Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1172(2კ-20) 7 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კასატორი (მოპასუხე) - გ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) - დ. ლ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ლ-მა 2015 წლის 29 დეკემბერს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - გ. ხ-ასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის №..., №..., 2015 წლის 24 ივნისის №..., №... ბრძანებების, №..., №..., №..., №... ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვების დადასტურებისა და №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ქონებებზე 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით დ. ლ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით, გ. ხ-ას შუამდგომლობა მოპასუხეთა წრიდან ამორიცხვისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით, დ. ლ-ის წარმომადგენლების განცხადება დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ, ასევე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს; ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე №3/774-16 ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 1. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის №... ბრძანება, №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურება და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის №... ბრძანება, №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურება და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 3. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №... ბრძანება, №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურება და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 4. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №... ბრძანება, ელექტრონულ №... აუქციონში გამარჯვების დადასტურება და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და გ. ხ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. ხ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და გ. ხ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა, რადგან მასზე არ ფიქსირდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილი კერძო პირთა საკუთრების უფლება და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.

კასატორის მითითებით, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებების საფუძველზე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ...ოს რაიონში, სოფ. ...ში (...ში) მდებარე ... კვ.მ (ს/კ №...), ... კვ.მ (ს/კ №...), ... კვ.მ (ს/კ №...) და ... კვ.მ (ს/კ №...), სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების 10 წლის ვადით იჯარით გაცემა. ამ მიზნით გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გ. ხ-ა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. ხ-ა. შესაბამისად 2015 წლის 28 ივლისს გ. ხ-ასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (მეიჯარე) გასცა, ხოლო გ. ხ-ამ (მოიჯარე) მიიღო სახელმწიფოს სახელზე ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები/საკადასტრო ერთეულები. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებები დარეგისტრირდა მარეგისტრირებელ ორგანოში.

საქმეზე წარდგენილია სადავო მიწის სააღრიცხვო ბარათი დაუზუსტებელი ფართობის მითითებით. ელექტრონული ვერსიის გარეშე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები კი ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად და არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას. დ. ლ-ის სახელზე გაცემული მიწის ფართი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იძლევა მისი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას. კასატორის მოსაზრებით, საინტერესოა როგორ იქნა გამოკვლეული და სასამართლოს მიერ გაზიარებული შპს „ხ...“-ს მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რეგისტრირებულ მონაცემებთან შედარებისას გამოსაკვლევ ობიექტსა და ფიქსირებულ, რეგისტრირებულ მონაცემებს შორის გადაფარვა. კასატორის მითითებით, მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან იგი მომზადდა განმცხადებლის დაკვეთით, რომელიც თავადვე განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კონფიგურაციასა და საზღვრებს. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

კასატორი - გ. ხ-ა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან ურთიერთობისას მის მიერ არასდროს არ ყოფილა დარღვეული კანონის მოთხოვნები. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან იჯარის ხელშეკრულებების პირობების უხეში დარღვევის შედეგად უწყვეტად ადგება ზიანი. სააგენტო ვალდებული იყო კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობისთანავე, რომელიც აცნობა დაუყოვნებლივ იჯარის ხელშეკრულებების ამოქმედებიდან რამდენიმე კვირაში (2015 წელი), უმოკლეს ვადაში გარკვეულიყო ვითარებაში, ადგილზე შეესწავლა მდგომარეობა, შეემოწმებინა სადავო საკითხთან დაკავშირებული ყველა საიჯარო ხელშეკრულებები, მოესმინა მხარეების პოზიცია და მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2020 წლის 2 ივლისს დ. ლ-ის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის №... ბრძანების, №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურებისა და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება.

აღნიშნული შუამდგომლობა საკასაციო საჩივრებთან ერთად განსახილველად გადმოიზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, თუმცა, მოგვიანებით, 2020 წლის 3 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დ. ლ-ის წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის ინტერესის არარსებობის გამო, შუამდგომლობის რეაგირების გარეშე დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრისა და 2021 წლის 14 მაისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. ხ-ას საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. ხ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით იჯარით გაცემისა და მათ საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების კანონიერების შემოწმება, სხვა პირის სახელზე დაუზუსტებელი ფორმით არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონება, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მისი განკარგვის ერთ-ერთ სახეს კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მართვის უფლებით გადაცემა წარმოადგენს. ამავე კანონის მე-33 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესზე“, რომლის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აუქციონი ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, აუქციონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რომელიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დადგენისა და შეფასების საფუძველზე. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვლადიმერ ხუჭუას განცხადებების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ...ოს რაიონში, სოფელ ...ში (...ში) მდებარე ... კვ.მ. (საკადასტრო კოდით: № ...) ... კვ.მ. (საკადასტრო კოდით: №...), ... კვ.მ. (საკადასტრო კოდით: №...) და ... კვ.მ. (საკადასტრო კოდით: №...) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების 10 წლის ვადით იჯარით გაცემა. აღნიშნული მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 23 ივნისის №... და №..., 2015 წლის 24 ივნისის №... და №... ბრძანებებით გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი, რომელიც დაიწყო 2015 წლის 24 ივნისს და მასში მონაწილეობას იღებდა გ. ხ-ა. ოთხივე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. ხ-ა. შესაბამისად 2015 წლის 28 ივლისს გ. ხ-ასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (მეიჯარე) გასცა, ხოლო გ. ხ-ამ (მოიჯარე) მიიღო სახელმწიფოს კუთვნილი № ..., №..., № ... და № ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები/საკადასტრო ერთეულები. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებები დარეგისტრირდა მარეგისტრირებელ ორგანოში.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ...ოს რაიონის 2005 წლის 23 აგვისტოს №126 დადგენილების საფუძველზე, ...ოს რაიონის გამგეობასა და დ. ლ-ს შორის 2006 წლის 18 აპრილს გაფორმდა მიწის იჯარის ხელშეკრულება №136. ხელშეკრულების საფუძველზე დ. ლ-ს 25-წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ...ოს რაიონში, სოფელ ...ში, „...ში“ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, 80 ჰა ფართობის მქონე (დაუზუსტებელი სახით) მიწის ნაკვეთი. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რასთან დაკავშირებითაც მომზადდა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. აღსანიშნავია, რომ იჯარის ობიექტთან დაკავშირებით შედგა აღწერილობის ოქმი, ხოლო ...ოს რაიონის გამგეობამ გასცა 2005 წლის 20 სექტემბრის №55 ცნობა. ასევე დადგენილია, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით შპს „ხ...“-ს მიერ აზომვითი ნახაზები მომზადდა 2007 წლის 24 მაისს და 2010 წლის 5 აგვისტოს, რაც აისახა მარეგისტრირებელ ორგანოში.

საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2017 წლის 20 თებერვალს მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, დაუზუსტებელი მდებარეობის მქონე მიწის ნაკვეთის მდებარეობის დაზუსტება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის (საკადასტრო გეგმის) საფუძველზე ვერ ხდებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დაადასტურა 2018 წლის 13 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტმა. კერძოდ აღნიშნა, რომ მის მიერ ჩატარდა საინჟინრო ექპერტიზა საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ 2007 წლის 28 მაისს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე არ იყო დატანილი კოორდინატები ან მაორიენტირებელი ინფორმაცია (გზა, შენობა და ა.შ.), რითაც ადგილზე გასვლით ფაქტობრივად შესაძლებელი გახდებოდა მისი მდებარეობის განსაზღვრა. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიწის ნაკვეთების გადაფარვა დადგინდა შპს „ხ...“-ს მიერ მომზადებულ ნახაზზე დაყრდნობით და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა ამ ნახაზის სისწორე. რაც შეეხება შპს „ხ...“-ს მიერ 2007 წლის 4 მაისს მომზადებულ აგეგმვით ნახაზს, მასში აღინიშნა, რომ საკადასტრო გეგმაზე (დაინტერესებული პირი/ნაკვეთის მფლობელი) დატანილი 80,0 ჰა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მთლიანად მოიცავს №..., №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს და ასევე, მოიცავს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს“.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო სადავო ქონებების აუქციონზე გატანამდე, ვალდებული იყო შეემოწმებინა ეს უძრავი ნივთები არსებობდა თუ არა თავისუფალი სახით და მათზე რაიმე ვალდებულება ხომ არ იყო რეგისტრირებული. ამდენად, არასწორია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და მათ შორის გადაფარვა და მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას ექსპერტის განმარტებაზე, რომ დასკვნა მიწის ნაკვეთების გადაფარვაზე მოამზადა საქმეში არსებული მასალებზე, მათ შორის შპს „ხ...“-ს მიერ მომზადებულ აზომვით ნახაზზე დაყრდნობით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობასთან დაკავშირებით.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

რაც შეეხება კასატორის - გ. ხ-ას შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 4 მარტის №1/5-54 ბრძანებით შეწყდა ...ოს რაიონის გამგეობასა და დ. ლ-ს შორის №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დადებული იჯარის ხელშეკრულება, რის გამოც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს დ. ლ-ის რაიმე უფლება/ვალდებულება. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება დ. ლ-ის მიერ სადავოდ არის გამხდარი და მასზე სასამართლო წარმოება ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მითითებული შუამდგომლობა საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. ხ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. გ. ხ-ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

4. კასატორს - გ. ხ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 5 მაისს №0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე