Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-125(კ-21) 7 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ამ 2019 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო დაასახელა. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №... და 2019 წლის 27 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე 5000 მ2 მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში 5000 მ2 მიწის ნაკვეთზე ლ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №... და 2019 წლის 27 მაისის №... გადაწყვეტილებები; მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტები წინააღმდეგობაშია „ტყის კოდექსთან“, რამდენადაც დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის არაფერი იყო ცნობილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებით ამ ფართობების ამორიცხვის შესახებ, ასევე, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული ის გარემობა, რომ ლ. გ-ას მიერ წარდგენილ ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა და საკუთრების მოწმობით დადგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა ვერ დადგინდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. ამ და სხვა გარემობეებზე მითითებიტ, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2019 წლის 7 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ...აში მდებარე ქონებაზე და სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობის ასლი და საარქივო ცნობა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2019 წლის 21 მარტს მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №34/20992) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - ე. დ-ის (...ეს ადმინისტრაციული ერთეული) მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისას შედგენილი 2019 წლის 8 აპრილის №00026 ოქმისა და №26 ბრძანების შესაბამისად, დადგინდა მიწის ნაკვეთის იდენტურობა და აღნიშნული დოკუმენტაცია 2019 წლის 10 აპრილის გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილებით ლ. გ-ას უარი უთხრა რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გ-ამ 2019 წლის 7 მარტს გასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო 2019 წლის 27 მაისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოპასუხემ - საჯარო რეესტრის ერონულმა სააგენტომ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ 2019 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილებით ლ. გ-ასთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 1986 წლის სოფელ ...ას მეკამეჩეობის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, ...ის ადმინისტრაციული საზღვრისა და დაინტერესებული პირის უძრავი ქონების მდებარეობა არ ემთხვევა ერთმანეთს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის პირველი აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან), ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 08 აპრილის №00026 ოქმისა და №26 ბრძანების შესაბამისად, დასტურდება ლ. გ-ას მიერ წარდგენილ ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა და საკუთრების მოწმობით დადგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თუმცა აღნიშნული გარემოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსსადავო აქტების მიღებისას არ გაუთვალისწინებია და ლ. გ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირია – პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ადმინისტრაციული ხელშეკრულების (მიღება- ჩაბარების აქტის ან სხვა დოკუმენტის), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტის, გარიგების ან სხვა სამართლებრივი აქტის, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა კასატორის მიერ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ფლობა. კერძოდ, 1997 წლის 4 ნოემბრის გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის. საქმეში წარმოდგენილია, საჯარო რეესტრის 2019 წლის 12 თებერვლის №50270 წერილის საფუძველზე გაცემული, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №34/20992 ცნობა, რომლის თანახმად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ას საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნის მიხედვით, ირიცხება მიწის ფართი - 1,25 ჰა, ხოლო კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ფიქსირდება ლუიზა მიშას ასული გვილავა, რეგისტრაციის საფუძველს კი წარმოადგენს - 1997 წლის 4 ნოემბრის გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტზე რომლის თანახმად, 1997 წლისათვის მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მეორე მუხლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე დგებოდა მიწის ნაკვეთის აქტი 5 ცალად, სადაც აღნიშნული იყო შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საერთო ფართობი სავარგულების მიხედვით. მონაცემების დატანა ხდებოდა მიწათსარგებლობის გეგმაზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში, ამავე პოზიციას ამყარებს მეზობელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა იდენტურია მოსარჩელის მიწის ნაკვეთისა. კერძოდ, ი. მ-ას მიწის ნაკვეთი (ს/კ ..., დაზუსტებული ფართით - 5000 კვ/მ), რეგისტრირებული აქვს სოფელ ...აში, რაც დასტურდება გამგებლის წარმომადგენლის მიწის ნაკვეთის იდენტურობის აქტით და შესაბამისი საარქივო ცნობით. გ. მ-ას მიწის ნაკვეთი (ს/კ ..., დაზუსტებული ფართით - 4500კვ/მ) რეგისტრირებული არის სოფელ ...ის ტერიტორიაზე. ასევე, ცნობილია, რომ მიწის ნაკვეთს ამ წლების განმავლობაში ფლობდა და ამუშავებდა ლ. გ-ას ოჯახი და მოჰყავდათ მოსავალი, ნაკვეთი არის შემოღობილი და მასზე არის ნარგავები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეები. კერძოდ, დ. ბ-ამ, გ. ა-ემ და რ. ქ-ამ დაადასტურეს მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობა. ზემოხსნებული პირები წარმოადგენენ მოსარჩელის მეზობლებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოფელ ...ას მისამართზე და მათი თქმით, ხშირად ეხმარებოდნენ მოსარჩელეს მიწის დამუშავებასა და მოსავლის აღებაში.

წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის უარი ლ. გ-ას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე სოფელ ...აში, იმ საფუძვლით, რომ 1986 წლის სოფელ ...ას მეკამეჩეობის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, ...ის ადმინისტრაციული საზღვრისა და დაინტერესებული პირის უძრავი ქონების მდებარეობა არ ემთხვევა ერთმანეთს - არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მოსარჩელეს გააჩნია უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა იდენტურია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საფუძვლით საჯარო რეესტრის რეგისტრაციაზე უარი მოსარჩელეს უზღუდავს მის მართლზომიერ მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვას, რითაც ილახება მოსარჩელის საკუთრების უფლება.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, საკასაციო პალატა მიუთითებს საჯარო რეესტრის შესახებ კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-151 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებებისა და სასამართლოების შეფასებების გათვალისწინებით, უდავოა მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფლობა, რომელიც გაცემულია 1997 წელს, შესაბამისად, არარელევანტურია კასატორის არგუმენტაცია, აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) დაუბრუნდეს 2020 წლის 7 აგვისტოს №11482 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე