Facebook Twitter

№ბს-1157(კს-21) 14 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ვ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 9 თბერვალს ვ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 8 ნოემბრის №CB 683334 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 ნოემბრის №30814 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების (№13809/2/2016 საჩივარზე) ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-ემ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ვ. ფ-ეს მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის CD დისკის სახით და სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების - 5000 ლარის 4%-ის - 200 (ორასი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარდგენა; მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტის წარმომადგენლის - ა. კ-ის თანამშრომელს - გ. გ-ას ჩაბარდა 2021 წლის 12 ოქტომბერს ფოსტის მეშვეობით. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2021 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო აღნიშნულ ვადაში აპელანტს არ წარმოუდგენია განცხადება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს მოხელე დაუკავშირდა ა. კ-ეს, რომელმაც დაადასტურა, რომ გ. გ-ა არის მისი თანამშრომელი და რომ მას ჩაბარდა ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, აპელანტის მხრიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (7 დღის ვადაში) არ გამოსწორებულა, რაც წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველად იქნა მიჩნეული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, ხარვეზის დადგენის თაობაზე, მას არ ჩაბარებია. აღნიშნული ჩაბარდა მისი წარმომადგენლის ა. კ-ის თანამშრომელს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, წარმომადგენელთან ა. კ-ესთან ურთიერთობა აღარ აქვს. იგი იმყოფება თბილისში, ხოლო თვითონ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონში. იმ პერიოდში არ იმყოფებოდა თავის მუდმივ მისამართზე - ზესტაფონში, წასული იყო მთაში, რის გამოც ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება და როდესაც ნახა განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, საპროცესო ვადა გასული იყო უკვე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, ხარვეზის დადგენის თაობაზე, ადრესატისათვის ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით ვ. ფ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი, საჩივრის ძირითადად საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის განჩინება ჩაბარდა მის წარმომადგენელს. წარმომადგენელთან ურთიერთობა აღარ აქვს, ვინაიდან იგი იმყოფება თბილისში, ხოლო თვითონ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონში. იმ პერიოდში არ იმყოფებოდა თავის მუდმივ მისამართზე - ზესტაფონში, წასული იყო მთაში, რის გამოც ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება და როდესაც ნახა განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - ა. კ-ეს (საქმეში წარმოდგენილია ვადაში მყოფი მინდობილობა) ...ს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა აპელანტის - ვ. ფ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ას ქ. №4. სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებული ...ს ფოსტის უკუგზავნილის თანახმად, სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა აპელანტის ვ. ფ-ის წარმომადგენლის - ა. კ-ის თანამშრომელს - გ. გ-ას - 2021 წლის 12 ოქტომბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 9).

შესაბამისად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო - 2021 წლის 13 ოქტომბრიდან, ხოლო საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა - 2021 წლის 19 ოქტომბერს (სამშაბათი). აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია განცხადება ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მოხელის მიერ ა. კ-ესთან კომუნიკაციის შედეგად დადასტურებულია უფლებამოსილი პირისათვის ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინების ჩაბარების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამასთან, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ობიექტური გარემოების გამო მის მიერ საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსთვის ვადაში მიმართვის შეუძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ვ. ფ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 65-ე, 368-ე, 374-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი