საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-516(3კ-20) 24 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ლ-ისა და ნა. ლ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ნა. ლ-ის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. გ-ე; მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - შპს „...ა“).
2016 წლის 1 ივნისს ი. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანების, 2015 წლის 9 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ლ-ე და შპს „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1423 ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის №15044110/100454 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, შპს ,,...ამ“, ნ. ლ-ემ და ნა. ლ-ემ.
საქმის მასალების თანახმად, საკასაციო საჩივრის ავტორი ნა. ლ-ე წარმოადგენდა შპს ,,...ას“ დირექტორს 2020 წლის 16 იანვრამდე; ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2020 წლის 16 იანვრიდან შპს „...ას“ დირექტორად ფიქსირდება ა. ბ-ა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ისა და ნა. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნა. ლ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნა. ლ-ე მოცემულ სამართალწარმოებაში არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს, ხოლო ის ფაქტი, რომ იგი იყო განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩამბული შპს „...ას" დირექტორი და ასევე არის მესამე პირის - ნ. ლ-ის შვილი, არ წარმოშობს და განსაზღვრავს მის იურიდიულ ინტერესსა და შემხებლობას განსახილველი საქმის მიმართ. შესაბამისად, მის მიერ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაც მის, როგორც ფიზიკური პირის ინტერესებს არ შეხებია.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ნა. ლ-ე საკასაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის აღარ წარმოადგენდა საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმული შპს „...ას“ დირექტორს; 2020 წლის 16 იანვრიდან შპს ,,...ას“ ჰყავს ახალი დირექტორი, რომლის მიერ მინდობილმა პირებმაც გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნა. ლ-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, არ არის უფლებამოსილი, საკასაციო საჩივარი შეიტანოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნ. ლ-ისა და ნა. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნა. ლ-ის ნაწილში, დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად დარჩეს ნ. ლ-ისა და ნა. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნა. ლ-ის ნაწილში;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე