საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-230(კს-22) 7 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი/მ ტ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური;
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:ი/მ ტ. გ-მა 2017 წლის 4 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოპასუხედ დაასახელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მესამე პირად - სსიპ შემოსავლების სამსახური და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (N12087/2/16 საჩივარი) და ამავე საბჭოსათვის ტ. გ-ის საჩივრის განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვარის გადაწყვეტილებით ი/მ ტ. გ-ი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი/მ ტ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება ტ. გ-ს გაეგზავნა 2020 წლის 6 აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2021 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ...ს ფოსტას მან 2021 წლის 18 ნოემბერს ჩააბარა (ს.ფ. 329).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ი/მ ტ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება ი/მ ტ. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონმდებლობით განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, მოსარჩელემ ექვსი დღით დაარღვია, რადგან იმყოფებოდა იზოლაციაში. კერძოდ, საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა 2021 წლის 12 ნოემბერი იყო, ხოლო მან აღნიშნული საჩივარი 18 ნოემბერს შეიტანა, რადგან კოვიდ-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2021 წლის 10 ნოემბრიდან, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ თვითზოლაციის პერიოდში ის კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული, აღნიშნულს კი ადასტურებს, კერძო საჩივარზე წარმოდგენილი, 2022 წლის 16 იანვარს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით, გაკეთებული ტესტით (Covid 19-ის საწინააღმდეგო IgGII ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა ქემილუმინესცენციის მეთოდით (SARS-CoV-2 IgG II Quant)).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ტ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო, მისი განუხილველად დატოვების კანონიერება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2021 წლის 29 ოქტომბერს (ს.ფ. 328-329). ასევე დადგენილია, რომ ი/მ ტ. გ-მა ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ...ს ფოსტას ჩააბარა 2021 წლის 18 ნოემბერს (ს.ფ. 329). ვინაიდან ი/მ ტ. გ-ს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2021 წლის 29 ოქტომბერს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 30 ოქტომბერს და ამოიწურა იმავე წლის 12 ნოემბერს, 24 საათზე. შესაბამისად, 2021 წლის 18 ნოემბერს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
რაც შეეხება, კერძო საჩივარზე თანდართულ, Covid 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებულ ტესტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტესტით ვერ დგინდება ტ. გ-ის კორონავირუსით დაინფიცირების ზუსტი თარიღი. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ ქმნის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობას. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ტ. გ-ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის შეუძლებლობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ მას აღენიშნებოდა მცირე გაციების სიმპტომები, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულზე მითითება ვერ ადასტურებს მისი იზოლაციაში ყოფნის ფაქტს და მით უფრო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენის ობიექტურ შეუძლებლობას, რადგან მხარეს შეეძლო განსაზღვრულ ვადაში საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიემართა სასამართლოსთვის და წარედგინა სააპელაციო საჩივარი, თუმცა მას არც ეს შესაძლებლობა გამოუყენებია.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართებულობას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტ. გ-ს ჩაბარდა 2021 წლის 29 ოქტომბერს, თუმცა მოსარჩელის თქმით, იგი იზოლაციაში იმყოფებოდა 2021 წლის 10 ნოემბრიდან ამავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, შესაბამისად, ტ. გ-ს, 29 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, შესაძლებლობა ჰქონდა გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გარეშე.
საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას, არ გამორიცხავდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან ტ. გ-მა კანონით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა საპროცესო მოქმედება, შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარდგენის შეუძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება, აპელანტის მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევა კი ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველს. აქედან გამომდინარე, ტ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი/მ ტ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე