საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-725(კ-20) 7 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ. გ-ე (მოსარჩელის - თ. გ-ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა
მესამე პირი - ი. მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:თ. გ-ემ 2016 წლის 4 ნოემბერს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის - ი. მ-ის მიმართ, სოფელ ...ში, ...ას ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ი. მ-ის უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2018 წლის 22 ოქტომბერს თ. გ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმიონისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც „ს...ის“ მიერ 1996 წლის 12 დეკემბერს ი. მ-ის სახელზე გაცემული №7608 მიღება-ჩაბარების აქტისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის მთავარ სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიეთითა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, თ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლოების დასკვნა არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, რატომ არ გაიზიარა სასამართლომ საქმეში არსებული ესა თუ ის მტკიცებულება. აღსანიშნავია, რომ ი. მ-ს 1985 წლის 1 მაისს გადაეცა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი №21, რომელიც დაირეგისტრა საჯარო რეესტრში 2011 წელს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2013 წლის 8 აგვისტოს მიჰყიდა ტ. ჩ-ეს. ამის შემდეგ მან მოიპოვა „ს...ის“ მიღება-ჩაბარების აქტი თავისივე ნაკვეთზე, გადაასწორა მონაცემები და დაუმატა ლ. გ-ის კუთვნილი №20 მიწის ნაკვეთი. მოწმის სახით დაკითხულმა შ. რ-ემ ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ოთხი მიღება-ჩაბარების აქტიდან ორი გაყალბებულია, ორი აქტი განსხვავდება ფერით მეორე ორისაგან და ხელმოწერა აქტზე არ არის რ-ის მიერ შესრულებული. გარდა აღნიშნულისა, სქემატური გეგმის თანახმად, №21 მიწის ნაკვეთს აღნიშნული აქვს წერტილები A, B, C, D გვერდით ჩახაზული აქვს ასევე №20 მიწის ნაკვეთი, რომელსაც არა აქვს მითითებული ნაკვეთის საზღვრები. №21 მიწის ნაკვეთის A,D, მონაკვეთის მოსაზღვრეა №20 ნაკვეთი და არა №19 ნაკვეთი, რომელიც ჩამატებულია.
კასატორი, ასევე, არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. გ-ე ფლობდა №20 მიწის ნაკვეთს 1984 წლის ოქტომბრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში და არ დასტურდება, რომ აღნიშნული მფლობელობა გაგრძელდა უწყვეტად. სასამართლომ მიუთითა, რომ მებაღეობის ამხანაგობის წევრობისა და შესაბამისი მიწის ნაკვთის მფლობელობის მტკიცებულებას წარმოადგენს „მებაღის წიგნაკი“, თუმცა ამგვარი წიგნაკი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც წარმოშობს ვარაუდს ლ. გ-ის მფლობელობის შეწყვეტაზე, რის გამოც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებაში მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია „მებაღეობის წიგნაკი“, მაგრამ, ამავე ბრძანებულების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურებული იყოს „სხვა დოკუმენტებით“. ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რადგან ისინი მიეკუთვნებოდა სწორედ იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ისინი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ვ. გ-ე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 1996 წლის 12 დეკემბრის №7608 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უძრავ ნივთზე ი. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, უფლებადამდგენი დოკუმენტის ჩასწორების ან/და გაყალბების საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Va № de Hurk v. №etherla №ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai № [GC] par.26; Jah №ke a №d Le №oble v Fra №ce (dec.); Perez v Fra №ce [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს უდავოდ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ი. მ-ი თბილისის პირველი მაისის სახელმწიფო სამკერვალო ფაბრიკის მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღებულ იქნა 1985 წლის 1 მაისს და მას მცხეთის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. მასზე გაიცა შესაბამისი მებაღის წიგნაკი №21.
- სადავო მიწის ნაკვეთზე ი. მ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გახდა ,,ს...ის“ მიერ 1996 წლის 12 დეკემბერს ი. მ-ის სახელზე გაცემული №7608 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ი. მ-ს გადაეცა ...ის ...ში მდებარე 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად (№21 და №20). ამავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ი. მ-ისთვის გადაცემული ნაკვეთებიდან რეფორმამდე მიღებული იყო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოეყო დამატებით. მიუხედავად ამისა, კასატორმა მიუთითა სადავო მიღება-ჩაბარების სიყალბეზე, თუმცა ხსენებული დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა.
- ი. მ-მა 2011 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და №21 მებაღის წიგნაკი წარედგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უფლების დამდგენი დოკუმენტის - თბილისის ...ის ამხანაგობის 1985 წლის 12 მაისის №21 მებაღის წიგნაკის საფუძველზე ი. მ-ის საკუთრება დარეგისტრირდა თბილისში, ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკავეთი და მასზე არსებული 64 კვ.მ შენობა-ნაგებობა. 2013 წლის 8 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი ამავე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ტ. ჩ-ის საკუთრების უფლება.
- 2014 წლის 27 იანვარს ი. მ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით 1996 წლის 12 დეკემბრის №7608 მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებით წარდგენილი განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე მდებარე 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით №....
- 2016 წლის 6 ოქტომბერს თ. გ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე მდებარე 542 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში თ. გ-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მთელი რიგი დოკუმენტები, მათ შორის, სააქციო საზოგადოება ფირმა „...ის“№კგ-05 ცნობა, რომელშიც მიეთითა, რომ ფაბრიკის თანამშრომელზე - ლ. გ-ეზე, რომელიც აღნიშნულ ფირმაში მუშაობდა 1977 წლის 6 აპრილიდან 1998 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ 1984 წლის 4 ოქტომბრის №7 ოქმისა და მებაღეობის წევრთა სიის მიხედვით, მასზე ირიცხება ნაკვეთი №20. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ზედდებაში იყო №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მონაცემებთან და №... განაცხადით წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. საბოლოოდ, თ. გ-ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგერნლობის გამო.
საკასაციო სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს „ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, „ს...ს“ დელეგირებული ჰქონდა მმართველობითი ფუნქცია, კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებთან ერთად ქალაქების მცხოვრებთათვის გამოყოფილი მიწის ფართობების განაწილება, დაპროექტება და მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გადაცემა სათანადო ანაზღაურებით, ასევე, მებაღეობის ამხანაგობებში მიწის რეფორმის სამუშაოების დამთავრება 1995-1996 წლებში, რაშიც მისთვის ხელი უნდა შეეწყო შესაბამის საწარმოებმა, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთის გადაცემა განხორციელდა „ს...ის“ მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემდეგ, ი. მ-მა საჯარო რეესტრს წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის №... და №... მიწის სარეგისტრაციო მოწმობები: 2003 წლის 21 აპრილს გაცემული №... სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, ი. მ-ს ერიცხებოდა 0.07 ჰა დაზუსტებული ფართი მცხეთის სარეგისტრაციო ზონაში, კვარტალი №4, ნაკვეთის №..., საკუთრების ფორმა კერძო საკუთრება, ხოლო 2003 წლის 12 აპრილს გაცემულ №... სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული იყო, რომ ი. მ-ის კერძო საკუთრებაშია მცხეთის სარეგისტრაციო ზონაში №4 კვარტალში არსებული №009 მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 0.06 ჰა. ამდენად, მიწის სარეგისტრაციო მოწობების მიხედვითაც დასტურდება, რომ ი. მ-ი 2003 წელს აღრიცხულია ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. საქმის მასალებში დაცულია აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... წერილი, რომლითაც სასამართლოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურში ცალკე არქივის სახით წარმოდგენლია მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა შორის ინახება 1996 წლის 12 დეკემბრით დათარიღებული ი. მ-ის სახელზე გაცემული №7608 მიღება-ჩაბარების აქტი. ამ აქტის სიყალბე ან მისი მონაცემების ჩასწორება არ დასტურდება. საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით ასევე არ დასტურდება საჯარო რეესტრისათვის 2016 წლის 6 ოქტომბერს წარდგენილი N... განცხადებით სადავო მიწის ნაკვეთის 2001 წლის მდგომარეობით (ლ. გ-ის გარდაცვალების დრო) ლ. გ-ის მართლზომიერ მფლობელობაში ქონის ფაქტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ არ არსებობს სადავო №7608 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს იმის გარემოების გამორკვევით, გააჩნდა თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე მდებარე 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ი. მ-ის საკუთრებად დარეგისტრირების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს 2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე მდებარე 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1996 წლის 12 დეკემბერს №7608 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ი. მ-ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი დღეის მდგომარეობითაც ძალაშია. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მოცემული სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სწორად განხორციელდა. შესაბამისად, არ არსებობს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს - ვ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 29 მაისს №9392103771 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე