№ბს-381(4კ-20) 27 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ. ხ-ე
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ. ბ-ი
3. სს „...ა“;
წარმომადგენელი - მ. ტ-ე
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ო. ნ-ა;
წარმომადგენელი - ლ. ა-ე
მოპასუხე - სს „...ა“;
წარმომადგენელი - გ. ა-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - მ. თ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 14 ივლისს ო. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის, სს „...ის“, სს „...ისა“ და მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 27 აპრილის №... და 2016 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილებებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერის (განცხადების რეგისტრაციის №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., მესაკუთრე - შპს „...ა“; განცხადების რეგისტრაციის №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., მესაკუთრე - სააქციო საზოგადოება „...ა“) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ქ. ფოთი, ...ის ქ. №...-ში მდებარე 1573.57 კვ.მ მიწის ნაკვეთის ო. ნ-ას სახელზე დარეგისტრირებისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემის დავალება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 27.04.2016 წლის №... გადაწყვეტილება, ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 30.05.2016 წლის №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.06.2016 წლის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.09.2016 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავის საგნიდან გამომდინარე, რადგან ხსენებული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „...ამ“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „...ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს იმავე შემადგენლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ნ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ო. ნ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება.
ფოთის საქალაქო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, მოსარჩელის მიერ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, სასამართლოს წინაშე განსახილველად წარდგენილი მოთხოვნები ფორმულირებულ იქნა შემდეგი სახით:
¾ ბათილად იქნეს ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (27.04.2016) გადაწყვეტილება;
¾ ბათილად იქნეს ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №...(30.05.2016) გადაწყვეტილება;
¾ ბათილად იქნეს ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება;
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ №1/4-1156 ბრძანება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე), დამოწმების თარიღი 19.08.2016;
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების (ს/კ ...) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/1537 მიმართვა, დამოწმების თარიღი 25.11.2010 წ. და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს №11/73 განკარგულება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ №13/1080 ბრძანება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე), დამოწმების თარიღი 09.12.2010წ.;
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების (ს.კ. ...) შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ №1/4-1155 ბრძანება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე), დამოწმების თარიღი 19.08.2016 წ.;
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების (ს.კ. ...) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ №1/4-1154 ბრძანება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე), დამოწმების თარიღი 19.08.2016 წ.;
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების (ს.კ. ...) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №... მომართვა (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე), დამოწმების თარიღი 01.04.2010წ.;
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი: სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ №13/346 ბრძანება, დამოწმების თარიღი 17.05.2010 და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის №131 ბრძანება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე), დამოწმების თარიღი 02.09.2013წ.
¾ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების (ს.კ. ...) სააქციო საზოგადოება ,,...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე);
¾ დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.ფოთი, ...ის ქ. №...-ში, ფართობი 1573.57 კვ.მ, დაარეგისტრიროს ო. ნ-ას სახელზე და გასცეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განჩინებით ო. ნ-ას სასარჩელო მოთხოვნები: სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ №1-3/1080 ბრძანების (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე), ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების (ს.კ. ...) შპს ,,...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების (ო. ნ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე) ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ №1-3/346 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის №131 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და უძრავი ქონების (ს.კ. ...) სააქციო საზოგადოება ,,...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების (ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობდა პირველი და მეორე მოთხოვნებიდან) ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, გამოეყო საქმეს და განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად დაექვემდებარა ფოთის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა: ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების №... (27.04.2016) გადაწყვეტილების, ამავე სამსახურის მიერ მიღებული, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (30.05.2016) გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილების, ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: უძრავი ნივთის, მდებარე, ქ. ფოთი, ...ის ქ. №..., 34.39 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (დემონტირებული) მის ქვემოთ არსებულ ამავე ოდენობის მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალა ო. ნ-ას სახელზე, უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. ფოთი, ...ის ქ. №..., 34.39 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (დემონტირებული) დარეგისტრირება მის ქვემოთ არსებულ ამავე ოდენობის მიწის ნაკვეთის ფართით; სასარჩელო მოთხოვნები: სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ №1/4-1156 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/1537 მომართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, თვითმმართველი ქ. ფოთის საკრებულოს №11/73 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ №1/4-1155 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/4-1154 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №... მომართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. ნ-ამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ო. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა; ო. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 დეკემბრის №5007667918 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით დადგენილი, დაინტერესებული პირის ო. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/4 1156 ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ № ...) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 25 ნოემბრის №05/1537 მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისადმი ქ. ფოთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ; თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №11/73 განკარგულება თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციაზე და შპს „...ისათვის“ გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 დეკემბრის №...-06 გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს.კ ...) სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/41155 ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს №...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს.კ ...) სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/41154 ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ № ...) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 1 აპრილის №... მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისადმი ქ. ფოთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 აპრილის №...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს.კ. ...) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალების ხანძრის შედეგად განადგურების ფაქტის მიუხედავად, მხარეს უძრავ ქონებაზე იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გააჩნდა ქონების საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები. ო. ნ-ას მხრიდან მისი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრი ვალდებული იყო გადაეხედა და შეემოწმებინა უკვე განხორციელებული რეგისტრაციების მართლზომიერების საკითხი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და სს „...ამ“. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის თანახმად, 2016 წლის 02 მარტს ო. ნ-ს წარმომადგენელმა ლ. ა-ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს №... განცხადებით და მოითხოვა უძრავ ქონებაზე (1573.57 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის №...-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ზედდების არსებობის გამო. წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთი იჭრებოდა ორ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდზე (... და ...), თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ხუთ საკადასტრო კოდზე (...; ...; ...; ...; ...) რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 დეკემბრის დასკვნას და მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მიწის ნაკვეთის გაორიენტირება განხორციელდა არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, არამედ ო. ნ-ას მიერ კონკრეტული ტერიტორიის მითითებით. კასატორს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების (ს/კ ...; ...; ...) ბათილად ცნობის მიმართ არ დასტურდებოდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
კასატორის მითითებით, სადავო უძრავი ქონების პირველ შემძენს - გ. უ-ეს საკუთრების უფლება გააჩნდა არა მიწის ნაკვეთზე, არამედ მხოლოდ საცხოვრებელ სახლზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ცნობებით, მათ შორის, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1995 წლის 25 იანვრის სახლთმფლობელობის მოკლე დახასიათებით, რომელშიც არაფერი იყო მითითებული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამასთან, კასატორის შეფასებით, მხოლოდ ტექნიკური ინვენტარიზაციის/აღრიცხვის ბიუროს ცნობა ვერ იქნება გამოყენებული მიწის ნაკვეთზე გ. უ-ის და შემდგომ ო. ნ-ას საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად, ვინაიდან, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს 1999 წლის 21 იანვრის №7 ცნობა ვერ იქნება მიჩნეული მიწის ნაკვეთზე მოთხოვნის უფლების საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული სამმართველო 1996 წლიდან - 1997 წლის 28 ოქტომბრამდე მოქმედებდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც გ. უ-ეს არ გააჩნდა საკუთრების უფლება მიწის ნაკეთზე, ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნად მიწის ნაკვეთის მითითება ვერ წარმოშობდა ო. ნ-ას საკუთრების უფლებას. საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით კი კასატორი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის, როგორც საკუთრების ობიექტის განადგურებით, გამოირიცხა მასზე საკუთრების უფლების არსებობა.
კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, სახელმწიფოზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას არ დგინდებოდა კერძო პირთა საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების მონაცემებთან გადაფარვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, შეუძლებელია გ. უ-ესა და ო. ნ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ თავდაპირველ მესაკუთრეს - გ. უ-ეს უსასყიდოლოდ მიღებული აქვს მხოლოდ საცხოვრებელი სახლი - 34.39 კვ.მ., ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი მას საკუთრებაში არ მიუღია და ვერ მიიღებდა სამხედრო ნაწილისგან, რომელსაც არ გააჩნდა საკუთრებაში მიწის ნაკვეთი.
კასატორი - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №11/73 განკარგულება გამოცემული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 02 ნოემბრის №05/205 წერილის საფუძველზე, რომლითაც სამინისტრო ითხოვდა თანხმობის გაცემას თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე. საკრებულოს მიერ განხილულ იქნა წერილი, გამოკვლეული იქნა ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო საკუთრების უფლება რეგისტრირებული და გაცემულ იქნა თანხმობა, რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც არ მომხდარა ვინმესთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა ან მინიჭება. ამდენად, საკრებულოს განკარგულებით მოსარჩელეს არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.
კასატორი სს „...ა“ მიუთითებს, რომ გ. უ-ეს საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლი/ბინა და არა მიწის ნაკვეთი, შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იგი ვერ გადასცემდა საკუთრების უფლებას ო. ნ-ას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე გ. უ-ისა და შემდგომ ო. ნ-ას საკუთრების უფლება. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ სადავო/მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ დგინდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1994 წლის 25 მაისის განცხადებით გ. უგრეხელიძემ მოითხოვა ნებართვა ქ. ფოთში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სახლის პრივატიზაციაზე, რომელიც აშენებული იყო 1934 წელს და იყო ავარიულ მდგომარეობაში.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს №... სამხედრო ნაწილის 1994 წლის 01 ივნისის №48 მიმართვის შესაბამისად, გ. უ-ეს ნება დაერთო ქ. ფოთში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინის პრივატიზაციაზე.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს №... სამხედრო ნაწილის 1994 წლის 01 ივნისის №45 ცნობის შესაბამისად, გ. უ-ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ფოთში, ...ის ქ. №...-ში, ოროთახიანი ბინის 34.39 კვ.მ. ფართში. დოკუმენტს ხელს აწერდნენ №...-ის სამხედრო ნაწილის მეთაური მაიორი შ-ა და ამავე სამხედრო ნაწილის სახლმართველობის უფროსი ზ. ა-ა.
ნოტარიულად დამოწმებული 1994 წლის 9 ივნისის ხელშეკრულებით, ქალაქ ფოთის №... სამხედრო ნაწილის საბინაო განყოფილების წარმომადგენელმა, თანახმად 1994 წლის 07 ივნისის გაცემული №52 მინდობილობისა, უ-ე გ., მცხ. ქ. ფოთი, ...ის №...-ში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა საცხოვრებელი ბინა მდებარე - ქ. ფოთი, ...ის №...-ში. აღნიშნული ბინა იყო ორ ოთახიანი, საერთო ფართით: 34,39 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით: 22,79 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა ქალაქ ფოთის №... სამხედრო ნაწილს.
1994 წლის 14 ივნისის №661 ცნობით დასტურდება, რომ გ. უ-ეს პრივატიზებული ჰქონდა ოროთახიანი ბინა 34,39 ფართით, მდებარე: ქ. ფოთი, ...ის ქ. №...-ში.
ქ. ფოთის სანოტარო ბიუროში დაცული 1999 წლის 26 იანვრის ნასყიდობის საქმე №29-ზე დართული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1999 წლის 25 იანვრის №16 ცნობა-დახასიათებით გ. უ-ეს გააჩნდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი (,,9.06.1994 წლის სანოტარო ხელშეკრულება ბინის უსასყიდლოდ გადაცემაზე №..."). ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შედგენილი სახლმფლობელობის მოკლე დახასიათებაში ობიექტის სახელწოდებაში მითითებული იყო, ლიტერი ,,ა", ერთსართულიანი ხის საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა: ორი, სასარგებლო ფართი“: 47,41 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი: 34,39 კვ.მ. დამხმარე ფართი:13,02 კვ.მ. ასევე მითითებული იყო მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 1560 კვ.მ.
ქალაქ ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს 1999 წლის 21 იანვრის №7 ცნობით დასტურდება, რომ გ. უ-ეს, მცხოვრები: ქ. ფოთი, ...ის ქ. №..., გააჩნდა საკუთარი მიწის ნაკვეთი ფართით 1560.6 კვ.მ. ცნობა მიეცა ნოტარიუსთან წარსადგენად.
1999 წლის 26 იანვრის №29 ნასყიდობის სანოტარო საქმეზე თანდართული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად გ. უ-ემ ო. ნ-ას 4000 ლარად მიჰყიდა მთელი თავისი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით, მდებარე ქ. ფოთი, ...ის ქ. №...-ში. მთელი საცხოვრებელი სახლი შედგებოდა ერთსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლისაგან ორი ოთახით, საცხოვრებელი ფართით: 34,39 კვ.მ. დამხმარე ფართით: 13,02 კვ.მ. სულ ფართით: 47,41 კვ.მ., მიწის ნაკვეთი ფართით: 1560,6 კვ.მ. გ. უ-ეს საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით ეკუთვნოდა: ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ფოთის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან 1999 წლის 25 იანვარს გაცემული №16 ცნობის, 1994 წლის 09 ივნისის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების (რეესტრის ნომერი: ...) და ქ. ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს მიერ 1999 წლის 21 იანვარს გაცემული №7 ცნობის თანახმად.
2016 წლის 24 თებერვალს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, ქ. ფოთი, ...ის ქ. №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 1573.57 კვ.მ.
2016 წლის 02 მარტს ო. ნ-ას წარმომადგენელმა, ლ. ა-ემ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა №... განცხადება და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 1573.57 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სარეგისტრაციო განცხადებას განმცხადებელმა დაურთო 1999 წლის 26 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი (ნოტარიუსი - ბ-ა), ასლის დამოწმების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 28.01.2016 წ. მინდობილობის ასლი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 28.01.2016), საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ნასყიდობის ხელშეკრულება თანდართული დოკუმენტაციით (გაცემული ნოტარიუს ბ-ას მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 02.03.2016 წ.) და ლ. ა-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის №...-03 (09.03.2016 წ.) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდებით: ... და .... აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუსაზღვრა 30 დღიანი ვადა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარსადგენად; ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ხარვეზი დადგენილ იქნა მხოლოდ საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების და არა იმის გამო, რომ ო. ნ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები არ იყო რელევანტური და საკმარისი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის №...-04 (11.04.2016 წ.) გადაწყვეტილებით, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
ო. ნ-ას წარმომადგენელმა 2016 წლის 22 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა №...-03 (09.03.2016) და №...-04 (11.04.2016) გადაწყვეტილებები. საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ო. ნ-ას წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ...ის ქ. №...-ში, ო. ნ-ას სახელზე დარეგისტრირება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილების თანახმად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ნ-ას წარმომადგენლის ლ. ა-ის 2016 წლის 22 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის №...-03 (09.03.2016წ.) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №...-04 (11.04.2016წ.) გადაწყვეტილებები, ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო წარმოებაზე საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად შესწავლა, გამოკვლევა, ურთიერთშეჯერება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება ამ აქტის სამართლებრივი დასაბუთების, 2.7. პუნქტში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით.
2016 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და 2016 წლის 27 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ №... (27.04.2016) გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე დართული დოკუმენტაციით უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის იდენტიფიკაცია შეუძლებელი იყო, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი იყო შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით, დაინტერესებულ პირს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად. აგრეთვე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო უკვე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან (საკადასტრო კოდები: ... და ...).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 მაისის №... წერილით ო. ნ-ას წარმომადგენელს ეცნობა, რომ 2016 წლის 02 მარტს წარმოდგენილი №... განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის იდენტიფიკაცია შეუძლებელი იყო, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით, დაინტერესებულ პირს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად, ასევე მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი ზედდებაში იყო უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან.
2016 წლის 30 მაისს, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
2016 წლის 24 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ო. ნ-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ემ და მოითხოვა წარმოების შეჩერების შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (27.04.2016 წ.), სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (30.05.2016 წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ო. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2016 წლის 24 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. სააგენტომ აღნიშნა, რომ №... ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ერთხელ უკვე იმსჯელა საქმის გარემოებებზე და მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 2016 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილება. ამასთან, №... სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი არ ყოფილა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას. ასეთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა არც №... ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში.
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 01 აპრილის №... წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ფოთში, ...ის ზონაში საკადასტრო აზომვით ნაზაზზე მითითებული 3514 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით.
რეგისტრაციის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის №...-03 (08.04.2010) გადაწყვეტილებით, ქალაქ ფოთში, ...ის ზონაში მდებარე 3517 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 01 აპრილის №... მიმართვა.
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 17 მაისის №1-3/346 ბრძანების 1.18 პუნქტის შესაბამისად უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: ..., შეტანილ იქნა სს ,,...ის“ საწესდებო კაპიტალში.
საჯარო რეესტრის 2010 წლის 02 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: ..., სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 17 მაისის №1-3/346 ბრძანების 1.18 პუნქტის საფუძველზე დარეგისტრირდა სს ,,...ის“ (ს/ნ ...) საკუთრებაში.
საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 08 ოქტომბრის №... ამონაწერის შესაბამისად, ქ. ფოთში, ...ის ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრე იყო სს ,,...ა".
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №11/73 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცა თანხმობა სახელმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა და შპს ,,...ისთვის'' გადაეცა, თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები (378 კვ.მ, 1397 კვ.მ, 442 კვ.მ, 981 კვ.მ, 719 კვ.მ) თანახმად, თანდართული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ელექტრონული ვერსიისა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 25 ნოემბრის №05/1537 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ფოთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირებისა და ამონაწერების გაცემის მოთხოვნით.
2010 წლის 02 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგსიტრაციის ნომერი: ...), ქ. ფოთში მდებარე 442 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: ..., მესაკუთრე იყო სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 25.11.2010 წ. №05/1537 მიმართვა.
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 09 დეკემბრის №1-3/1080 ბრძანების შესაბამისად, შპს „...ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ..., ფართობი: 442 კვ.მ; 2010 წლის 23 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: ...), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ..., ფართობი 442 კვ.მ.) მესაკუთრე იყო შპს ,,...ა“.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/4-1155 ბრძანების თანახმად, სააგენტომ მოითხოვა უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3056 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი).
2016 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად (განაცხადის ნომერი: ...), ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3056 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრე იყო სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/4-1155 ბრძანება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/4-1156 ბრძანების თანახმად, სააგენტომ მოითხოვა უძრავ ნივთზე (ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2942 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 24 აგვისტოს №... და 2017 წლის 29 სექტემბრის №... ამონაწერების თანახმად, ქ. ფოთში, ალექსანდრე ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2942 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრე იყო სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/4-1156 ბრძანება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/4-1154 ბრძანების თანახმად, სააგენტომ მოითხოვა უძრავ ნივთზე (ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12496 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 24 აგვისტოს № ... და 2017 წლის 29 სექტემბრის №... ამონაწერების თანახმად, ქ.ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12496 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრე იყო სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №1/4-1154 ბრძანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებული ადგილზე დათვალიერებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე სახლის ადგილას არსებობდა მხოლოდ ორი ქვა, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო ხის ნაგებობის დასაყრდენი. აღნიშნული ნაგებობა დაშლილ და გატანილ იქნა მოსარჩელე ო. ნ-ას მიერ, რომლის ანალოგი იმ დროისთვის განთავსებული იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 დეკემბრის №5007667918 დასკვნის თანახმად, საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ წარდგენილ ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი, ემთხვეოდა ექსპერტიზის მიერ გაორიენტირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას. ექსპერტზის მიერ გაორიენტირებული 1560.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სავარაუდო მდებარეობა ზედდებას ახდენდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ შემდეგ მიწის ნაკვეთებთან: ს.კ. ... (მესაკუთრე სახელმწიფო) 11.6 კვ.მ-ზე; ს.კ. ... (მესაკუთრე შპს ,,...ა") 8.13 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე სახელმწიფო) 1.68 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე შ. ნ-ა) 112,40 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე სახელმწიფო) 15.95 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე სს „...ა“) 600.59 კვ.მ-ზე; №661 ცნობაში მითითებული მისამართი (ქ.ფოთი, ...ის ქ. №...) შეესაბამებოდა ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ტერიტორიის სავარაუდო მისამართს. საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ (წარმოების ნომერი ...) წარდგენილ ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი, ძირითადად შეესაბამებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ფოთის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივი დამწვარია, ამდენად, ვერ ხერხდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტის გამოთხოვა და მოძიება. ასეთ პირობებში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთიანობაში შეფასებას და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორ გადანაწილებას.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ფოთის სანოტარო ბიუროში დაცული 1999 წლის 26 იანვრის ნასყიდობის საქმე №29-ზე დართული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1999 წლის 25 იანვრის №16 ცნობა-დახასიათებით გ. უ-ეს გააჩნდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი (,,9.06.1994 წლის სანოტარო ხელშეკრულება ბინის უსასყიდლოდ გადაცემაზე №..."). ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შედგენილი სახლმფლობელობის მოკლე დახასიათებაში ობიექტის სახელწოდებაში მითითებული იყო, ლიტერი ,,ა", ერთსართულიანი ხის საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა: ორი, სასარგებლო ფართი“: 47,41 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი: 34,39 კვ.მ. დამხმარე ფართი:13,02 კვ.მ. ასევე მითითებული იყო მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 1560 კვ.მ. ამასთან, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დადასტურებული იყო ქ. ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს 1999 წლის 21 იანვრის №7 ცნობით. ამასთან, 1999 წლის 26 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გ. უ-ემ ო. ნ-ას მიჰყიდა სახლი მიწის ნაკვეთით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (24/07/1997 - 19/02/1999 მოქმედი რედაქცია) 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეეძლო როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. საბუთში ზუსტად უნდა აღნიშნულიყო უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი.
სადავო პერიოდში მოქმედი, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია იყო საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელი ნაწილი და შეიცავდა აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. იმავე მუხლის მე-5 პუნქტში კი ერთმნიშვნელოვნად და არაორაზროვნად იყო აღნიშნული, რომ მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერის წარმოების ერთიანი სისტემით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 10.01.1998 წ. №2-5 ბრძანების თანახმად, საქართველოში საჯარო რეესტრი ამოქმედდა 1998 წლის 10 იანვრიდან. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მიწის ნაკვეთსა და სხვა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის თანახმად ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით არსებული საჯარო რეესტრი. საჯარო რეესტრის პარალელურად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გამგებლობის სფეროში არსებობდა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული ორგანოები. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: 2007 წლის 19 სექტემბრის №ბს-238-226(კ-07) და 2021 წლის 27 აპრილის №ბს-236(კ-19)).
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების“ (ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №372 1999 წლის 17 ივნისი) II.7.დ მუხლის თანახმად, დეპარტამენტის ამოცანა იყო მიწის სახელმწიფო კადასტრი, მიწის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში), მონიტორინგი, მიწის შეფასება, შესაბამისი ნორმატიული და მეთოდური მასალების მომზადება, ქალაქმთმშენებლობის კადასტრის შემუშავებაში მონაწილეობა. ამავე დებულების III.8.დ. მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია იყო საჯარო რეესტრის (საადგილმამულო წიგნის) წარმოება, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მიწის სახელმწიფო კადასტრის რეგისტრაციის, მონიტორინგის, მიწათმოწყობის, მიწის შეფასებისა და მიწის რეფორმის სამუშაოთა ორგანიზაცია. ამავე დულების XII.7 მუხლის თანახმად კი, დეპარტამენტის ტერიტორიულ ქვედანაყოფსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციას წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მიწის მართვის საკორდინაციო საბჭოს (ქ. ზუგდიდი) - ფოთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს 1999 წლის 21 იანვრის №7 ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გ. უ-ეს, მცხოვრები: ქ. ფოთი, ...ის ქ. №..., გააჩნდა საკუთარი მიწის ნაკვეთი ფართით 1560.6 კვ.მ. წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს 1999 წლის 21 იანვრის №7 ცნობა წარმოადგენს ძალაში მყოფ სამართლებრივ დოკუმენტს, რომლის უკანონობა მხარეთა მიერ კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სამმართველოს უფროსის, გ. დ-ას მიერ ხელმოწერილი ცნობის ბლანკზე/ბეჭედზე მითითებულია ქ. ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველო, ნაცვლად - ფოთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსი, ვერ ჩაითვლება ცნობაში მითითებული მონაცემების სისწორეში ეჭვის შეტანის საკმარის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას, იმის შესახებ, რომ უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს - გ. უ-ეს საკუთრების უფლებით ერიცხებოდა მხოლოდ საცხოვრებელი ბინა და ამის გამო, ვერ მოახდენდა საცხოვრებელ სახლთან ერთად, მიწის ნაკვეთის გასხვისებას. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, მიუთითებს, რომ გ. უ-ესა და ო. ნ-ას შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, დაცულ იქნა იმ პერიოდისთვის უძრავი ქონების ნასყიდობის მიმართ მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნები, ნოტარიუსის მიერ კანონით დადგენილი წესით შეფასდა გ. უ-ის საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლსა (1994 წლის 09 ივნისის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება) და მიწის ნაკვეთზე (ქ. ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს ცნობა). შესაბამისად, ო. ნ-ას, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის მიერ, დაცულ იქნა წინდახედულობისა და გულისხმიერების მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში არსებული პოზიტიური ვალდებულებების კუთხით, სასამართლო ხაზს უსვამს ,,კარგი მმართველობის” პრინციპის პრაქტიკულ მნიშვნელობას, რაც მოითხოვს, რომ როდესაც საზოგადო ინტერესის საგანი არის სასწორზე, კერძოდ, როდესაც ზიანი ადგება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა იმოქმედონ დროულად, შესაბამისი და, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრული ფორმით (Beyeler v. Italy [დიდი პალატა], § 120; Megadat.com SRL v. Moldova, § 72; Rysovskyy v. Ukraine, § 71; Moskal v. Poland, § 72; Maria Mihalache v. Romania, § 70) კერძოდ, საჯარო ხელისუფლების ვალდებულებაა, განახორციელონ შიდა პროცედურები, რომლებიც აძლიერებენ მათი მოქმედებების გამჭვირვალობასა და სიცხადეს, მინიმუმამდე დაჰყავთ შეცდომების რისკი (იხ, Lelas v. Croatia, № 55555/08, § 74, 20.05.2010, და Toşcuţă and others v. Romania, no. 36900/03, § 37, 25.11.2008) და ხელი შეუწყოს სამოქალაქო ტრანზაქციების სამართლებრივ სიცხადეს, სტაბილურობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ქონებრივ ინტერესებზე (იხ. Öneryıldız საქმე, § 128, და Beyeler საქმე, § 119).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფოთის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივი დამწვარია და არ არის შემონახული სრულყოფილი მონაცემები, არსებული მტკიცებულებებითა და დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა გ. უ-ეს და შემდგომში, 1999 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - მოსარჩელე ო. ნ-ას, რაც გამორიცხავდა უძრავ ნივთზე სხვა პირთა, მათ შორის, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც განხორციელებული რეგისტრაციების და მათი სამართლებრივი საფუძვლების (მიმართვები) ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებულ ადგილზე დათვალიერების ოქმზე, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთზე სახლის ადგილას არსებობს მხოლოდ ორი ქვა, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო ხის ნაგებობის დასაყრდენი. აღნიშნული ნაგებობა დაშლილ და გატანილ იქნა მოსარჩელე ო. ნ-ას მიერ, რომლის ანალოგი ამჟამადაც არის განთავსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე.
ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 დეკემბრის №5007667918 დასკვნის თანახმად, საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ წარდგენილ ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი, ემთხვევა ექსპერტიზის მიერ გაორიენტირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას. ექსპერტზის მიერ გაორიენტირებული 1560.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სავარაუდო მდებარეობა ზედდებას ახდენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ შემდეგ მიწის ნაკვეთებთან: ს.კ. ... (მესაკუთრე სახელმწიფო) 11.6 კვ.მ-ზე; ს.კ. ... (მესაკუთრე შპს ,,...ა") 8.13 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე სახელმწიფო) 1.68 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე შ. ნ-ა) 112,40 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე სახელმწიფო) 15.95 კვ.მ-ზე; ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე სს „...ა“) 600.59 კვ.მ-ზე; №661 ცნობაში მითითებული მისამართი (ქ.ფოთი, ...ის ქ. №...) შეესაბამება ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ტერიტორიის სავარაუდო მისამართს. საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ (წარმოების ნომერი ...) წარდგენილ ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი, ძირითადად შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულების გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს.
ამდენად, იმ ფონზე, როდესაც ო. ნ-ას საკუთრების უფლება დადასტურებულია სადავო მიწის ნაკვეთზე და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა რაიმე მტკიცებულება, მიწის ნაკვეთის განსხვავებული ადგილმდებარეობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას აღნიშნული მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე