.2014) წარმოდგენის დავალების თაობაზე; ბ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის წარმომადგენლებისათვის ...იდან ინფორმაციის წარმოდგენის დავალების თაობაზე; გ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საქმეში მოწმის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების - მ. რ-ის, ლ. ყ-ის, კ. ჯ-ის, ზ. ფ-ის, გ. დ-ის, ბიუროს თავმჯდომარე ი. ბ-ასა და თავმჯდომარის მოადგილის ლ. გ-ის მოწვევის შესახებ; დ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა მესამე პირების იძულებითი წესით მოყვანის თაობაზე; ე) არ დაკმაყოფილდა ...ის პროკურატურიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მ. ა-ის შუამდგომლობა; ვ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული მნიშვნელობის საგამოძიებო ორგანოდან მასალების გამოთხოვის შესახებ; ზ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საბანკო დაწესებულებიდან სესხის დაფარვის გრაფიკის ხელშეკრულებების წარმოდგენის თაობაზე; თ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ლ. კ-ის ყოფილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში შეაფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრისა და 1 მარტის განჩინებებს იმ ნაწილში, რომლებითაც ა) არ დაკმაყოფილდა აპელანტის - მ. ა-ის შუამდგომლობა №3ბ/1353-21 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, მესამე პირების - საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ...ის რაიონული პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, შპს „ე...“-ის თანამშრომლების - ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების მართვის სამმართველოს ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინება); ბ) არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის წარმომადგენლების - ნ. ბ-ისა და ი. შ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); გ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩაბმის შესახებ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); დ) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საგამოძიებო ორგანოს გამომძიებლის ლ. ღ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); ე) არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დავის საგნის გაზრდის შესახებ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება); ვ) განუხილველად იქნა დატოვებული აპელანტის შუამდგომლობები საქმეში მესამე პირებად შპს „ე...“-ის წარმომადგენლების - ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ჩაბმის თაობაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე,Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოში მესამე პირების მარტივი მოწვევის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია შეეხოს მოწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. არ არის სავალდებულო, რომ მესამე პირის უფლებებს ნამდვილად შეეხოს გადაწყვეტილება. საკმარისია, მესამე პირის მოწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. არ არის გადამწყვეტი, ეყრდნობა თუ არა მოწვეული მესამე პირის შელახული სამართლებრივი ინტერესი საჯარო ან კერძო სამართალს. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, როდესაც სახეზეა მესამე პირის „ჩვეულებრივი“ მოწვევის წინაპირობები, გადაწყვეტილებას საქმეში მათი ჩაბმის თაობაზე სასამართლო იღებს თავისი შეხედულებით. სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული, საქმეში ჩააბას „ჩვეულებრივი“ მოწვევის მესამე პირები.
მოცემული დავის საგნისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ...ის რაიონული პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, შპს „ე...“-ის თანამშრომლები - ა. ბ-ი, გ. ზ-ი, გ. ჩ-ე, უ. ბ-ი, ა. ს-ე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების მართვის სამმართველო (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2022წ. განჩინება), ასევე შპს „ე...“-ის თანამშრომლები - ნ. ბ-ი, ი. შ-ი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველო, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელი ლ. ღ-ი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2022წ. განჩინება) არ წარმოადგენენ იმ პირებს, რომელთა ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ისინი არ არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთა მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, საქმეში მოცემულ პირთა ჩართვა გავლენას ვერ მოახდენს მათ კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე, რის გამოც მართებულად არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ პირთა საქმეში მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებებს, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული აპელანტის შუამდგომლობები საქმეში მესამე პირებად შპს „ე...“-ის წარმომადგენლების - ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ჩაბმის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებისა, რომლითაც სააპელაციო პალატამ იმსჯელა და არ დააკმაყოფილა აპელანტის მ. ა-ის შუამდგომლობა, №3ბ/1353-21 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირების, მათ შორის, შპს „ე...“-ის თანამშრომლების - ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ჩაბმის თაობაზე, მ. ა-მა 2022 წლის 2 თებერვალს კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა ამავე პირთა საქმეში მესამე პირებად ჩაბმა. ამასთან საყურადღებოა, რომ განმცხადებელს შუამდგომლობა დაყენებული ჰქონდა იმავე საფუძვლით, რომელზეც სასამართლოს ნამსჯელი ჰქონდა 2022 წლის 31 იანვრის განჩინების მიღების დროს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობდა სასამართლოს განჩინება, რომლითაც ნამსჯელი იყო ა. ბ-ის, გ. ზ-ის, გ. ჩ-ის, უ. ბ-ის, ა. ს-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმეში მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე, ხოლო შუამდგომლობის ავტორს რაიმე ახალ საფუძველზე არ მიუთითებია, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განმეორებით წარდგენილი შუამდგომლობა განუხილველად.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დავის საგნის გაზრდის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.2 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. 83.3 მუხლის შესაბამისად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
საკასაციო პალატის მითითებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა - მ. ა-მა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ იყო დავის საგანი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდის დაუშვებლობის მოტივით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრისა და 1 მარტის განჩინებების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრისა და 1 მარტის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე