Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1104(კ-21) 7 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ს-მა 2020 წლის 9 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „ნ. ს-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2019 წლის 10 დეკემბრის №2646 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩაზე, მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ ნ. ს-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სადავო მიწაზე განთავსებული სათბური იყო დროებითი შენობა - ნაგებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოადგენდა ნ. ს-ის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველს.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია, ხოლო სასამართლო განჩინება გამოტანილია დაუსაბუთებლად. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. ს-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (სათბურის) არასაცხოვრებელი სახლისადმი კუთვნილება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 იანვარის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგებში საკითხის განსახილველად, გაეგზავნა ნ. ს-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთზე (ქალაქი თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქ. საერთო ფართობი - 1500.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 დეკემბრის №2646 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ არ დასტურდება ნ. ს-ის მიერ მოთხოვილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი, ასევე, სადავო მიწაზე საქმის განხილვის დროისთვის განთავსებული იყო დროებითი შენობა (სათბური), რაც საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა ეს არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 10 მარტის შპს „ე...-ის“ დასკვნის თანახმად, ნ. ს-ი აღნიშნულ არასაცხოვრებელ სასათბურე შენობას და ხსენებულ ტერიტორიას ფლობს დაახლოებით 1975 წლიდან დღემდე. ამავე დასკვნის მეორე თავის - „ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის“ თანახმად, სადავო ტერიტორიაზე არასაცხოვრებელი სასათბურე შენობის, კონსტრუქციების ბეტონის ფუძის შესწავლა, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ არასაცხოვრებელი სასათბურე შენობა კაპიტალურია და მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან, ტერიტორიის კაპიტალური ღობის ფრაგმენტების ხანმედეგობის პარამეტრების ინსტრუმენტალური და ვიზუალური შესწავლა უდავოს ხდის მათ ხანდაზმულობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქმის განხილვის დროს მოწმის სახით იქნა დაკითხული დასკვნის შემდგენი, ექსპერტი მ. მ-ე, რომელმაც დაადასტურა, რომ მოცემული მდგომარეობით არსებული შენობა-ნაგებობა თავისი წყობით და საძირკვლით წარმოდგენს კაპიტალურ ნაგებობას და იგი ვერ იქნება მიკუთვნებული დროებით ნაგებობათა კატეგორიას.

ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ოქტომბრის №006288120 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე №... საკადასტრო კოდით აღრიცხულ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ერთსართულიანი სათბური წარმოადგენს I ჯგუფის კაპიტალურ ნაგებობას. საქმის განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა, ასევე, ექსპერტი ლაზარე კირიაკიდი, რომელმაც განმარტა, რომ სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფაქტობრივად წარმოადგენს ერთსართულიან სათბურს, რომელიც არის ლითონის კარკასული ნაგებობა, რომელსაც გააჩნია მიწასთან მყარად დაკავშირებული (მიწაში ჩაღრმავებული) რკინაბეტონის საძირკველი, რომელზედაც ჩამაგრებულია მზიდი ლითონის კონსტრუქციები, ხოლო ხსენებულ კონსტრუქციებზე, როგორც კედლებზე, ასევე სახურავზე დამატებით მოწყობილია ლითონის კონსტრუქციებზე (ლითონის ღეროებზე) დამაგრებული შუშები, რომელიც ასრულებს, როგორც სახურავის, ასევე კედლების შემავსებელ ფუნქციას. მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო ექსპერტმა მიუთითა, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენდა დროებით შენობა-ნაგებობას.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, საქმის მასალებში დაცულ მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, ე. ხ-ი, თ. ქ-ი და კ. ქ-ი ნოტარიულად დადასტურებული განცხადებით ადასტურებენ, რომ ნ. ს-ი წლებია ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (სათბური). განმცხადებელები ასევე თანხმობას აცხადებენ, რომ ნ. ს-მა მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების აღიარება, დაკანონება, ლეგალიზება და დაირეგისტრიროს პირად საკუთრებაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს ნ. ს-ი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალები და ექსპერტიზის დასკვნები ერთობლიობაში ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე ნ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. ამასთანავე, დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელ ტერიტორიაზე განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ორთოფოტოებით, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ელექტრონულ გვერდებზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უსაფუძვლოდ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება ნ. ს-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის ფაქტი. აღნიშნული კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა სწორად არის გადაწყვეტილი. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე