Facebook Twitter

№ბს-516(3კ-2უს-20) 14 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1) შპს „...ა“ (მესამე პირი - სასკ 16.2)

2) ნ. ლ-ე (მესამე პირი - სასკ 16.2)

3) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. გ-ე

მესამე პირი - ნა. ლ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 1 ივნისს ი. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ლ-ე და შპს „...ა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 914, 915, 917 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ი. გ-ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა, გამარტივებული წარმოების გზით, ნ. ლ-ისა და შპს „...ას“ დავალიანების - 50 000 ლარის გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. ი. გ-ის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ხელწერილები. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მაისის №15044110/96857 შეტყობინებით გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შპს „...ასა“ და ნ. ლ-ეს ეცნობათ, რომ 2015 წლის 23 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ი. გ-ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინება ნ. ლ-ემ ჩაიბარა 2015 წლის 20 მაისს პირადად. შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის ნ. ლ-ეს არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას დაეყრდნო დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში (ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ხელწერილებში, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებდა თავის მოთხოვნას) არსებულ მონაცემებს და 2015 წლის 09 ივნისს გამოსცა №15044110/100454 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

სააპელაციო პალატის მითითებით, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის მიმართვით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1/327-18 განაჩენის შესახებ, რომლითაც ნ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ასევე სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. განაჩენის თანახმად, ნ. ლ-ემ 2014-2017 წლებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 101 კრედიტორთან გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მათთვის პირადი ვალის სახით თითქოსდა გადასახდელი ჰქონდა ჯამში 815 850 აშშ დოლარი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნ. ლ-ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით. ამ დოკუმენტების გამოყენებით, ხსენებული 101 კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ შპს „ო...ის“, არამედ უშუალოდ ნ. ლ-ის სახელზე რიცხული ქონებით, მათ შორის, ...ის ქ. №2/ ...ი №144-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციით, რომელზეც ქონებრივი მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს, ასევე, ქ. ჟ-ას, ი. და ნ. მ-ეებსა და მ. მ-ას. ზემოაღნიშნულით, ნ. ლ-ემ 101 პირთან, მათ შორის, ი. გ-ესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს ასევე, ქ. ჟ-ას, ი. და ნ. მ-ეებსა და მ. მ-ას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეს არ ერთვოდა მტკიცებულება იმისა, რომ ი. გ-ის მიმართ, რომელზედაც წარმოდგენილ განაჩენში მითითებული იყო, რომ ნ. ლ-ესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, დაწყებული იყო გამოძიება ან არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, საქმეს ასევე არ ერთვოდა ხელწერილის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ 2015 წლის 09 ივნისის ბრძანება N15044110/100454 დაეყრდნო ყალბ დოკუმენტებს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილით დათარიღებულ ნ. ლ-ის ხელწერილზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს ,,...ასა“ და შპს ,,ო...ის“ აღორძინების მიზნით, როგორც პირადად ასევე შპს ,,...ას“ 98,38%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა, შპს-ს სახელით მოქალაქე ი. გ-ისაგან ისესხა 50 000 აშშ დოლარი, რომელსაც გაისტუმრებდა 2014 წლის ნოემბრისათვის, როდესაც მოხდებოდა შპს ,,...ას“ ქონების რეალიზაცია, რადგან აღნიშნული ვალი ეკუთვნოდა შპს ,,...ასაც“. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო შპს ,,...ას“ დირექტორის ნა. ლ-ის ხელწერილი, რომლითაც ის ადასტურებდა, რომ შპს ,,...ას“ 98.38% წილის მფლობელმა პარტნიორმა ნ. ლ-ემ შპს ,,...ას“ აღორძინების მიზნით, შპს-ს სახელით პირადად ისესხა ი. გ-ისაგან 50 000 აშშ დოლარი. ამ თანხის გასტუმრების ვალდებულება ჰქონდა შპს ,,...ას“ და ნ. ლ-ეს სოლიდარულად 2014 წლის მარტის ბოლომდე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, არ წარმოადგენდნენ ისეთ ფაქტებს, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებდა, ამასთან, აღნიშნულ განაჩენში, არ იყო მითითებული, რომ შპს "...ას" გააჩნდა რაიმე ვალდებულება დაზარალებულთა მიმართ. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, დაუდგენელი იყო, თუ რას დაეყრდნო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, როდესაც ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები შპს ,,...ას“ ნაწილშიც ყალბად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს „...ამ“, ნ. ლ-ემ და ნა. ლ-ემ და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ი. გ-ის მიერ, გამარტივებული წარმოების დაწყებისას, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიჩნეულ იქნა, რომ ადგილი ჰქონდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს - სესხის სახით ფულადი თანხის გაცემას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1/327-18 განაჩენზე დაყრდნობით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიჩნია, რომ გადახდის ბრძანებების გამოცემული იყო რესპონდენტის (ნ. ლ-ის) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად განპირობებული საფუძვლით. ამდენად, სახეზე იყო კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებების - აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება, რამაც განაპირობა მათი ბათილად ცნობა.

კასატორის მითითებით, 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ აქვთ პრეიუდიციული ძალა, როდესაც საქმეს იხლავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, როგორც მინიმუმ, წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომელში პრეზუმირებულია ფაქტები, რომელთა გაქარწყლება მტკიცების მაღალი სტანდარტით ევალება მოწინააღმდეგე მხარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - სესხის სახით ფულადი თანხის გაცემა გაქარწყლდა განაჩენით. ამდენად, არ არსებობდა სესხის გაცემის, როგორ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის ნამდვილად მიჩნევის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, მის მიერ წამოყენებული მოთხოვნა წარმოშობილი იყო საადვოკატო მომსახურების საფუძველზე, რაც ადასტურებს გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში წარდგენილი „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ განცხადებაში და მასზე თანდართულ ხელწერილში მითითებული ვალის არარსებობას. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ ყურადღებისა და დაცვის მიღმა დატოვა იმ პირთა კანონიერი უფლება და ინტერესი, რომელთა დაცვის უზრუნველყოფასაც ემსახურებოდა განაჩენი.

კასატორები ნ. ლ-ე და ნა. ლ-ე აღნიშნავენ, რომ არ ყოფილან მიწვეული საქმის განხილვაზე, რის გამოც არ მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. კასატორთა განცხადებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ყალბი მტკიცებულება. 2020 წლამდე შპს „...ას“ 98,38 წილის მფლობელი იყო ნ. ლ-ე, ხოლო შპს-ს დირექტორი ნა. ლ-ე. აღნიშნულ პერიოდში შპს „...ას“ ფინანსური საქმიანობა არ უწარმოებია. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ კომპანიის აღორძინების მიზნით ნ. ლ-ემ ი. გ-ისაგან სესხის სახით მიიღო 50 000 დოლარი, რის დაბრუნებაზეც შპს „...ასთან“ ერთად სოლიდარულად აგებდა პასუხს. კასატორთა განმარტებით, ი. გ-ე იყო ნ. ლ-ის ადვოკატი, რომელსაც რეალურად შპს „...ას“ საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციისა და მეანაბრეთა ვალის გასტუმრების სანაცვლოდ უნდა მიეღო ხელწერილით გათვალისწინებული თანხა. ხელწერილის შედგენა იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ყადაღა დადებოდა შპს „...ასა“ და ნ. ლ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას და სააღსრულებო ბიუროს არ მოეხდინა კრედიტორთა სასარგებლოდ უძრავი ქონების რეალიზაცია. კასატორთა განცხადებით, ხელწერილზე გადასწორებულია მისი შედგენის თარიღი. ამდენად, მისი ნამდვილობის გადამოწმების გარეშე, მტკიცებისათვის გამოყენება დაუშვებელი იყო. ნ. და ნა. ლ-ეების განცხადებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათთან ერთად ზიანი ადგებათ შპს „...ას“ 100%-იანი წილის ამჟამინდელ მფლობელებს - კეთილსინდისერ შემძენებს. კასატორთა მითითებით, ი. გ-ე თაღლითური გზით ცდილობს არარსებული ვალის მიღებას. აღნიშნულ ფაქტზე, მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

კასატორი - შპს „...ას“ მითითებით სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2020 წლის 03 იანვრის არამატერიალურ ქონებაზე (წილზე) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,...აში“ ნ. ლ-ისა და თ. გ-ის კუთვნილი წილები შეძენილ იქნა შპს ,,უ...ის“ (ს/კ ...) მიერ, რომელიც სრულად ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას და არ ჰქონია არანაირი ინფორმაცია სასამართლოში მიმდინარე დავის, ი. გ-ის სარჩელის შესახებ. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მითითებულ გარემოებებს, ასევე არ გაითვალისწინა, რომ არ დგინდებოდა შპს „...ას“ დავალიანების წარმოშობის ფაქტი. შპს ,,...ას" არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობასთან და არ გააჩნდა ვალდებულება ი. გ-ის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ დოკუმენტები - 2013 წლის პირველი აპრილისა და 2014 წლის პირველი მაისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიურო დაეყრდნო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას, წარმოადგენდა ყალბ დოკუმენტებს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 09 ივნისის ბრძანების, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ი. გ-ის მიმართ დაწყებულია გამოძიება იმ ხელწერილების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ეყრდნობოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება გადახდევინების შესახებ. ამის საპირისპიროდ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ საქმეს არ ერთვოდა ი. გ-ის მიმართ გაცემული ხელწერილის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, განაჩენით.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დგინდებოდა ი. გ-ის მიმართ შპს „...ას" დავალიანების არსებობის ფაქტი, ვინაიდან კასატორს ი. გ-ისგან სესხის სახით არ მიუღია თანხა, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავდა რაიმე ვალდებულების არსებობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ლ-ისა და ნა. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნ. ლ-ის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ. ლ-ისა და ნა. ლ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა ნა. ლ-ის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნ. ლ-ის და შპს „...ას“ საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ის განცხადება/შუამდგომლობა საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის, შპს „...ას“ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოსარჩელის ი. გ-ის ნაწილში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტს №1423 ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აპლიკანტ ი. გ-ის 2015 წლის 23 აპრილის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამარტივებული წარმოება №15044110, რესპოდენტების შპს „...ასა“ და ნ. ლ-ის მიმართ. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები. 2013 წლის 16 აპრილით დათარიღებული ხელწერილის მიხედვით ნ. ლ-ე აღიარებდა, რომ როგორც პირადად, ისე შპს „...ას“ 98,38% წილის მფლობელი პარტნიორის სახელით ი. გ-ისაგან ისესხა 50 000 აშშ დოლარი. ი. გ-ემ 2015 წლის 13 მაისს აგრეთვე წარადგინა ნა. ლ-ის ხელწერილი, რომლის მიხედვით იგი, როგორც შპს „...ას“ დირექტორი აგრეთვე აღიარებდა ზემოხსენებული ვალის არსებობას.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 09 ივნისს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №150044110/100454 ბრძანება, რომლითაც ნ. ლ-ესა და შპს „...ას“ ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 100.00 ლარისა და 50 000.00 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) სოლიდარულად გადახდა.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ 2018 წლის 09 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1/327-18 განაჩენი. განაჩენით დამტკიცებული იყო ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ნ. ლ-ეს შორის 2018 წლის 5 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება. ნ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის თანახმად, ნ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: „1996-1997 წლებში, შპს „ო...მა“, შპს „დ...ემ“ და შპს „ქ...მა“ მაღალი საპროცენტო სარგებლის დაბრუნების პირობით, მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობის სახსრები. 1997 წლის მიწურულს, ხსენებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება და მოქალაქეებისთვის ვეღარ შეძლეს საპროცენტო სარგებლის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. დაზარალებულებმა სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს შეტანილი თანხების იძულებით გადახდევინება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრისა და ამავე წლის 25 ნოემბრის №2/2226 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაზარალებულთა მოთხოვნა და შპს „ო...ს“, შპს „დ...ეს“ და შპს „ქ...ს“, ასევე, ფიზიკურ პირებს - ნ. ლ-ეს, თ. ... ესა და კ. ტ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ თითოეული მოანაბრის დაკმაყოფილება. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება 82 კრედიტორის სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, ...ის ქ №2/ ...ი №144-ში მდებარე, ნ. ლ-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, რომლის ღირებულებაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 დეკემბრის №03/24-0919 შეფასების დასკვნის მიხედვით, შეადგენდა 1 983 000 ლარს (შეფასების მომენტისთვის 743 000 აშშ დოლარი). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეალიზაციიდან ამონაგები ფულადი თანხით, უნდა დაკმაყოფილებულიყო ქ. ჟ-ა, ი. და ნ. მ-ეები და მ. მ-ა. ამავდროულად, 1998 წლიდან მიმდინარეობდა შპს „ო...ის“ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმისწარმოება, რომლის ფარგლებში დაახლოებით 1900 კრედიტორის სასარგებლოდ ამავე შპს-ს უნდა გადაეხადა 700 000 აშშ დოლარზე მეტი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო მხოლოდ შპს „ო...ის“ კუთვნილი ქონებიდან, ამავე შპს-ს ყოფილმა დირექტორმა ნ. ლ-ემ, 2014-2017 წლებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 101 კრედიტორთან გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მათთვის პირადი ვალის სახით თითქოსდა გადასახდელი ჰქონდა ჯამში 815 850 აშშ დოლარი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნ. ლ-ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით. ამ დოკუმენტების გამოყენებით, ხსენებული 101 კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ შპს „ო...ის“, არამედ უშუალოდ ნ. ლ-ის სახელზე რიცხული ქონებით, მათ შორის, ...ის ქ. №2/...ი №144-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციით, რომელზეც ქონებრივი მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს, ასევე, ქ. ჟ-ას, ი. და ნ. მ-ეებსა და მ. მ-ას. ზემოაღნიშნულით, ნ. ლ-ემ 101 პირთან, მათ შორის, ი. გ-ესთან, ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის, ასევე, ქ. ჟ-ას, ი. და ნ. მ-ეებსა და მ. მ-ასათვის.“

სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის 2018 წლის 27 თებერვლის №13670 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2018 წლის 27 მარტს გამოსცა №1423 ბრძანება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებების, მათ შორის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობისა და აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების გაუქმების თაობაზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის წერილით ი. გ-ეს ეცნობა, რომ №150044110 სააღსრულებო საქმეზე შეწყდა სააღსრულებო საქმის წარმოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. ამავე კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოების დასაწყებად, სავალდებულო იყო - აპლინკატის მიერ ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი წარუდგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა ხსენებული ხელწერილებისა, ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ი. გ-ის მიერ წარდგენილ ხელწერილებზე არსებული თარიღები არის გადასწორებული (ტომი 1; ს.ფ. 181; ს.ფ. 183).

საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 09 ივნისს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №150044110/100454 ბრძანება, რომლითაც ნ. ლ-ესა და შპს „...ას“ ი. გ-ის სასარგებლოდ 100.00 ლარისა და 50 000.00 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის შეფასებას საჭიროებს დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 09 ივნისის №150044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლიანობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ბრძანების ბათილად ცნობა დაუკავშირა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენს, რომლის მიხედვითაც ნ. ლ-ემ აღიარა, რომ მის მიერ გაფორმებული ვალის აღიარების ხელწერილი წარმოადგენდა ყალბ დოკუმენტს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქმეს არ ერთვოდა უშუალოდ ი. გ-ის სასარგებლოდ ნ. ლ-ის მიერ გაცემული ხელწერილის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანება დაეყრდნო ყალბ დოკუმენტებს.

საკასაციო სასამართლო არ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განმარტებას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, 2010 წლის 24 სექტემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა სსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიცმანამდე პრეიუდიციულ ძალას ანიჭებდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს ცალკეულ ფაქტებთან მიმართებით, თუმცა ხსენებული ცვლილების კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოხდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მტკიცებითი სტანდარტების ურთიერთგამიჯვნა. საპროცესო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოება არაა დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმის შედეგებზე პრეიუდიციული ძალით, ისევე როგორც სისხლის სამართალწარმოება - სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის შედეგზე. ამასთან, პრეიუდიციული ძალის არ ქონა არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული პროცესუალური აქტების მტკიცებულებად მიღებისა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სასამართლოს არ ერთმევა უფლებამოსილება იმსჯელოს განაჩენზე, მისი არსებობის შემთხვევაში, როგორც წერილობით მტკიცებულებაზე და გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (სუსგ Nბს-144-141(2კ-14), 22.01.2015წ.).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენის გათვალისწინებით, უნდა დაედგინა და შეეფასებინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის კანონიერება და საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილ განაჩენში არის პირდაპირი მითითება - ნ. ლ-ის მიერ ი. გ-ესთან და სხვა 100 პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების (ვალის) დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე (ტომი 1, ს.ფ. 196). ამდენად, განაჩენით დადასტურდა, 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ერთადერთი საფუძვლის - ხელწერილის - დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღების ფაქტი. მართალია სააპელაციო სასამართლომ მიუთითა უშუალოდ მოსარჩელის - ი. გ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის არ არსებობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა შესაბამისი დოკუმენტების სიყალბის დადასტურების ფაქტი, რაც პირდაპირ კანონისმიერ საფუძველს აცლიდა 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს, რომ დაუდგენელი იყო თუ რას დაეყრდნო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, როდესაც ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები შპს ,,...ას“ ნაწილში ყალბად მიიჩნია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 16 აპრილის ხელწერილის ფარგლებში ნ. ლ-ემ აღიარა როგორც პირადი, ისე შპს ...ას (როგორც 98.38%-იანი წილის მფლობელმა) ვალდებულების არსებობა ი. გ-ის მიმართ, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი ყველა სხვა დოკუმენტთან ერთად 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენის თანახმად წარმოადგენს ყალბ დოკუმენტს, შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შპს „...ას“ ნაწილში დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლების არ არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გადახდევინების შესახებ 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს ქმნიდა 2013 წლის 16 აპრილის ხელწერილის ფარგლებში ნ. ლ-ის მიერ როგორც პირადი, ისე შპს „...ას“ (როგორც 98.38%-იანი წილის მფლობელმა) ვალდებულების არსებობის აღიარება ი. გ-ის მიმართ, რაც სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით დადასტურებულად მიჩნეულია ყალბ დოკუმენტად, რაც შესაბამისი აქტის ცალსახა ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

ამასთან, რაც შეეხება, აღმჭურველი აქტის (დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, კანონიერ ნდობა არ არსებობს თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული პირის უკანონო მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო ყალბი დოკუმენტი, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის წარმოშობის და არსებობის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანება არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით ი. გ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა შპს „...ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ქუთაისი ...ის ქ. №... (ყოფილი ...) ...ის ქ. №1, მიწა 989 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1612 კვ.მ. ს/კ .... ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს ი. გ-ეს უნდა დაეკისროს კასატორების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, შპს „...ას“ და ნ. ლ-ის სასარგებლოდ, მათ მიერ საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300-300 ლარის (თითოეულზე ცალ-ცალკე) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. შპს „...ას“, ნ. ლ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა;

5. ი. გ-ეს დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, შპს „...ას" და ნ. ლ-ის სასარგებლოდ, თითეულის მიერ საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300-300 ლარის (ცალ-ცალკე, ჯამში - 900 ლარის) ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი