Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-618(კ-21) 7 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-ემ 2019 წლის 20 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ და „მ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 1 აგვისტოს №MIA 9 19 02028624 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) №... სასაზღვრო სექტორის (...ი) I ჯგუფის სპეციალისტის (უფროსი მესაზღვრე) თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ“ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 1 აგვისტოს №MIA 9 19 02028624 ბრძანება; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების 27-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება თანაბარ თანამდებობაზე, მათ შორის სამსახურებრივი როტაცია ხორციელდება სასაზღვრო სამსახურის წარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინიცირებით და არ საჭიროებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პატაკის საფუძველზე მ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის კანონიერება, როტაციის სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა და გადაადგილების მიზანშეწონილობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამავე კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცება. შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1014 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“, რომელიც არეგულირებს თანამდებობრივი/სამსახურებრივი გადაადგილების საკითხებსაც.

დასახელებული „წესის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია სამსახურებრივი როტაციის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათავალისწინებულ შემთხვევებში (სამსახურებრივი დაწინაურება და სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაადგილება) უნდა არსებობდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევაში წინასწარ უნდა ეცნობოს მას. ამავე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების მიხედვით კი - თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო სამსახურებრივი როტაცია გულისხმობს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას არაუმეტეს 5 წლის ვადით, მისი სპეციალობის (კვალიფიკაცია), პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით. საგულისხმოა, აგრეთვე, მითითებული მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით და ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. ამრიგად, მოსამსახურის როტაციის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება გარკვეული პირობების დაცვა. კერძოდ, მოსამსახურის ინფორმირებულობა აღნიშნულის თაობაზე, ასევე, ბრძანებაში მიეთითება მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაადგილების საფუძვლის შესახებ და ამ პირობების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება.

საკასაციო პალატის მითითებით, მნიშვნელოვანია აგრეთვე დასახელებული „წესის“ 28-ე მუხლის შინაარსი რომელიც ითვალისწინებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივ გადაადგილებას ტერიტორიულად სხვა ადგილზე (მივლენა). ხსენებული მუხლს პირველი ნაწილის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ: ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში ან სსიპ-ში არა უმეტეს 6 თვისა; ბ) სასაზღვრო პოლიციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, 2019 წლის 31 ივლისს პატაკით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ითხოვა მისი თანხმობა, რათა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) №... სასაზღვრო სექტორის (...ი) I ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), მოსარჩელე მ. მ-ე გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან და დანიშნულიყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ა) №... სასაზღვრო სექტორის (...) III ჯგუფის სპეციალისტის (უფროსი მესაზღვრე) თანამდებობაზე. აღნიშნული პატაკის საფუძველზე მიღებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 1 აგვისტოს №MIA 9 19 02028624 ბრძანებით, მოსარჩელე მ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა ახალ თანამდებობაზე. საკასაციო პალატა ყუარადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული როტაცია წარმოადგენდა როგორც თანამდებობრივ, ასევე ტერიტორიულ გადაადგილებას. სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძლად მიეთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ„ და „ლ“ ქვეპუნქტები, თუმცა, საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირებულობა, ასევე სადავო აქტი არ შეიცავს სამსახურებრივი გადაადგილების ტერიტორიულად სხვა ადგილზე (მივლენა) გადაყვანის საფუძვლის შესახებ მითითებას, მით უფრო იმ პირობებში, როცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გამართულ სხდომებზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლი აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის, როგორც გამოცდილი მესაზღვრის, კონკეტულ ადგილზე მივლენა გამოწვეული იყო ტურისტული სეზონის გათვალისწინებით სვანეთში ტურისტთა მაღალი ნაკადით.

დასახელებული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მართებულობას და მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის აუცილებლობაზე. საკასაციო პალატის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო, აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სადავო ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებთან, რადგან იგი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. დავის გადაწყვეტისთვის კი მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის ინფორმირებულობის დადგენა, ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში, რეალურად ადგილი ხომ არ ჰქონდა ზემოაღნიშნული „წესის“ 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას - სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოსამსახურის გადაადგილებას, რაც სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას წარმოადგენს ადინისტრაციული ორგანოს კვლევისა და შეფასების საგანს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე