Facebook Twitter

№ბს-1059(კს-21) 14 აპრილი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,...“

მოპასუხე (აპელანტი) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 23 მაისს ,,...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №04/22611 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №2017/19/12 აქტის მე-7 მუხლის 7.1 და 7.2. პუნქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (ადმინისტრაციული საჩივრის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე) მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №04/22611 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №2017/19/12 აქტის 7.1. და 7.2. პუნქტები იმ ნაწილში, რომელიც ძალაში დარჩა 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება სადავო საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქმეში აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნენ - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სააგენტო). ამავე დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლებამონაცვლეობები გადაეცა სააგენტოს, ხოლო იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით განისაზღვრა სააგენტო.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების და საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების შესაბამისად კი - პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის ფუნქცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განესაზღვრა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლის ვალდებულება (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობა გულისხმობს არა მოპასუხე მხარედ ჩაბმის შესაძლებლობას, არამედ მისი თანამშრომლებისა და სპეციალისტების მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო სამართალწარმოებაში.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის შესაბამისად პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან: ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მარეგულირებელი ნორმები ცალსახად ადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე არის სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობა წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. №487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალება. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. №509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცათ, რაც საქმეში სათანადო უფლებამონაცვლეების დადგენის წინაპირობებს ქმნის. ნორმატიული აქტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა.

განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №04/22611 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №2017/19/12 შერჩევითი შემოწმების აქტის მე-7 მუხლის 7.1 და 7.2. პუნქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (ადმინისტრაციული საჩივრის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე). შესაბამისად, მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას. ამ მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მოცემულ დავაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხოლოდ სპეციალისტის მონაწილეობით ჩართულობასთან დაკავშირებით და სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ შედეგებზე რეგულირების სააგენტოს პასუხისმგებლობის გამორიცხვასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება/გადაწყვეტილებები 04.02.2021წ. საქმე №ბს-1122(კ-20); 26.01.21წ. №ბს-648(კ-19); 07.06.2021წ. №ბს-407(კ-21); 17.06.2021წ. №ბს-271(კს-21); 06.07.2021წ. №ბს-487(კს-21); 25.11.21 წ. №ბს-593 (კს-21)). ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი