ბს-780(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ემ, ნ. ბ-მა და ა. ბ-მა 06.11.2019წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 04.04.2016წ. №1668, №1669 და №1670 ბრძანებების და სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 21.03.2016წ. მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელეთა დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება და მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის - 2016 წლის აპრილის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 135 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2020წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის თანახმად განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2020წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის, ნ. ბ-ისა და ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ის, ნ. ბ-ისა და ა. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის, ნ. ბ-ის და ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2020წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. გ-ის, ნ. ბ-ის და ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისათვის - დევნილისათვის, დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 04.04.2016წ. №1668, №1669 და №1670 ბრძანებები, მოპასუხეს – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ნ. გ-ისათვის, ნ. ბ-ისათვის და ა. ბ-ისათვის დევნილის - იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენის თაობაზე, მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეების ნ. გ-ის, ნ. ბ-ის და ა. ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება 2016 წლის აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, ყოველთვიურად 135 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2008 წელს დაამთავრა სოფ. ...ის საშუალო სკოლა, არ გულისხმობს იმას, რომ არ ცხოვრობდა ახალგორში, ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მეუღლე მუშაობდა თბილისში, ცალსახად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. გ-ე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თბილისში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის არგუმენტად მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოცხადებულ მოწმეთა განმარტებები ადასტურებენ ნ. გ-ის 2008 წლამდე ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მოწმე თ. გ-ის განმარტებით, ნ. გ-ე, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ახალგორში, ნ. გ-ეს სისტემატურად, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებოდა. მოწმე ა. ბ-ემ სხდომაზე დაადასტურა ნ. გ-ის ახალგორის მუნიციპალიტეტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს ნ. გ-ისა და მისი შვილებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოცხადებული აპელანტის (მოსარჩელე) ნ. გ-ის განმარტებით, მართალია, სწავლა დაიწყო და დაამთავრა სოფ. ...ის საშუალო სკოლაში, თუმცა სკოლის დასრულებამდე, ომამდე სამი წლით ადრე, მშობლებმა გადაიყვანეს საცხოვრებლად ახალგორში ძმასთან. მისი ძმა მუშაობდა ახალგორში, თუმცა მას დევნილის სტატუსი არ აქვს, ასევე მოსარჩელე მიუთითებს, რომ სკოლის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე შექმნა ოჯახი, რასაც ადასტურებს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის 22.06.2008წ. დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან მეუღლეს საცხოვრებელი არ ჰქონდა, ის გადავიდა ნ. გ-ესთან საცხოვრებლად ახალგორში. აპელანტის განმარტებით, მეუღლეს არ ჰქონდა სამსახური, იძულებული იყო მუშაობა დაეწყო თბილისში და ყოველდღიურად უხდებოდა გადაადგილება ახალგორიდან თბილისში. ნ. გ-ის განმარტებით, ახალგორი დატოვა 2008 წლის აგვისტოში, რის შემდეგაც ცხოვრობდა მეუღლის ნათესავებთან, შემდეგ გადაეცა საცხოვრებელი ფართი ...ში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 04.04.2016წ. №1668, №1669 და №1670 ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მათ, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები და მოპასუხეს უნდა დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ნ. გ-ისათვის, ნ. ბ-ისათვის და ა. ბ-ისათვის დევნილის - იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტოს ასევე უნდა დაევალოს მოსარჩელეების სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება 2016 წლის აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, ყოველთვიურად 135 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად, შესაბამისად, მოსარჩელეებს კანონიერად ეთქვათ უარი დევნილის სტატუსის აღდგენაზე. კასატორმა მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლი არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურებას შეჩერების მთელი პერიოდისათვის, ამდენად, 2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილის შემწეობის დაკისრება სცილდება კანონის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 04.04.2016წ. №1668, №1669 და №1670 ბრძანებებით, სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 21.03.2016წ. №01-01/06-2830 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ნ. გ-ეს, ნ. ბ-ს და ა. ბ-ს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა აღნიშნული გარემოების დამდგენი მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის თანახმად, ნ. გ-ის რეგისტრირებულ ადგილად მითითებულია ახალგორი, ...ის ქ. №90. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 30.09.2015წ. ნ. გ-ესთან ჩატარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 76-81). გასაუბრებისას ნ. გ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს თბილისში, 2008 წელს დაამთავრა სოფ. ...ის საშუალო სკოლა, ახალგორში ცხოვრობდა ძმასთან - დ. გ-ესთან ერთად, მისი მშობლები ცხოვრობდნენ სოფ. ...ში. მოსარჩელემ იქორწინა 2008 წელს. მისი განცხადებით, მეუღლე მასთან გადავიდა საცხოვრებლად ახალგორში, ახალგორი დატოვა 2008 წლის აგვისტოში, რის შემდეგაც ცხოვრობდა მეუღლის ნათესავებთან, ამჟამად ცხოვრობს ...ში. დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, სტატუსის ჩამორთმევის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ნ. გ-ემ 2008 წელს დაამთავრა სოფ. ...ის საჯარო სკოლა, შესაბამისად, ახალგორში მუდმივად ვერ იცხოვრებდა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ იქორწინა სასწავლო წლის მიმდინარეობისას - 2008 წლის თებერვალში და საცხოვრებლად გადავიდა ახალგორში. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის 22.06.2008წ. წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რომლითაც ნ. გ-ის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე წინასწარი გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ამასთანავე, საქმის განხილვის დროს გამოცხადებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ნ. გ-ის მიერ ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მოწმე თ. გ-ის განმარტებით, ნ. გ-ე, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობდა ახალგორში, სისტემატურად, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებოდა, ასევე მოწმე ა. ბ-ემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაადასტურა ნ. გ-ის ახალგორის მუნიციპალიტეტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც განსახილველ შემთხვევაში კასატორმა (მოპასუხემ) ვერ უზრუნველყო. საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით მხოლოდ ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს 17.06.2015წ. წერილზე მითითება, რომლის თანახმად ნ. გ-ე არ ცხოვრობდა დაბა ახალგორში ...ის ქ. №90-ში, გასაჩივრებული აქტების კანონიერებას არ ადასტურებს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მოწმეთა განმარტებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სადავო ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ უფლებას, ასევე, უკანონოდ ზღუდავს მათ.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება შეჩერების მთელი პერიოდისათვის დევნილის შემწეობის ანაზღაურების დაუშვებლობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 11.4 მუხლის თანახმად ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში (დევნილის სტატუსის შეჩერების საფუძვლები) დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს დევნილის სტატუსი არ შეუჩერდათ, მათ ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.3 მუხლის საფუძველზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსთვის დევნილისთვის განკუთვნილი შემწეობის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2016 წლის აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე ყოველთვიურად 135 ლარის ოდენობით მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი