Facebook Twitter

საქმე №ბს-516(3კ-2უს-20) 9 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს ,,...ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. გ-ე

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი - ნ. ლ-ე

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის და 2020 წლის 23 ივნისის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 1 ივნისს ი. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირების - ნ. ლ-ის და შპს „...ა“-ს მიმართ. მოსარჩელემ 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

აღნიშნულ საქმეზე, აპელანტმა ი. გ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით, ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნით.

განცხადებაში ი. გ-ემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, მისთვის ცნობილი გახდა რომ მესამე პირმა - შპს „...ას“ დამფუძნებელმა ნ. ლ-ემ გაასხვისა წილი და 100% წილის მფლობელი გახდა შპს ,,უ...ი“ ს/კ ..., შეიცვალა დირექტორი და ამჟამად შპს „...ას“ დირექტორია ა. ბ-ა. ასევე, ი. გ-ე მიუთითებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ ახალი მფლობელი აპირებს უძრავი ქონების გასხვისებას ბინათმშენებლობისათვის, რისთვისაც წილის გასხვისებაში სოლიდური თანხა იქნა გადახდილი, რაც მომავალში საფრთხეს უქმნის ი. გ-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და მას მიადგება მატერიალური ზიანი. განმცხადებელმა სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 198-ე მუხლის საფუძველზე მიმართა და შპს „...ას“ ს/კ ... საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ ... ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №... (ყოფილი ...) ...ის ქ. №1 (989 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1612 კვ.მ) ყადაღის დადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ი. გ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა შპს „...ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ქუთაისი ...ის ქ. №... (ყოფილი ...) ...ის ქ. №1 (მიწა 989 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1612 კვ.მ, ს/კ ...) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შპს „...ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. ქუთაისი ...ის ქ. №... (ყოფილი ...) ...ის ქ. №1, მიწა 989 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1612 კვ.მ. ს/კ ...) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ნა. ლ-ემ და ნ. ლ-ემ და შპს „...ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნ. ლ-ის და ნა. ლ-ის და შპს ,,...ას“ საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნ. ლ-ის და ნა. ლ-ის და შპს ,,...ას“ საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის და 2020 წლის 10 მარტის განჩინებები.

2020 წლის 26 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მესამე პირმა ნ. ლ-ემ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორე სახით შეცვლა მოითხოვა. განმცხადებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად (რომლითაც საჯარო რეესტროს ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა შპს „...ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. ქუთაისი ...ის ქ. №... (ყოფილი ...) ...ის ქ. №1, მიწა 989 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1612 კვ.მ. ს/კ ...) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება), რ. ლ-ას (პ/ნ ...) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე (სს „...ი“ ბანკი, GE...) სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის ფულადი სახსრების ფარგლებში - (50 000 აშშ დოლარსა და 100 ლარზე) ყადაღის დადება მოითხოვა, რაც განმცხადებლის მოსაზრებით სრულად უზრუნველყოფდა და ხელს არ შეუშლიდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორე სახით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,...ამ“.

შპს ,,...ა“ უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მესამე პირს არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხის ყველა მოვალეობა. სასამართლო არასწორად აპელირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე, რომელიც უთითებს მოპასუხის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობაზე. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ სრულად უგულებელყო ის გარემოება, რომ კანონმდებლობა მესამე პირებს ანიჭებს ექვივალენტურ უფლება-მოვალეობებს.

სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მესამე პირმა თავად მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და ანგარიშზე ყადაღის დადება, შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა მესამე პირების უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით.

საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და ნ. ლ-ის მიერ მოთხოვნილ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება, სრულად უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და ზიანს არ მიაყენებს გარეშე პირთა კანონით დაცულ უფლებებსა და ინტრესებს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ შეზღუდვები შეიძლება შეეხოს და ვალდებულებები დაეკისროს მხოლოდ მოპასუხე მხარეს, მითუმეტეს, როდესაც სწორედ მესამე პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზეა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს ,,...ას“ საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ას“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებად მიიჩნევს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე მხარის მოთხოვნით და მისი სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილი დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაა. სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 09 ივნისის №150044110/100454 ბრძანების აღსრულება, რომლითაც რესპოდენტებს (მოცემულ დავაში მესამე პირებს) - ნ. ლ-ესა და შპს „...ას“ ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 100.00 ლარისა და 50 000.00 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) სოლიდარულად გადახდა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა შპს „...ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. ქუთაისი ...ის ქ. №... (ყოფილი ...) ...ის ქ. №1, მიწა 989 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1612 კვ.მ. ს/კ ...) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების მეორე სახით შეცვლას ითხოვს საჩივრის ავტორი და მიუთითებს ნ. ლ-ის წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე ყადაღა/აკრძალვის დადებაზე - 50 000 აშშ დოლარსა და 100 ლარზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადება შეიძლება განხორციელდეს არა ნებისმიერ პირის, არამედ იმ ქონებაზე, რომელიც იმყოფება მოპასუხის საკუთრებაში და ღონისძიება მიმართულია მოპასუხის წინააღმდეგ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სავალდებულო მოწვევის მესამე პირს მართალია გააჩნია მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლება, თუმცა ეკისრება მხოლოდ მოსარჩელის და არა მოპასუხის მოვალეობა.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ ნორმაში მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოპასუხის მიმართ. სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიება მიმართულია უშუალოდ მოპასუხის მიმართ და მხოლოდ მას უწესებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს და შეზღუდვებს.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნ. ლ-ე ყადაღის დადებას ითხოვს არათუ საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირის, არამედ მისი წარმომადგენლის მიმართ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიუთითებს, რომ იმ პირის ანგარიშებზე ყადაღის დადება, რომელიც განსახილველ დავაში არ წარმოადგენს არათუ მოპასუხე მხარეს, არამედ საერთოდ მხარის სტატუსი არ გააჩნია, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...ას“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე, 1971 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის და 2020 წლის 23 ივნისის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე