Facebook Twitter

ბს-916 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 28.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.12.2016წ. N04/93583 გადაწყვეტილების, შპს "...ის" ...ის 30.12.2016წ. N01/856 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.04.2017წ. N04/21847 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და პაციენტების დ. მ-ისა და გ. ვ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილებით შპს "...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.12.2016წ. N04/93583 გადაწყვეტილება და შპს "...ის" ...ის 30.12.2016წ. N01/856 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.04.2017წ. N04/21847 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2020წ. საოქმო განჩინებით შპს "...ის" უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს "...ი".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2020წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს "...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.12.2016წ. N04/93583 გადაწყვეტილება და მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი შპს "...ის" ...ის 30.12.2016წ. N01/856 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.04.2017წ. N04/21847 გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებების თანახმად, მოცემული პაციენტების შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების 1-ლი დანართის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, რომლის მიხედვითაც ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ცისტური ფიბროზი ანაზღაურდება სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან გაურკვეველია პაციენტების - დ. მ-ისა და გ. ვ-ის შემთხვევები, დიაგნოზით - E84 - ცისტური ფიბროზი, კონრეტულად რა საფუძვლით არ ექვემდებარება ანაზღაურდებას ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციებით და პირიქით, რა საფუძვლით ანაზღაურდება ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რამაც განაპირობა კლინიკისათვის ანაზღარებაზე უარის თქმის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 96-ე და 53.5 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში მითითებული გარემოებები არ არის სრულად გამოკვლეული და არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია, პაციენტის სამედიცინო ბარათი და სხვა), სადავო აქტები დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, დასახელებული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილება (რომელშიც მოხსენიებეულია ცისტური ფიბროზი (მუკოვიციდოზი) E84)) გარკვეულ შემთხვევებში ითვალისწინებს გადასვლას (მითითებულია გარემოებები) ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ'' საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაზე და პროგრამის განმახორციელებელს აძლევს უფლებას საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილებასთან ერთად იხელმძღვანელოს/გამოიყენოს N36 დადგენილებით განსაზღვრული დებულებანი. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე მხარე სადავო აქტებში სათანადო განმარტებას არ აკეთებს და იფარგლება მხოლოდ N36 დადგენილების შესაბამის მუხლის მითითებით, რაც მხარეს უკარგავს შესაძლებლობას, შეაფასოს აქტის მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ სადავო აქტების მიღებისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტი - დ. მ-ე შპს "...ის" ...აში ჰოსპირტალიზებულ იქნა 3 კვირიანი ანამნეზით, დიაგნოზით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, მწვავე ბრონქიტი დაუზუსტებელი, E84-ცისტური ფიბროზი. პაციენტი სიმძიმის გამო მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, სადაც 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მკურნალობის ფონზე მიღებულ იქნა დადებითი დინამიკა. პაციენტი ხელწერილის საფუძველზე გაეწერა ბინაზე. პაციენტი - გ. ვ-ი კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ იქნა 2 დღიანი ანამნეზით დიაგნოზით: გულისრევა და პირღებინება, E84-ცისტური ფიბროზი. პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით. ჩაუტარდა რეჰიდრატაციული თერაპია, ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა. პაციენტი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ დიაგნოზი - E84-ცისტური ფიბროზი ანაზღაურდება ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ეტაპზე მითითებული პაციენტების შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას".

კასატორმა მიუთითა, რომ N36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით „მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვლისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის აღმოჩენილი ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრიმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპატარულ მხარდაჭერას.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილებით დამტკიცებული "2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების" მიხედვით განსაზღვრული და დაფინანსებულია ცისტური ფიბროზი. შესაბამისად, პროგრამის მიმწოდებელს სამედიცინო შემთხვევის დაფინანსება უნდა მოეთხოვა არა N36 დადგენილების პირობების მიხედვით, არამედ ზემოაღნიშნული პროგრამით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტი დ. მ-ე ჰოსპიტალიზებულ იქნა შპს „...ის“ ...აში დაავადების 3 კვირიანი ანამნეზით, დიაგნოზით - მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი, თანარსებული - ცისტური ფიბროზი, დაუზუსტებელი E84.9. პაციენტს დაავადება დაეწყო ხველის, გულისრევის, მრავალჯერადი ღებინების, ჰიპოდინამიის, უმადობის გამოვლინებით. პროგრესირებდა ადინამია, რესპირატორული სიმპტომატიკა - გაუხშირდა ხველა, გამოიხატა ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, განვითარდა ჰიპოვოლემია. კლინიკას მიმართეს თვითდინებით, სიმძიმის გამო პაციენტი მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. აღენიშნებოდა ძლიერი ადინამია, ჰიპოვოლემია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაცინტს 10 დღის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ხოლო მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილ იქნა პედიატრიულ განყოფილებაში. მკურნალობის ფონზე მიღებულ იქნა დადებითი დინამიკა. პაციენტი მშობლის ხელწერილის საფუძველზე გაეწერა ბინაზე.

პაციენტი გ. ვ-ი ჰოსპიტალიზაბულ იქნა შპს „...ის“ ...აში დაავადების 2 დღიანი ანამნეზით, დიაგნოზით: გულისრევა და პირღებინება, E84-ცისტური ფიბროზი. პაციენტს აღენიშნებოდა მრავალჯერადი ღებინება, მოვლილი ხასიათის აბდომინალგია, გაუწყლოების საშუალო სიმძიმე, ვერ იღებდა სითხეს და საკვებს. კლინიკაში ჩატარდა რეჰიდრატაციული თერაპია. ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, კუპირებულ იქნა ღებინება, უკუგანვითარდა გაუწყლოების ნიშნები, დაიწყო სითხისა და საკვების მიღება. პაციენტი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 1-ლი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, არ ანაზღაურდება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამასთანავე, სადავო აქტში მითითებულია, რომ დიაგნოზი: E84 - ცისტური ფიბროზი ანაზღაურდება ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული და მათში არ არის ნათლად განმარტებული უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 27.12.2016წ. N04/93583 გადაწყვეტილებით კლინიკას ეცნობა, რომ პაციენტებისათვის დასმული დიაგნოზი - ცისტური ფიბროზი ანაზღაურდებოდა ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თუმცა არ იქნა განმარტებული სადავო აქტის გამომცემი ორგანო „სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ რას მოიაზრებდა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტების კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზს წარმოდგენდა არა "ცისტური ფიბროზის", არამედ მწვავე ბრონქიტის და გულისრევა/პირღებინების დიაგნოზები, რომელთა შემთხვევაში კლინიკის მიერ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს "2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილებაზე, რომლის მე-17 დანართის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების ფარგლებში. ამდენად, საქართველოს მთავრობის 30.12.2015წ. N660 დადგენილება ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ითვალისწინებს გადასვლას „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველო მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაზე და პროგრამის განმახორციელებელს აძლევს უფლებას საქართველოს მთავრობის 30.12.2016წ. N638 დადგენილებასთან ერთად იხელმძღვანელოს N36 დადგენილებით განსაზღვრული დებულებებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტებში არ გაუკეთებია სათანადო განმარტება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ეთანხმება იმ გარემოებას, რომ პაციენტი დ. მ-ე, როგორც მძიმე პაციენტი, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადიოდა, ხოლო პაციენტი გ. ვ-ი კლინიკაში მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებდა მოცემული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება მოიცავდა თუ არა კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას, რა დროსაც მომსახურების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც საჭირო იყო იმ დოკუმენტაციის გამოკვლევა და შეფასება, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (პაციენტის სტაციონალური სამედიცინო ბარათი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტზე დაკვირვების ფურცელი და სხვ.). ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო აქტები დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი გარემოება ან მტკიცებულება გახდა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2020წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2020წ. N03448 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი